როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
ფოტო: თიბისი
ხელოვნური ინტელექტის (AI) ფართოდ დანერგვა ტექნოლოგიურ სფეროში დღითიდღე არაერთი ცვლილების საფუძველი ხდება. ტექნოლოგიური პროფესიებიც იცვლება და ის უნარებიც, რომლებიც ადამიანს კარგ სპეციალისტად აქცევს. ამის ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სიახლეებთან ადაპტირების უნარს, ცოდნის განახლებისთვის კი ონლაინგანათლება ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და ეფექტიანი გამოსავალია.
თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები, როგორიცაა თიბისი ტექსკოლა, თიბისი კამპუსი და თიბისი IT აკადემია, დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, მოთხოვნადი ტექნოლოგიური და ბიზნესმიმართულებები სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერი ადგილიდან და თანაც უფასოდ შეისწავლონ. სწორ დროს და სწორ ადგილას მოხვედრა უკვე აღარ არის საჭირო და აღარც განსაკუთრებით უნდა გაგიმართლოს, რადგან განათლების მისაღებად უკვე საქართველოს ან მსოფლიოს ნებისმიერი წერტილი სწორი ადგილია.
თათა ანჯაფარიძე, ალექსანდრე მაყაშვილი და დავით კიკნაძე თიბისის ონლაინგანათლების პროგრამებზე მესაუბრნენ, პარალელურად კი ისიც განვიხილეთ, როგორ იცვლება ციფრული სამყარო და ამისგან წარმოქმნილი საჭიროებები პროფესიული უნარების კუთხით.
რაში გვეხმარება თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები
ახალგაზრდების საგანმანათლებლო საჭიროებების მხარდასაჭერად თიბისიმ ონლაინგანათლების პროგრამები წამოიწყო. თიბისის ტექსკოლა, კამპუსი და IT აკადემია დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, მოთხოვნადი პროფესიები დისტანციურად შეისწავლონ უფასოდ, პარალელურად კი სფეროს გამორჩეულ სპეციალისტებზე ჰქონდეთ წვდომა.
"თიბისის განათლების პროგრამები იმისთვის შეიქმნა, რომ თანამედროვე სამყაროში ახალგაზრდებს პროფესიონალად ჩამოყალიბებასა და ადგილის პოვნაში დაეხმაროს. როგორც ტექნოლოგიური, ისე ბიზნესკურსები ქართველ ახალგაზრდებს თანამედროვე პროფესიებს ასწავლის", — მითხრა ალექსანდრე მაყაშვილმა, თიბისის სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელმა.
მაგალითად, კონკრეტულად თიბისი ტექსკოლა უფროსკლასელებს საშუალებას აძლევს, რომ ტექნოლოგიების შესწავლის გზაზე პირველი ნაბიჯები გადადგან და პირველი პრაქტიკული გამოცდილებაც შეიძინონ.
"აქ უფროსკლასელები მჭიდროდ ეხებიან ტექნოლოგიურ მიმართულებებს და მიღებული ინფორმაცია ეხმარებათ გადაწყვიტონ, არის თუ არა ტექნოლოგიები საინტერესო მათი სამომავლო კარიერული განვითარებისთვის", — მითხრა ალექსანდრემ — "იმ შემთხვევაშიც კი, თუ უმაღლეს განათლებას სხვა მიმართულებით გადაწყვეტენ, ამ მიმართულებით მიღებული ცოდნა ყოველთვის გამოადგებათ, რადგან დღესდღეობით ტექნოლოგიები ნებისმიერ პროფესიაში უდიდეს როლს ასრულებს".
ონლაინფორმატი მონაწილეებს საშუალებას აძლევს, რომ სასწავლო პროცესში საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ან თუნდაც ემიგრაციიდან ჩაერთონ.
"ფინანსურ ბარიერთან ერთად გეოგრაფიული ბარიერის მოხსნა უზრუნველყოფს ამ პროგრამების საყოველთაობას", — თქვა ალექსანდრემ.
