დაბადების დღეს ყოველწლიურად ერთსა და იმავე რიცხვში აღვნიშნავთ, თუმცა ქრონოლოგიური ასაკის გარდა (იმ წლების, რამდენიც ვიცოცხლეთ), თითოეულ ჩვენგანს ბიოლოგიური ასაკიც აქვს. ეს უკანასკნელი აჩვენებს, რამდენად სწრაფად ბერდება ორგანიზმი.

მისი განსაზღვრა რთულია, თუმცა მეცნიერები ამ მიმართულებით სულ უფრო დიდ პროგრესს აღწევენ. ამ ინფორმაციის ცოდნა ჯანმრთელობის დასაცავად მნიშვნელოვანია, რადგან ის სერიოზული დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაში გვეხმარება.

სეულის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა სამეცნიერო ჟურნალ GeroScience-ში ამ საკითხის შესახებ ახალი ნაშრომი გამოაქვეყნეს. მათი კვლევა მოწმობს, რომ თვალის ფსკერის სკანირება ბიოლოგიური ასაკის დადგენის სწრაფი და არაინვაზიური საშუალებაა. ეს მეთოდი ასაკს ბევრად უფრო ზუსტად პროგნოზირებს, ვიდრე ბადურაზე დაფუძნებული უფრო ადრეული მოდელები.

მკვლევრებმა საწვრთნელ მონაცემებში როგორც ჯანმრთელი, ისე დაავადებული თვალის სკანირების შედეგები გააერთიანეს.

ფოტო: Jang et al., GeroScience, 2026

ახალ ნაშრომში განხილულია ბადურას ასაკობრივი ცდომილების (RAG — Retinal Age Gap) ტექნოლოგია, რომელზეც მეცნიერები უკვე რამდენიმე წელია, მუშაობენ. ეს სისტემა გამოსახულებათა დიდ ბაზას იყენებს, რათა ადამიანის ასაკი თვალში — ტვინთან და გულთან მჭიდროდ დაკავშირებულ ორგანოში — ამოიცნოს და ბიოლოგიურ დაბერებაში არსებული შესაძლო აცდენები გამოავლინოს.

"ერთი და იმავე ქრონოლოგიური ასაკის ადამიანებში ბიოლოგიური დაბერების ტემპი და ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება, რასაც გენეტიკური, გარემო და ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები განსაზღვრავს. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად საჭიროა ბიოლოგიური ასაკის ისეთი ზუსტი და ხელმისაწვდომი ბიომარკერების ცოდნა, რომლებიც ამ განსხვავებებს გამოავლენს, რისკების პროგნოზირებას გააუმჯობესებს და პრევენციული სტრატეგიების ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება", — აღნიშნავენ მკვლევრები.

მეცნიერებმა წინა კვლევები ახალი მონაცემებითა და ალგორითმული ცვლილებებით განავითარეს. უმნიშვნელოვანესი სიახლე ის იყო, რომ მათ ჯანმრთელი თვალის გამოსახულებებთან ერთად ბადურასა და მხედველობის ნერვის დაავადებების მქონე პაციენტების მონაცემებიც გამოიყენეს. ეს ადრინდელ კვლევებში გათვალისწინებული არ ყოფილა.

სისტემაში სულ 7535 მონაწილის ბადურას 29 530 სკანირებული გამოსახულება ჩატვირთეს. შემდეგ მოდელი სხვა 7416 მონაწილის 14 832 გამოსახულებაზე გამოცადეს. შედეგად, სისტემამ რეალური ქრონოლოგიური ასაკი საშუალოდ 2.5-2.7 წლის ცდომილებით დაადგინა, რაც ადრინდელ მაჩვენებელთან შედარებით საკმაოდ დაბალია (გაუმჯობესებულია).

