Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
ფოტო: neoteo.com
გასულ კვირას კომპანია Anthropic-მა დაადასტურა, რომ სან-ფრანცისკოს ყურეში სრულფასოვან ბიოლოგიურ ლაბორატორიას ფლობს, რომელშიც ფიზიკური ექსპერიმენტებისთვის საკუთარ ხელოვნურ ინტელექტს (AI) იყენებს.
ამ კვირაში ტექნოლოგიურმა გიგანტმა უკვე ის განაცხადა, რომ ლაბორატორიამ პირველი დიდი აღმოჩენა გააკეთა: ბაქტერიოფაგების (ვირუსები, რომლებიც ბაქტერიებს აინფიცირებენ) დნმ-ში დამალული აქამდე უცნობი ფერმენტული სისტემა.
კომპანიის შეფასებით, ამ ახალ სისტემას "CRISPR-ის მსგავსი თვისებები" აქვს. ეს იმ მხრივ, რომ "ისეთი ოპერაციების შესრულება შეუძლია, როგორიცაა, მაგალითად, დნმ-ის ამოჭრა, კოპირება და ჩასმა". ცნობისთვის, CRISPR ბაქტერიების ბუნებრივი იმუნური სისტემაა, რომელსაც დღეს მკვლევრები აქტიურად იყენებენ გენური რედაქტირებისთვის.
ასევე იხილეთ: ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
ეს ყველაფერი სწრაფად მოხდა, მაგრამ აღმოჩენის რეალური მასშტაბები ჯერ ფართო სამეცნიერო საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. Anthropic-ის გენერალური დირექტორი დარიო ამოდეი აღიარებს, რომ აღმოჩენა სხვა მეცნიერთა ნაშრომებს ეფუძნებოდა და მსგავსი სისტემა მანამდე სტენფორდის მკვლევრებმაც იპოვეს, მაგრამ თან ხაზს უსვამს, რომ ახალი მიღწევა "მეტწილად, მაგრამ არა მთლიანად, Claude-ის" დამსახურებაა.
აღსანიშნავია, რომ ბიოლოგიური ლაბორატორია მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაიხსნა, ახალი სისტემის აღმოსაჩენად კი ხელოვნურ ინტელექტს სულ რაღაც 21 საათი დასჭირდა. ამ დროის განმავლობაში Claude-მა 950-მდე აგენტის გამოყენებით უზარმაზარი მონაცემები დაამუშავა და 210 მილიონი ტოკენი დახარჯა.
ბიოლოგიურ ექსპერიმენტებში ხელოვნური ინტელექტის ჩართვა ბიოტერორიზმთან დაკავშირებულ შიშებსაც აჩენს, რაზეც წარსულში თავად ამოდეისაც უსაუბრია. მეორე მხრივ, მას სჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი მომდევნო 5-10 წელიწადში დაავადებების უმეტესობის განკურნებას შეძლებს და ამ უდიდესი სარგებლის გამო რისკზე წასვლა ღირს.
მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ ლაბორატორიაში ფიზიკურ ექსპერიმენტებს ხელოვნური ინტელექტი არ ატარებს. როგორც კომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული:
"ჩვენი ლაბორატორია ტიპურ მოლეკულურ ბიოლოგიურ ლაბორატორიას ჰგავს. ვატარებთ კვლევებს, რომლებიც მხოლოდ ბიოუსაფრთხოების დაბალ დონეებს (BSL-1 და BSL-2) მოიცავს და არ ვმუშაობთ ისეთ პათოგენებზე, რომლებსაც ადამიანის ინფიცირება შეუძლიათ. ყველა ლაბორატორიულ სამუშაოს ადამიანები ასრულებენ."
აქვე უნდა ითქვას, რომ ბიოლოგიურ კვლევებში ხელოვნურ ინტელექტს მხოლოდ Anthropic როდი იყენებს. ცოტა ხნის წინ სტენფორდისა და კალიფორნიის (UCSF) უნივერსიტეტების მკვლევრებმაც გამოაქვეყნეს ნაშრომები ამ მიმართულებებით, ხოლო Google-მა თავისი ინოვაციური ინსტრუმენტი, AlphaFold, ჯერ კიდევ 2020 წელს წარადგინა.
ასევე იხილეთ: მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ლაბორატორიას ადამიანები მართავენ, დარიო ამოდეი სრულად ავტომატიზებული კვლევების იდეას არ გამორიცხავს.
"საბოლოოდ შეიძლება თავად Claude-მაც კი შეძლოს ექსპერიმენტების უსაფრთხოდ ჩატარება ლაბორატორიული აღჭურვილობის ავტონომიური მართვის გზით, შესაბამისი დამცავი მექანიზმების არსებობის პირობებში, მაგრამ დღეს ამას არ ვაკეთებთ", — ამბობს ის.
შეიძლება ითქვას, ხელოვნური ინტელექტისა და მოლეკულური ბიოლოგიის სინთეზი უკვე ახალ ეტაპზე გადავიდა. სამომავლოდ ეს სამეცნიერო აღმოჩენების ტემპს პოტენციურად კიდევ უფრო დააჩქარებს.
კომენტარები