პირველი წუთი დაცემულ ჯარისკაცებს, მეორე უკრაინელ ხალხს, მესამე ევროპელებს — რა თქვა ზელენსკიმ
"მე სამი წუთი მაქვს ჩემი მიმართვისთვის" — თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, როცა თბილისსა და სხვა ქალაქებში შეკრებილებს მიმართავდა. პირველი წუთი მან დაღუპულ ჯარისკაცებს დაუთმო, მეორე მოქალაქეებს, რომლებმაც თავი შესწირეს დამოუკიდებლობას, მესამე ევროპელ ხალხს, რომლებსაც მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ამ ჟესტით მიესალმა ის შეკრებილებს, რომლებიც უწყვეტად სკანდირებდნენ "დიდება უკრაინას" და მის სახელს. საუბრის დაწყების შემდეგ, მან 2-ჯერ წუთიერი დუმილით მიაგო პატივი უკრაინაში დაღუპულებს.
ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინელები იცავენ თავის სახლებს, ერთმანეთს, ქვეყანას, ევროპას და ახლანდელმა რეალობამ ჯარისკაცების მისალმება, ჩვეულებრივ გამარჯობად აქცია. მანვე აღნიშნა ისიც, რომ ქვეყანას რუსული აგრესიისგან "მთელი არსებით" იცავენ.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ახლა ყველა ჯარისკაცია — ზოგი იარაღით იბრძვის, ზოგი ექიმია და სწორედ ეს არის უკრაინის გული და ამით უპირისპირდებიან მტერს.
3 წუთი
"მე სამი წუთი მაქვს ჩემი მიმართვისთვის. ეს პირველი წუთი მინდა დავუთმო მათ, ვინც დაეცნენ მტერთან ბრძოლაში, ჩვენს ჯარისკაცებს, ვინც იბრძოდა მეხანძრეთა რაზმებში, ვინც მუშაობდა როგორც პილოტი, ისინი, ვინც ჩვენს ქვეყანას იცავდნენ და საკუთარი სიცოცხლე შესწირეს მას. მოდით ქედი მოვიხაროთ მათი ხსოვნის წინაშე.
მეორე წუთი მინდა ჩვენს მოქალაქეებს დავუთმო, ეს არის ასეულობით და ათეულობით ადამიანი, მოქალაქეები, ბავშვები, რომლებმაც თავები შესწირეს საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას. წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას.
მესამე წუთს გითმობთ თქვენ, ევროპელ ხალხს. მინდა გითხრათ, რომ ნუ იქნებით ჩუმად, გამოდით ქუჩაში, მხარი დაუჭირეთ უკრაინას, ჩვენს ბრძოლას, რადგან თუ უკრაინა მტკიცედ ვერ დადგება, ევროპაც ვერ იდგება. თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა. გთხოვთ, ნუ იქნებით ჩუმად, ნუ აიფარებთ თვალებზე ხელებს, გამოდით გარეთ და მხარი დაუჭირეთ უკრაინას, როგორც შეგიძლიათ", — განაცხადა ზელენსკიმ.
მანვე აღნიშნა, რომ თუ ამ ომს მოიგებენ და სჯერა, რომ ასეც იქნება, ეს გამარჯვება იქნება სრულიად დემოკრატიული სამყაროსთვის.
"ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, ეს იქნება გამარჯვება სინათლისა სიბნელეზე, თავისუფლებისა მონობაზე და თუ ჩვენ მოვიგებთ, გავხდებით ისეთივე გაბრწყინებული როგორიც ევროპაა, ევროპა კი აყვავდება ისე, როგორც არასდროს. დიდება უკრაინას", — განაცხადა მან და გამოსვლა მადლობით დაასრულა:
ამის შემდეგ აქციაზე ვიდეომიმართვით წარსდგა საქართველოს პრეზიდენტიც, რომელმაც ზელენსკის თანადგომა გამოუცხადა მისი და ქართველი ხალხის სახელით. ზურაბიშვილმა თქვა, რომ აქციაზე მყოფები არიან ის ხალხი, რომელიც დღეს საქართველოს ღირსებას წარმოადგენს და მათ ამისთვის მადლობა გადაუხადა.
"მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს — ვდგავარ პრეზიდენტ ზელენსკის გვერდში და უკრაინის გვერდში. ეს არის ჩვენი კულტურისა და ტრადიციის ღირსება, ქართველი ხალხის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის!" — განაცხადა მან.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
კომენტარები