თათა ანჯაფარიძემ, თიბისი IT აკადემიის ლიდერმა, დაამატა, რომ ონლაინფორმატი სფეროს წამყვან პროფესიონალებზე წვდომასაც ამარტივებს: "საშუალებას გვაძლევს, სასწავლო პროცესში ჩავრთოთ ლექტორები, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან, თუმცა აქვთ სურვილი და შესაბამისი გამოცდილება, რომ საკუთარი ცოდნა მონაწილეებს გაუზიარონ".
რა უნარები სჭირდება ახალგაზრდა პროფესიონალს
ხელოვნური ინტელექტის (AI) ბუმის ფონზე ტექნოლოგიური სამყარო ელვის სისწრაფით იცვლება. შედეგად თავად AI-ს ათვისებაც მეტ მნიშვნელობას იძენს და ის უნარებიც უფრო დიდ როლს თამაშობს, ციფრულ სამყაროსთან მორგებაში რომ უნდა დაგვეხმაროს.
თათა ანჯაფარიძის აზრით, სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება კრიტიკული აზროვნება, ეფექტიანი კომუნიკაცია, პრობლემების გადაჭრის უნარი და მუდმივი თვითგანვითარება.
"ჩემი დაკვირვებით, ეს ის ძირითადი კომპეტენციებია, რომლებიც მომავალში თითქმის ყველა სფეროში იქნება საჭირო", — მითხრა თათამ — "ტექნოლოგიები სწრაფად იცვლება და კონკრეტული ტექნიკური ცოდნა მუდმივად განახლებას მოითხოვს. ამიტომ განსაკუთრებით ფასდება ადამიანის უნარი, სწრაფად ისწავლოს, ახალ გარემოს მოერგოს, სწორად შეაფასოს ინფორმაცია და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს".
დავით კიკნაძემ, თიბისი კამპუსში საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის, ანუ SEO-ს, კურსის ლექტორმა, დაამატა, რომ თავისი მიმართულებით პროფესიონალს "პირველ რიგში სფეროს სიღრმისეული ცოდნა სჭირდება, რადგან AI-ზე ბოლომდე დამოკიდებულება არ იქნება სწორი სფეროში გამოცდილების გარეშე".
დავითიც ადასტურებს, რომ AI-სგან პროვოცირებული ცვლილებების შედეგად SEO მიმართულებაში მეტი ყურადღება ექცევა ანალიტიკის უნარებს და მომხმარებლის ქცევებს.
"ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციამ საძიებო სისტემები "ბმულების კატალოგიდან" "პასუხების გენერატორებად" გარდაქმნა. მომხმარებელს აღარ უწევს ათობით საიტზე გადასვლა ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად, რაც ფუნდამენტურად ცვლის როგორც საძიებო ქცევას, ისე ციფრული მარკეტინგის სტრატეგიას", — ამიხსნა დავითმა.
მისი თქმით, ტრადიციული SEO, რომელიც მხოლოდ საკვანძო სიტყვების სიმჭიდროვესა და ბმულების რაოდენობაზე იყო ფოკუსირებული, GEO (Generative Engine Optimization) და AIO (AI Optimization) მიმართულებებად გარდაიქმნა.
"SEO პროფესიონალი დღეს უფრო მარკეტინგული სტრატეგის, მონაცემთა ანალიტიკოსისა და შინაარსის ხარისხის არქიტექტორის ნაზავია", — მითხრა მან და AI-ს ეპოქაში რამდენიმე წინაპირობა გამოყო, რომლებიც, მისი აზრით, წარმატებულ SEO პროფესიონალს სჭირდება: "GEO და LLM-ების მუშაობის პრინციპები; გაფართოებული ტექნიკური SEO და სტრუქტურირებული მონაცემები; Schema Markup-ის სიღრმისეული ცოდნა; მონაცემთა სიღრმისეული ანალიტიკა და UX; Prompt Engineering და AI ინსტრუმენტების ფლობა; E-E-A-T და შინაარსობრივი ექსპერტიზა (კონტენტ სტრატეგია)".
