ნახეთ: NASA-ს მარსმავალმა წითელი პლანეტის ცაზე მოძრავი ღრუბლები გადაიღო
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ მარსის შესასწავლად გაშვებულმა აპარატმა Curiosity წითელი პლანეტის ცაზე მოძრავი ღრუბლები გადაიღო.
NASA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი გიფი 8 კადრს აერთიანებს, რომელიც მარსმავალზე დამონტაჟებული სანავიგაციო კამერითაა დაფიქსირებული. მასზე კარგად ჩანს ღრუბლები, რომლებიც ცაზე გადაადგილებისას პლანეტის ზედაპირზე ჩრდილს ტოვებს. სურათები 2021 წლის 12 დეკემბერსაა გადაღებული, მისიის 3 325-ე მარსულ დღეს.
მეორე გიფიც ასევე 8 ფოტოსგანაა შედგენილი, რომელიც იმავე კამერითაა აღბეჭდილი და Curiosity-ის თავზე არსებულ ღრუბლებს გვიჩვენებს. ამ მასალების შედარების გზით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ისინი ძალიან მაღლა, მარსის ზედაპირიდან დაახლოებით 80 კილომეტრის მოშორებით გვხვდება და ამის გამო არა წყლის, არამედ ნახშირორჟანგის ყინულს შეიცავს.
მარსის ატმოსფეროში ღრუბლები საკმაოდ მკრთალია, ამიტომ მათ დასანახად სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებაა საჭირო. მკაფიო, უძრავი ფონის მისაღებად, Curiosity-იმ რამდენიმე სურათი გადაიღო, რამაც ამ შთამბეჭდავი სტრუქტურების გამოვლენის საშუალება მოგვცა.
კომენტარები