პატარკაციშვილების ოჯახმა დიდუბეში მდებარე ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორია გაყიდა. ამის შესახებ bm.ge-მ Biograpi Living-ის განცხადებიდან შეიტყო.

კომპანია ადგილზე ახალი საცხოვრებელი უბნის და მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმას, რაზეც 500 მილიონი დოლარის ინვესტირება იგეგმება. უძრავი ქონების რეესტრის თანახმად, ტერიტორია 11 ჰექტარს მოიცავს.

"ბიოგრაფი ლივინგი" თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ურბანულ ტრანსფორმაციას იწყებს.

"ბიოგრაფი ლივინგმა" ყოფილი "მაუდის" 11 ჰექტარი ტერიტორია შეისყიდა, სადაც ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი უბნის განვითარებას გეგმავს.

დიდუბის სატრანსპორტო ჰაბთან და სამ მეტროსადგურთან ახლოს მდებარე ყოფილი ინდუსტრიული სივრცე უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, შეიქმნას მწვანე, სრულფასოვანი ურბანული გარემო. ადგილი, სადაც საცხოვრებელი ზონები, გამწვანება და თანამედროვე ინფრასტრუქტურა ერთიანდება, აგრძელებს "მაუდის" ისტორიას და დიდუბის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს იწყებს", — წერს "ბიოგრაფი ლივინგი".

bm.ge-ის ცნობით, ყოფილი მაუდის (მაუდ-კამვოლის) ქარხანა პრივატიზაციის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილმა გასული საუკუნის 90-იან წლებში შეიძინა. უძრავი ქონების მფლობელია შპს "მაუდი", რომელსაც 2026 წლის აგვისტომდე პატარკაციშვილების ოჯახის წევრები მართავდნენ, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ბადრი პატარკაციშვილის და ნანა პატარკაციშვილი შედიოდა. 2026 წლის 20 აგვისტოდან კი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება შეწყდა და დირექტორის თანამდებობა დაიკავა ვასილ ფხაკაძემ, რომელიც ამავდროულად Biograpi Living-ის არაერთი კომპანიის დირექტორის თანამდებობას იკავებს. თუმცა, ჯერჯერობით უცვლელია შპს "მაუდის" მფლობელი კომპანია, რომელიც ამ დრომდე გიბრალტარში რეგისტრირებული "ლანნერ ჰოლდინგს ლიმითედია".

მაუდის ქარხნის ტერიტორიის ნაწილზე ამჟამად ჰიპერმარკეტი "გორგიაა" განთავსებული.