მხოლოდ ადამიანის ადაპტაციის უნარები და ცოდნა როდია საკმარისი, ეფექტიანი სწავლისთვის კურსიც უნდა იყოს მის საჭიროებებზე მორგებული. თიბისის ონლაინგანათლების პროგრამებში ამაზე ყოველი სემესტრის წინ ზრუნავენ: ბაზრის ტენდენციებსა და მონაწილეთა უკუკავშირს აკვირდებიან, შემდეგ კი კურსს შესაბამისად ცვლიან.
"მუდმივად ვაახლებთ სილაბუსებსა და სასწავლო მასალებს, რათა ისინი ტექნოლოგიურ რეალობასა და ბაზრის საჭიროებებს შეესაბამებოდეს", — ამიხსნა თათამ — "რეგულარულად ვაკვირდებით სასწავლო პროცესს, ვატარებთ დამატებით აქტივობებს, ვიწვევთ სტუმრებს, ვაწყობთ ჰაკათონებს და მონაწილეებისგან სისტემატურად ვაგროვებთ უკუკავშირს. ეს გვეხმარება დავინახოთ, რა გამოგვდის კარგად და სად არის გაუმჯობესების შესაძლებლობა".
მაგალითისთვის, როგორც ალექსანდრე მაყაშვილმა მითხრა, ამ შემოდგომიდან უკვე თიბისი ტექსოლის ყველა კურსი მოიცავს AI-ს კომპონენტებს და "კონკრეტულ პროფესიებში მის სრულფასოვან ინტეგრაციას ასწავლის".
როგორია სწავლებისადმი მიდგომა
სწავლისას ძირითადი აქცენტი, გარდა თეორიული ცოდნისა, იმაზე კეთდება, რომ კურსდამთავრებულმა რეალურად შეძლოს საქმეში მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენება. სწორედ ამიტომ, თიბისი IT აკადემიაში ცდილობენ, რომ კურსების ფარგლებში სამუშაო გარემოსთან მიახლოებული გამოცდილება შექმნან.
"პროგრამები მოიცავს გუნდურ აქტივობებს, პერსონალიზებულ სწავლებას, რეგულარულ უკუკავშირს და თანამედროვე სამუშაო გარემოსთვის დამახასიათებელ პრაქტიკებს", — მითხრა თათამ.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეებმა მიიღონ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ ისწავლონ გუნდში მუშაობა, პრობლემების გადაჭრა და მიღებული ცოდნის რეალურ ამოცანებში გამოყენება", — დაამატა მან — "კვლევების მიხედვით, სწორედ ამ კომპონენტებს აფასებენ ყველაზე მაღალ დონეზე როგორც სტუდენტები, ისე დამსაქმებლები".
დავით კიკნაძის — შეგახსენებთ, იგი SEO-ს კურსს უძღვება თიბისი კამპუსში — თქმით, იგი პრაქტიკულ მაგალითებსაც ასწავლის, რაც "სტუდენტებისთვის ნამდვილად ქმნის იმ სამუშაო გარემოს, რომელიც მომავალ SEO სპეციალისტებს დასჭირდებათ". მისი კურსი სხვა პრაქტიკულ კომპონენტებსაც მოიცავს:
"მოიცავს ქვიზებს, ვორქშოპებსა და ფინალურ დავალებას; ერთგვარი შეკრული პროექტია და სტუდენტს მომავალში გაუმარტივდება, რომ უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე დაიწყოს მუშაობა და მეტიც კი იცოდეს", — მითხრა დავითმა.
ჩემთან საუბრისას მან ონლაინსწავლების უპირატესობებსაც გაუსვა ხაზი — როგორც გაირკვა, ქართველი სტუდენტები სასწავლო პროცესში ქვეყნის ფარგლებს გარედანაც თავისუფლად ერთვებოდნენ.
"ორივე სემესტრის პერიოდში რამდენიმე სტუდენტი მყავდა, რომლებიც სხვა ქალაქიდან ან საერთოდაც სხვა ქვეყნიდან იყვნენ. ერთ-ერთი სტუდენტი, მახსოვს, ამერიკიდან ესწრებოდა და, მიუხედავად დროის განსხვავებისა, ყოველთვის პირველი შემოდიოდა და აქტიურობდა".
