რამდენად შორს უნდა იყოთ, რომ ბირთვულ აფეთქებას გადაურჩეთ — ინტერაქტიური რუკა
ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება რუსეთისა და უკრაინისკენაა მიპყრობილი, რომლებიც უკვე მე-4 დღეა, ომში არიან ჩაბმულები. საზოგადოების დაძაბულობა ვლადიმერ პუტინის გუშინდელმა განცხადებამ გაამწვავა. მან რუსული არმიის შემაკავებელი ძალების საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანა ბრძანა, რამაც ბირთვული საშიშროების ეჭვი გააჩინა.
ალბათ, ბევრ თქვენგანს აინტერესებს, სადამდე ვრცელდება ასეთი უმძლავრესი აფეთქების რადიაცია და რამდენად შორს უნდა ვიყოთ, რომ მას გადავურჩეთ. იმის გასაგებად, თუ რა მასშტაბის იქნება კონკრეტულ ქალაქში სხვადასხვა სახის ბირთვული იარაღის დეტონაცია, შეგიძლიათ, ინტერაქტიური რუკით ისარგებლოთ.
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მსოფლიოს მსგავსი კატასტროფა უკვე ნანახი აქვს. 1945 წლის აგვისტოში აშშ-მ იაპონიის ქალაქებში, ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბები ჩამოაგდო, რასაც უამრავი ადამიანი ემსხვერპლა, მოსახლეობის ნაწილში კი ჯანმრთელობის ხანგრძლივი, სერიოზული პრობლემები გამოიწვია. მას შემდეგ კაცობრიობას ამგვარი იარაღი არ გამოუყენებია, თუმცა მისი რაოდენობა ამჟამად დაახლოებით 12 700 ერთეულს შეადგენს. მაშ, რა მოხდება თუ რომელიმე სახელმწიფო წინა საუკუნეში დაშვებულ შეცდომას გაიმეორებს?
ამის ახსნაში YouTube არხის AsapSCIENCE მიერ გამოქვეყნებული ვიდეო დაგვეხმარება. მასში ნათქვამია, რომ კატასტროფის შედეგი სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული: ამინდზე, დღის მონაკვეთზე, სამიზნე არეალის გეოგრაფიულ მახასიათებლებსა და აფეთქების ადგილზე (ჰაერი/ხმელეთი). ამ ყველაფრის მიუხედავად, გარკვეული პროგნოზის გაკეთება მაინც შეგვიძლია.
როგორც ვიდეოში ხსნიან, მსგავსი აფეთქებისას გამოყოფილი ენერგიის დაახლოებით 35 პროცენტს თერმული გამოსხივების სახე აქვს, რომელიც თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრაობს. ესაა სიკაშკაშე, რომელიც მხედველობის დროებით დაკარგვას იწვევს. მაგალითად აღებულია 1 მეგატონა ენერგიის მქონე ბირთვული იარაღი, ჰიროსიმაში ჩამოგდებულზე 80-ჯერ მძლავრი, მაგრამ ბევრ თანამედროვე ატომურ ბომბზე სუსტი. მისი დეტონაციის შედეგად, 21 კილომეტრამდე მანძილზე მყოფი ადამიანები დღის სინათლეზე დაბრმავდებიან, ხოლო 85 კილომეტრზე — ღამით.
რაც შეეხება გამოთავისუფლებულ სითბოს: 11 კილომეტრ დისტანციაზე პირველი ხარისხის დამწვრობას მივიღებთ, ხოლო 8 კილომეტრზე მესამე ხარისხის დაზიანება გვემუქრება. თუ ის სხეულის 24 პროცენტს მოიცავს, დაუყოვნებლივი სამედიცინო ჩარევის გარეშე, ადამიანი დაიღუპება. შედარებისთვის, ვარაუდობენ, რომ ჰიროსიმაში, კატასტროფის ეპიცენტრში, სიცხე 300 000 გრადუს ცელსიუსს შეადგენდა. ეს 300-ჯერ მაღალი ტემპერატურაა, ვიდრე კრემაციისას იყენებენ.
კიდევ ერთი საფრთხეა ჰაერის ნაკადი, რომელიც სწრაფად გადაადგილდება და გზად შენობებსა თუ სხვა ობიექტებს ანადგურებს. კერძოდ, ზემოხსენებული ბომბის აფეთქება 6 კილომეტრის რადიუსში არსებული 2-სართულიანი ნაგებობების კედლებს 180 მეტრული ტონა ძალით დაანგრევს და 255 კმ/სთ სიჩქარის ქარს წარმოქმნის. 1 კილომეტრის ფარგლებში 4-ჯერ მეტი წნევა და 756 კმ/სთ სიჩქარეა მოსალოდნელი.
საფრთხის შემცველია რადიოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც ატმოსფეროში ადის, საკმაოდ დიდ მანძილს გადის და ხმელეთზე ნალექის სახით ბრუნდება. ეს მატერია ჩვენი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებულად საშიშია, რადგან, მძიმე დაავადებებთან ერთად, გენეტიკურ მუტაციებსაც ედება საფუძვლად.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჰიპოთეზური ახსნაა და იმედია, მას რეალობაში არასდროს გამოვცდით.
კომენტარები