CRRC-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების განწყობებს შეისწავლის, გამოკითხული მოსახლეობის 61% ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინის მთავრობას მხარი მეტად უნდა დაუჭიროს. 32% მიიჩნევს, რომ მთავრობა მხარს საკმარისად უჭერს, 2%-ის აზრით კი, ნაკლებად უნდა დაუჭიროს.

ფოტო: CRRC

ამასთან, გამოკითხული მოსახლეობის 39% ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთისთვის დაწესებულ ყველა სანქციას უნდა შეუერთდეს. სხვა შედეგები ასე გადანაწილდა:

  • ზოგიერთ დაწესებულ სანქციას უნდა შეუერთდეს — 27%
  • საერთოდ არ უნდა შეუერთდეს — 19%;
  • არ ვიცი — 14%;
  • უარი პასუხზე — 1%

ფოტო: CRRC

გარდა ამისა, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელ მოქმედებებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, მხოლოდ 7% ამბობს ძალიან კარგად, 34% — კარგად, 24% — ცუდად, 15% — ძალიან ცუდად. გამოკითხულთა 17% კი ამბობს, რომ არ იცის, ხოლო 3% უარს აცხადებს პასუხზე.

სალომე ზურაბიშვილის მოქმედებებს ძალიან კარგად, ასევე, 7% აფასებს, კარგად — 57%, ცუდად — 11%, ძალიან ცუდად — 4%, არ იცის 19%-მა, ხოლო 2% უარს ამბობს პასუხზე.

ფოტო: CRRC

რაც შეეხება შეფასებებს პარტიის მხარდაჭერის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელ ქმედებებს ქართული ოცნების მხარდამჭერთა 55% აფასებს კარგად, ცუდად მხოლოდ 10%. ამასთან, ოპოზიციის მხარდამჭერთა 26% მას ცუდად აფასებს, 29% კი — ძალიან ცუდად, 27% — კარგად, 5% — ძალიან კარგად.

ზურაბიშვილის ქმედებებს კი მმართველი პარტიის მხარდამჭერებიდან გამოკითხულთა 62% აფასებს კარგად, ხოლო ოპოზიციის მხარდამჭერებიდან 56%.

ფოტო: CRRC

ახალი გამოკითხვის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის, 85%-სთვის სრულად მისაღებია, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდოს. 79% სრულად მისაღებად მიიჩნევს დროებით უკრაინელი ლტოლვილების მიღებას, ხოლო 69% უკრაინის ფინანსურად დახმარებას.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 42%-სთვის სრულად მისაღებია, რომ მთავრობამ უკრაინაში წასასვლელად მოხალისეებს ნება დართოს. 24% ამბობს, რომ ეს უფრო მისაღებია, ვიდრე მიუღებელი, 11%-ის აზრით, უფრო მიუღებელი, ვიდრე მისაღები, ხოლო 12%-სთვის სრულიად მიუღებელი.

მოსახლეობის 31% ამბობს, რომ სრულიად მისაღებია, მთავრობამ უკრაინას იარაღი და საბრძოლო ტექნიკა მიაწოდოს, 22%-ის თქმით, უფრო მისაღებია, ვიდრე მიუღებელია, 14%-ის აზრით, უფრო მიუღებელი, ვიდრე მისაღები, ხოლო 16%-ის განცხადებით, სრულიად მიუღებელი.

ფოტო: CRRC

კითხვაზე, რამდენად უჭერთ ან არ უჭერთ მხარს იმას, რომ ევროკავშირმა უკრაინას/საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს, შედეგები ასე ნაწილდება:

  • სრულიად უჭერს მხარს — 66% (უკრაინას), 61% (საქართველოს);
  • ძირითადად უჭერს მხარს — 14% (უკრაინას), 17% (საქართველოს);
  • ნაწილობრივ უჭერს მხარს, ნაწილობრივ არა — 3% (უკრაინას), 4% (საქართველოს).

ფოტო: CRRC

რაც შეეხება კითხვას, თუ ვინ არის ყველაზე მეტად პასუხისმგებელი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში, 43% რუსეთის ფედერაციას ასახელებს, ხოლო 37% პირადად ვლადიმერ პუტინს. 3% პასუხობს, რომ აშშ, 1% პირადად ვოლოდიმირ ზელენსკის ასახელებს.

ფოტო: CRRC

რუსეთის მხრიდან ომის მიზეზებთან დაკავშირებით კითხვაზე კი, სადაც რესპონდენტებს მაქსიმუმ ორი პასუხის დასახელება შეეძლოთ, გამოკითხულთა 34% ტერიტორიების გაზრდას/დაპყრობას ასახელებს, 25% — უკრაინის დაპყრობას, 20% — საბჭოთა კავშირის აღდგენას, 17%-ის აზრით კი, ამის მიზეზი უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლა იყო.

ფოტო: CRRC

კითხვა ასევე ეხებოდა დამატებით სანქციებს. კერძოდ, გამოკითხულთა სრული უმრავლესობა, 71% ამბობს, რომ ეს სანქციები კიდევ უნდა გამკაცრდეს, 10%-ის თქმით, უნდა დარჩეს ახლანდელ დონეზე, 4%-ის აზრით, უნდა შემსუბუქდეს, 3% ამბობს, რომ რუსეთს საერთოდ უნდა გაუუქმდეს სანქციები, ხოლო 11% აცხადებს, რომ არ იცის.

გამოკითხვა ჩატარდა ტელეფონით, ნომრების შემთხვევითი გენერირების გზით. მასში მონაწილეობა 18-დან 90 წლამდე ასაკის 1 092 რესპონდენტმა მიიღო. გამოკითხვის ცდომილება 2,96%-ს წარმოადგენს, გამოპასუხების დონე კი 24% იყო. გამოკითხვა ჩატარდა 2022 წლის 7-დან 10 მარტამდე პერიოდში. CRRC-საქართველომ გამოკითხვა თავად დააფინანსა.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.