სწავლის ხელშესახები შედეგები
ცხადია, კურსის მონაწილეების შერჩევასაც დიდ ენერგიას უთმობენ. როგორც თათა ანჯაფარიძემ ამიხსნა, შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს, რომ მოტივირებული და პროგრამასთან შესაბამისი კანდიდატები იპოვონ.
კურსის დასრულების შემდეგ რიცხვები მონაწილეებისა და პროგრამების წარმატებაზე მეტყველებს. თათას განმარტებით, კონკრეტულად IT აკადემიის შემთხვევაში კურსდამთავრებულთა დაახლოებით 30% კურსის დასრულებისთანავე საქმდება თიბისიში ან თიბისის შვილობილ კომპანიაში. თიბისი კამპუსში SEO-ს კურსის შემთხვევაში დავითიც იხსენებს, რომ რამდენიმე სტუდენტმა მალევე დაიწყო მუშაობა.
"მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში თიბისი ჯგუფს 85 აკადემიელი შემოუერთდა", — მითხრა თათამ და დაამატა: "ეს შედეგები აჩვენებს, რომ აკადემია არა მხოლოდ საგანმანათლებლო შესაძლებლობას ქმნის, არამედ ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებისა და კარიერული განვითარების რეალურ გზასაც სთავაზობს მონაწილეებს".
მათთვის წარმატების მანიშნებელია, როცა კურსდამთავრებული მიღებულ ცოდნას რეალურად იყენებს საქმიანობაში — პროფესიაში, რომელშიც უკვე დამკვიდრებულია ან რომელშიც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს. თათას თქმით, არაერთი სახის სტუდენტი ჰყოლიათ და თითოეულის შემთხვევა უნიკალურია: ზოგი იმავე სპეციალობაზე სწავლობს და IT აკადემიაში ცოდნას იღრმავებს, ზოგს კარიერის შეცვლა სურს, ზოგიც ერთი ტექსფეროდან მეორეში გადადის.
"გვყავდა სტუდენტი, რომელიც კვების მრეწველობაში მუშაობდა, IT აკადემიის დასრულების შემდეგ კი ტექნოლოგიურ სფეროში დაიწყო საქმიანობა და დღეს წარმატებული პროფესიონალია", — გაიხსენა თათამ — "მახსენდება მედიცინის სფეროდან მოსული ორი მონაწილეც. ერთ-ერთი მათგანი სტუდენტი იყო, მეორეს კი ამ სფეროში შვიდწლიანი გამოცდილება ჰქონდა. ისინი ჩვენი კურსებით დაინტერესდნენ, პროფესიული მიმართულება შეიცვალეს და დღეს თიბისიში წამყვან დეველოპერებად მუშაობენ".
ყველაზე მეტად მაინც ის უხარიათ, როცა აკადემიაში კურსდამთავრებულები უკვე წარმატებული სპეციალისტების ამპლუაში ბრუნდებიან. ცოდნის გაზიარებაც უნდებათ და სასწავლო პროცესში უკვე ლექტორების ან მენტორების როლში ერთვებიან.
"ასე იქმნება უწყვეტი ცოდნის გაზიარების ძალიან ღირებული ციკლი", — დასძინა თათამ.
ციფრული სამყაროსთვის ფეხის აწყობა თუ გსურთ და სწავლა გადაგიწყვეტიათ, თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები კარგი შანსია — არ აქვს მნიშვნელობა, სკოლის მოსწავლე ხართ, სტუდენტი თუ უბრალოდ სწავლით დაინტერესებული ადამიანი. არც ის წყვეტს რამეს, სად ცხოვრობთ ან რამდენი შემოსავალი გაქვთ, რადგან ამ ბარიერების მოხსნაზე თიბისიმ უკვე იზრუნა.
მთავარი თქვენი სურვილი და მოტივაციაა, განათლებისთვის სწორი ადგილი კი უკვე ნაპოვნია!




კომენტარები