"წითელი დრაკონის" ფაქტორი: რა როლს აირჩევს ჩინეთი უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით?
ჩინეთი ყოველთვის ამბობდა, რომ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში არ ერევა. თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მესამე კვირას ნეიტრალიტეტის შენარჩუნება მისთვის სულ უფრო რთული ხდება.
13 მარტს საერთაშორისო მედიებმა აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობაში დახმარება და ომში მხარდაჭერა სთხოვა. ჩინეთმა ეს ცნობა უარყო. თუმცა Financial Times-ის ცნობით, აშშ-მ პარტნიორებს შეატყობინა, რომ ჩინეთმა რუსეთის თხოვნის შემდეგ ომში სამხედრო აღჭურვილობით, მათ შორის, საჰაერო რაკეტებით დახმარების გაწევაზე გარკვეული ღიაობა გამოხატა.
ამ მოვლენების ფონზე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ჩინეთის მომდევნო ნაბიჯზეა მიპყრობილი. ამ ნაბიჯის პროგნოზირებაში შეიძლება იმ გადაწყვეტილებებისთვის თვალის შევლება დაგვეხმაროს, რომელიც ქვეყანამ რუსეთსა და უკრაინასთან მიმართებით თებერვლიდან მოყოლებული დღემდე მიიღო.
4 თებერვალს ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა გამოაცხადა, რომ პეკინის რუსეთთან ახლახან გამყარებულ თანამშრომლობას "საზღვრები არ ჰქონდა".
ის და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს პეკინში შეხვდნენ, სადაც ხელი ერთობლივ დოკუმენტს მოაწერეს, შემდეგ კი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნას დაესწრნენ. თამაშების დასრულებიდან რამდენიმე დღეში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
ოფიციალურ ჩინეთს არც მოუწონებია და არც დაუგმია უკრაინაზე თავდასხმა და მომხდარისთვის შეჭრაც კი არ უწოდებია. ჩინეთის ხელისუფლებას აქამდე არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩაურევლობა მათი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრინციპია.
თუმცა მარტის პირველ რიცხვებში ჩინეთის საგარეო მინისტრმა, ვან იმ განაცხადა, რომ ჩინეთი მზად იყო, მხარეებს შორის მედიატორის როლი ეთამაშა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მან "დაადასტურა ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ" და დაარწმუნა თავისი უკრაინელი კოლეგა ჩინეთის მზადყოფნაში, გააკეთოს ყველაფერი ომის დასამთავრებლად... დიპლომატიის გზით".
გარდა ამისა, ჩინეთის მთავრობამ სამხედრო მოქმედებების გამო "სინანულიც" გამოხატა და აღნიშნა, რომ ისინი მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე "ძლიერ წუხან".
ჩინეთმა კიდევ ერთი ყურადსაღები რამ გააკეთა. ინდოეთთან ერთად, ის ერთ-ერთი იყო იმ 34 ქვეყანას შორის, რომლებმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის დამგმობ გაეროს რეზოლუციაზე ხელის მოწერისგან თავი შეიკავეს. მრავალი ანალიტიკოსისთვის ჩინეთის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. ბევრი ჩინეთისგან ელოდა, რომ ის, რუსეთის მსგავსად, რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემდა ხმას.
იყო ეს ჩინეთის პოლიტიკაში ცვლილების ნიშანი?
სავარაუდოდ, ეს უფრო იმის მანიშნებელია, რომ ჩინეთი უკრაინის სუვერენიტეტისათვის პატივისცემასა და რუსეთის "უსაფრთხოებაზე ლეგიტიმური წუხილის" აღიარებას შორის ბალანსის პოვნას ცდილობს.
თუ გადავხედავთ პუტინისა და სი ძინპინის მიერ "თანამშრომლობის გაღრმავების" შესახებ ხელმოწერილ 5,000-სიტყვიან დოკუმენტს, ვნახავთ, რომ მათ, უპირველეს ყოვლისა, ნატოს გაფართოებისადმი წინააღმდეგობა აერთიანებთ. თუმცა, ამის გარდა, შეთანხმება ეხებოდა სხვა ისეთ სფეროებსაც, როგორიც კოსმოსში, არქტიკაში და COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით თანამშრომლობაა.
