ახალი ტექნოლოგია "გონების თვალით" დანახული სურათების ამოცნობის საშუალებას იძლევა
იაპონიაში მდებარე ოსაკას უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ახალი ტექნოლოგიის მეშვეობით შეძლეს ამოეცნოთ, რას ხედავდნენ ადამიანები "გონების თვალით".
ინოვაციური მეთოდი მათ ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებზე გამოცადეს, რომელთაც ტვინში ელექტროდები ისედაც ჰქონდათ ჩანერგილი. სპეციალისტებმა თითოეული ინდივიდის ნერვულ სისტემაში წარმოქმნილი იმპულსები ელექტროკორტიკოგრამული მოწყობილობის საშუალებით დააფიქსირეს. მათ კომპიუტერის ეკრანზე ნაჩვენები სურათისთვის უნდა ეყურებინათ და პარალელურად სხვადასხვა კატეგორიაში შემავალი, დამოუკიდებელი გამოსახულება წარმოედგინათ, მაგალითად, ლანდშაფტთან დაკავშირებული.
ელექტროკორტიკოგრამმა მკვლევრებს საშუალება მისცა, რომ ექსპერიმენტის მსვლელობისას ტვინის ელექტრულ აქტივობას რეალურ დროში დაჰკვირვებოდნენ, რათა გამოევლინათ, რას წარმოიდგენდა ცდისპირი იმისგან განსხვავებულს, რასაც მონიტორზე უმზერდა.
"ცნობილია, რომ ყურადღება აღქმული სურათების ნერვული ანალოგის მოდულირებას უწყობს ხელს. თუმცა, არ ვიცოდით, იგივე მოხდებოდა თუ არა სხვა რამის წარმოდგენის შემთხვევაშიც", — აცხადებენ მეცნიერები.
ამის გასაგებად, გამოცემაში Communications Biology გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა კვლევა ჩაატარეს და შედეგად რეალური და წარმოსახვითი სურათების შესაბამისი იმპულსები ერთმანეთისგან მაღალი სიზუსტით გამიჯნეს.
ახალი ტექნოლოგიით შესაძლოა, პარალიზებული ადამიანებისთვის საკომუნიკაციო მოწყობილობები შეიქმნას, რომელთა გასაკონტროლებლადაც მათ მოძრაობა არ დასჭირდებათ.
კომენტარები