ბადურას ასაკობრივი ცდომილების (RAG) მაღალი მაჩვენებლები ჯანმრთელობისა და ცხოვრების წესის სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდებოდა: დიაბეტის დროს ბიოლოგიური ასაკი საშუალოდ 2.52 წლით იზრდებოდა, მწეველებში 0.5 წლით, ყოფილ მწეველებში 0.46 წლით, მაკულარული დეგენერაციისას 0.6 წლით, ხოლო კატარაქტის შემთხვევაში — 1.86 წლით. მკვლევრები განმარტავენ, რომ კატარაქტასთან კავშირი, შესაძლოა, ნაწილობრივ თვალის გამოსახულების დაბინდვას უკავშირდებოდეს და არა უშუალოდ ბადურას დაჩქარებულ დაბერებას.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერებს ეს მეთოდი ბიოლოგიური ასაკის განსაზღვრის სხვა ცნობილ საშუალებებთან პირდაპირ არ შეუდარებიათ. მეორე მხრივ, მაღალ RAG მაჩვენებლებსა და ბიოლოგიურ ასაკზე მოქმედ დაავადებებს შორის კავშირი მიუთითებს, რომ ტექნოლოგიას ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს.

ასევე იხილეთ:

სისხლის ანალიზი ბიოლოგიური ასაკისა და დაავადებების მიმართ მიდრეკილებების გამოსავლენად — კვლევა

პირის ღრუს ტესტით ბიოლოგიური ასაკის დადგენა შეგვეძლება — როგორ

"ამრიგად, ბადურას ასაკობრივი ცდომილება (RAG) მჭიდროდ უკავშირდება ადამიანის ცხოვრების წესს, ორგანიზმისა და თვალის ჯანმრთელობას", — აცხადებენ ავტორები.

მეცნიერები მონაცემთა ბაზის შემდგომ გაფართოებაში როგორც ჯანმრთელი, ისე დაავადებული თვალის სკანირებების დამატების მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებენ. გარდა ამისა, მათ გამოიყენეს ე.წ. "მრავალამოცანიანი დასწავლის" მეთოდი, რომელიც მოდელს საშუალებას აძლევს, ასაკთან ერთად პაციენტის სქესიც გაითვალისწინოს. მარტივად რომ ვთქვათ, ორი პარამეტრის ერთდროულად შეფასება ამცირებს უზუსტობებს, რომლებიც, შესაძლოა, ქალისა და კაცის ორგანიზმებს შორის არსებულმა განსხვავებებმა გამოიწვიოს.

ბიოლოგიური ასაკის განსაზღვრის გარდა, აღნიშნული ტექნოლოგია გამოსადეგი იქნება ჯანმრთელობის იმ პრობლემების აღმოსაჩენადაც, რომლებიც სხვა შემთხვევაში შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. მეორე მხრივ, ამ შედეგის მისაღწევად დამატებითი კვლევები და ტექნოლოგიის შემდგომი დახვეწაა საჭირო.

ასევე იხილეთ: ადამიანის დაბერების პროცესი დაახლოებით 44 და 60 წლის ასაკში ჩქარდება — კვლევა

"ოფთალმოლოგიურ კლინიკებში, სადაც თვალის ფსკერის სკანირება რუტინულად ტარდება, RAG-ის მაჩვენებელმა, შესაძლოა, გამოავლინოს პაციენტები, რომელთაც დამატებითი სისტემური გამოკვლევა სჭირდებათ. ხანგრძლივი კვლევებით მისი ეფექტიანობის დადასტურების შემთხვევაში RAG-ის განმეორებითი გაზომვები საშუალებას მოგვცემს, ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს თვალი ვადევნოთ და სამკურნალო ჩარევების ეფექტიანობა შევაფასოთ ", — განმარტავენ მკვლევრები.

მათი შემდეგი ნაბიჯები პაციენტებზე ხანგრძლივ დაკვირვებას მოიცავს, რათა დადგინდეს, მოქმედებს თუ არა მკურნალობა ან ცხოვრების წესის ცვლილება ბადურას "ასაკზე". ასევე იგეგმება RAG-ის სიზუსტის შედარება ბიოლოგიური ასაკის განსაზღვრის უკვე ნაცად და გამოცდილ მეთოდებთან.

ამ ეტაპზე სისტემა უფრო მეტად პოპულაციურ დონეზე არსებული ტენდენციების გასაანალიზებლად გამოდგება, ვიდრე ცალკეული ინდივიდებისთვის რისკების დასადგენად.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.