ეს მომავლის მათი საერთო ხედვაა, სადაც ჩინეთი და რუსეთი ორივე მხარის სასარგებლოდ ერთად უფრო მჭიდროდ მუშაობენ.
ფუნდამენტური განსხვავებები... და მსგავსებები
შემდეგი მთავარი ფაქტორი, რატომაც ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთსა და ვლადიმერ პუტინს (ან ყოყმანობს, დაგმოს რუსეთის მიერ დაწყებული ომი — გააჩნია, როგორ აფასებთ მის პოზიციას) — ტაივანია.
პრეზიდენტ სი ძინპინს სურს, თვითმმართველი კუნძული თავის ქვეყანას "დაუბრუნოს". თუ ის ამას სამხედრო ძალით განახორციელებს, იმავე (ან, რაც უფრო სავარაუდოა, უფრო მძაფრ) რეაქციას მიიღებს აშშ-სა და მისი მოკავშირეებისაგან — იქნება ეს დაგმობა, გამკაცრებული სანქციები თუ კულტურული მოკვეთა.
ტაივანი უკრაინა არ არის. სხვა თუ არაფერი, მათი იურიდიული სტატუსი ერთმანეთისაგან განსხვავებულია.
თუმცა რუსეთის "უსაფრთხოებაზე ლეგიტიმური წუხილის" გამოხატვით და "კომპლექსური და უნიკალური ისტორიული კონტექსტის" მომიზეზებით სუვერენიტეტის პატივისცემის ძირითადი პრინციპის უგულებელყოფით, ჩინეთის ლიდერი, დიდი ალბათობით, ნიადაგს ამზადებს მომავლისთვის, რომელშიც შეეძლება, ტაივანში შეჭრა გაამართლოს და რუსეთის საპასუხო მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.
ასევე გასათვალისწინებელია პუტინისა და სი ძინპინის პირადი ურთიერთობა. ისინი ერთმანეთს პირისპირ დაახლოებით 40-ჯერ შეხვედრიან.
როცა პუტინი გასულ თვეში ზამთრის თამაშებს დაესწრო, ის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო, რომელიც ჩინეთს COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ ეწვია.
ორივე მათგანი ავტოკრატი ლიდერია, რომლებიც იზიარებენ ამბიციას, შექმნან უფრო მჭიდრო კავშირი საკუთარ ხალხებსა და ქვეყნებს შორის. სი ძინპინის მიზანია, ჩინეთი — თავისი უმსხვილესი ეკონომიკით — საკუთარ თავზე მეტად დამოკიდებული გახადოს. ეს იმ გლობალური კავშირების შესუსტებას მოიაზრებს, რომლებისგანაც ქვეყანა მნიშვნელოვან სარგებელს იღებს.
მაგრამ რუსეთთან ახალი, "საზღვრების არმქონე" პარტნიორობა არაა აუცილებელი, რომ აშშ-საგან, მისი მოკავშირეებისა და არსებული მსოფლიო წესრიგისგან გარდაუვალ ჩამოშორებას ნიშნავდეს.
ეს ხომ ის მსოფლიო წესრიგია, რომლის გასამყარებლადაც ბოლო წლებში ჩინეთი უფრო და უფრო მეტს აკეთებდა — იქნებოდა ეს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა თუ მშვიდობის შენარჩუნებისთვის გარჯა.
ასევე გასათვალისწინებელია პოლიტიკაც: არა საარჩევნო პოლიტიკა, არამედ ომში ჩართულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პოლიტიკა.
ჩინეთი აკონტროლებს, რას ხედავს და კითხულობს მისი მოსახლეობა. მაგრამ ომი, რომელიც მთელი თავისი საშინელებით დოკუმენტირდება სოციალურ მედიაში, შეიძლება, ის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდეს, რომელიც რუსეთთან მიმართებისას პეკინმა მხედველობაში უნდა მიიღოს.
შესაძლოა, სი ძინპინმა და მისმა გარემოცვამ თქვან, რომ რეალურად არსებობს ზღვარი ამ ურთიერთობაში და რომ დროა, უკან დაიხიონ ან პირიქით, ნაბიჯი წინ გადადგან და ომში მედიატორის როლი ითამაშონ — როლი, რომელზეც უკრაინას უთხრეს, რომ მზად იყვნენ მოერგოთ, მაგრამ საამისოდ ჯერ არაფერი გაუკეთებიათ.
კომენტარები