გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას, გაიოზ ჩარკვიანს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილის მამას კიდევ ერთხელ მიეწოდა საქმის დეტალები და "მისთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მიიღო პასუხი".

პროკურატურის განცხადებით, სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო გააგრძელებს სისხლის სამართლის საქმის შესწავლას, რაშიც ჩართული იქნება გაიოზ ჩარკვიანი.

"საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კოვიდპანდემიის დროს ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე, გაიოზ ჩარკვიანს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე თამარ ბეჟუაშვილი. შეხვედრაზე გაიოზ ჩარკვიანს კიდევ ერთხელ მიეწოდა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის დეტალების, გამოძიების მიმდინარეობის და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შესახებ. ასევე გაიოზ ჩარკვიანმა მისთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მიიღო პასუხი.

ასევე, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო გააგრძელებს სისხლის სამართლის საქმის შესწავლას, რაშიც ჩართული იქნება გაიოზ ჩარკვიანი და შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას," — წერს უწყება.

შეხვედრის შემდეგ გაიოზ ჩარკვიანმა განაცხადა, რომ შედეგი მიღწეულია. გარდაცვლილის მამამ ასევე დასძინა, რომ მან კოლეგებთან ერთად მრავალი იმუშავა საქმეზე სამუშაო ჯგუფის შექმნისთვის.

"შეიქმნება სამუშაო ჯგუფი. ამ სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით ძალიან ბევრია ნამუშევარი ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ, ასევე პროკურატურის მხრიდანაც. ვფიქრობ, რომ უახლოეს ხანებში უნდა იქნეს გადაწყვეტილება.

თუ კი ამ საქმესთან დაკავშირებით ახალი მტკიცებულება არ დაემატა, გავლილი არის ეს თემა. ჩვენ პროფესიონალი იურისტები ვართ და კარგად ვიცით, უფრო მეტიც, ზედმიწევნით კარგად ვიცით, სად რა დევს. აქედან გამომდინარე, პროკურატურასაც შევუწყობთ ხელს.

საბჭოს წევრებს, ვინც იქ იქნებიან, მივაწვდით ინფორმაციას, რომ შესაბამისად, ახლებურად განიხილონ საქმე და მივაწვდით წერტილოვნად, სად რა არის განსახილველი, რათა 20 ტომის საქმის თავიდან წაკითხვა მართლა არ მოუწიოთ.

ადამიანი ხისთავიანი უნდა იყოს, რომ შეწყვიტოს ეს საქმე და გააგრძელოს აქცია. შეიქმნა საბჭო, ადვოკატთა კოლეგიით. აქედან გამომდინარე, რაღაზე უნდა ვიჯდე და რაღაზე უნდა ვიშიმშილო?! იმ ბრალდებულებს ხომ შევუწყობ ხელს, მე თვითონ რომ დავიზიანო ჩემი ჯანმრთელობა?!

მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც უნდა დამდგარიყო ცოტა უფრო ადრე. უფრო ადრე უნდა მომხდარიყო შეხვედრა," — განაცხადა ჩარკვიანმა [IPN].

შეგახსენებთ, 22 სექტემბერს ადვოკატმა და გარდაცვლილის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა პროკურატუარსთან შიმშილობა დაიწყო. მისი მოთხოვნა საქმის სათანადო გამოძიება და გენერალურ პროკურორთან შეხვედრა იყო.

20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი COVID-19-ის დიაგნოზით 2021 წლის 11 აგვისტოს "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში" (ე.წ. "რესპუბლიკურში") გადაიყვანეს, სადაც 12-დან 17 აგვისტომდე მკურნალობას გადიოდა თერაპიულ განყოფილებაში, ხოლო 17 აგვისტოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, ამავე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. 20 წლის ახალგაზრდა 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა.

ვახტანგ ჩარკვიანის საქმის დეტალები იხილეთ: