ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ევროვიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა კონკურსზე ბრუნდება. 2027 წლის ევროფესტივალს, რომელსაც ბულგარეთის ქალაქი ბურგასი უმასპინძლებს, ნიდერლანდებიც შემოუერთდება.

ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებელი AVROTROS, რომელიც ქვეყნის წარმომადგენლის შერჩევასა და ღონისძიების გაშუქებაზე იყო პასუხისმგებელი, ევროვიზიას 2026 წელს გამოეთიშა და მიზეზად ისრაელის კონკურსზე დაშვება დაასახელა. ნიდერლანდებთან ერთად, წლევანდელ ევროფესტივალს იმავე მიზეზით გამოუცხადეს ბოიკოტი ესპანეთმა, სლოვენიამ, ირლანდიამ და ისლანდიამ.

თუმცა, 2027 წლისთვის ნიდერლანდებში პროექტის ორგანიზებას სხვა მაუწყებელი, NPO, გადაიბარებს. მაუწყებლის დირექტორის, იურე ბოსმანის განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ "ამ გამაერთიანებელი ევროპული ღონისძიების მონაწილეები იყვნენ, განსაკუთრებით მოცემულ მომენტში".

ისრაელის ევროვიზიაზე მონაწილეობას ბოლო წლებში კონკურსის ფანებსა და მონაწილეებში ცხარე დებატები ახლავს თან. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნის ევროფესტივალზე დაშვების წინააღმდეგები იყვნენ 2024 და 2025 წლების გამარჯვებულები, ასევე რამდენიმე სხვა მონაწილე. ისრაელის მოხსნას ითხოვდნენ კონკურსმიღმაც: ცნობილი ადამიანები და პოლიტიკოსებიც კი, მათ შორის, ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი.

მას შემდეგ, რაც 2025 წლის ევროვიზიაზე ისრაელმა ტელემაყურებლისგან უმაღლესი ქულა მიიღო, საბოლოოდ კი მეორე ადგილი დაიკავა, არაერთმა ქვეყანამ მოითხოვა ხმის მიცემის წესების გადახედვა და პროცესში მეტი გამჭვირვალობა. საპასუხოდ, კონკურსის ორგანიზატორებმა რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის, მაყურებლისთვის ხმის მიცემის მაქსიმალური შესაძლებლობის შემცირება და წინასაკონკურსო კამპანიებში კონკურსმიღმა პირების ჩართვის შეზღუდვა.

ასევე, 2027 წლიდან, ევროვიზიის განახლებული წესებით, კონკურსის მასპინძლობა ეკრძალებათ ქვეყნებს, რომლებიც შეიარაღებულ კონფლიქტში არიან ჩართულები. არსებული ვითარებით, ეს შეზღუდვა უკრაინასა და ისრაელს შეეხება.

მომავალი წლის, რიგით 71-ე ევროფესტივალი 11, 13 და 15 მაისს გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას კონკურსში. თუმცა, უკვე ვიცით, რომ ნიდერლანდებთან ერთად, ევროვიზიაზე ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება ჩრდილოეთ მაკედონიაც, დებიუტანტად კი, არც მეტი, არც ნაკლები, კანადა მოგვევლინება. საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს 2027 წლის ევროვიზიაზე მონაწილეობა ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

განახლება: 24 სექტემბერს პირველმა არხმა დაადასტურა, რომ საქართველო მომავალი წლის ევროვიზიაზე მონაწილეობას მიიღებს.

თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...