ჩინურმა კოსმოსურმა აპარატმა მთვარის შორეულ მხარეს მინის ბურთულებს მიაგნო
ჩინეთის მიერ მისია Chang'e 4-ის ფარგლებში მთვარის შესასწავლად გაშვებულმა კოსმოსურმა აპარატმა Yutu-2 დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის შორეულ მხარეს მინის უცნაურ ბურთულებს მიაკვლია. ამის შესახებ მეცნიერები გამოცემაში Science Bulletin გამოქვეყნებულ ნაშრომში წერენ.
მთვარემავალზე დამონტაჟებულმა პანორამულმა კამერამ ციური სხეულის ზედაპირზე არსებული ნახევრად გამჭვირვალე, მცირე ზომის სფერულები დააფიქსირა, რომლებიც შესაძლოა, მთვარის წარსულზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავდეს. კერძოდ, მისი მანტიის შემადგენლობასა და სხვა ობიექტებთან შეჯახებაზე.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი პლანეტის თანამგზავრზე მინა იშვიათობას არ წარმოადგენს. ის მაშინ ფორმირდება, როცა სილიკატები მაღალი ტემპერატურის გავლენას განიცდის. მოგეხსენებათ, მთვარე ადრე ვულკანურად საკმაოდ აქტიური იყო და მეტეორიტებიც ხშირად ეჯახებოდა, რამაც იქ ამ მატერიის წარმოქმნას შეუწყო ხელი.
სწორედ მსგავს კატასტროფებს მიაწერენ სპეციალისტები კრატერების მიმდებარედ ახლახან აღმოჩენილი ბურთულების გაჩენას, რომელთაც აქამდე დაფიქსირებული სფერულებისგან შედარებით დიდი ზომა და მოყავისფრო შეფერილობა, ასევე, სინათლის გამტარობა განასხვავებს. უფრო ზუსტად, ავტორთა აზრით, ყველაზე ლოგიკური ახსნა ისაა, რომ ისინი ვულკანური ქვისგან, ანორტოზიტისგან წარმოიქმნა, მეტეორიტის ჩამოვარდნის შედეგად გალღვა და ახალი ფორმა მიიღო.
მსგავსი ანალოგები დედამიწაზეც მოგვეპოვება და მათ ტექტიტებს უწოდებენ. ისინი მაშინ ფორმირდება, როცა მანტია დნება, ჰაერში იტყორცნება, მყარდება და მინის პატარა ბურთულების სახით ხმელეთზე ცვივა.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მსგავსი სფერულები მთვარეზე შესაძლოა, მრავლად იყოს.
კომენტარები