რატომაა სასარგებლო ჩვენი თავისთვის უხასიათოდ ყოფნის უფლების მიცემა
ხანდახან საკუთარ თავს ყველა ვსაყვედურობთ — რატომ არ ვართ მეტად "მზიანები", რატომ არ გვაქვს უკეთესი განწყობა. მაგრამ, სინამდვილეში, ბუზღუნის ხასიათზე ყოფნას დადებითი მხარეებიც აქვს. BBC-ის სამეცნიერო ჟურნალისტი, დევიდ რობსონი გვიხსნის, რატომ და როგორ უნდა დავაფასოთ მცირეხნიანი უხასიათობა.
წარმოიდგინე, რომ რაღაც უსიამოვნება გადაგხდა თავს — მეგობარს შენი დაბადების დღე დაავიწყდა, გასაუბრებამ კარგად არ ჩაიარა ან ახლახან გაიღვიძე და გაგახსენდა, რომ სამსახურში უნდა წახვიდე. როგორ უმკლავდები ხოლმე მსგავს ემოციებს?
შეიძლება, საკუთარ თავს უთხრა, რომ უსიამოვნება უმნიშვნელოა და მას ყურადღება არ უნდა მიაქციო. შეიძლება, შეეცადო, თავი აარიდო ცუდ ამბებზე ფიქრს. მაგრამ, საბოლოოდ, როცა მომხდარი მაინც შეაღწევს შენს ცნობიერებაში, დიდი შანსია, საკუთარი თავი დაადანაშაულო და იმაზე იდარდო, თუ რატომ ხარ ასეთი სუსტი.
გრძნობებისათვის თავის არიდებისა და თავის დასჯის ამ ტენდენციას mood shame-ს, უხასიათობის გამო განცდილ სირცხვილს უწოდებენ. ესაა რწმენა, რომლის მიხედვითაც, ნეგატიური გრძნობების ქონა პირადი მარცხია.
მუდმივად ცხოვრების ნათელ მხარეზე ფოკუსირება სიძლიერისა და სიმამაცის გამოვლინებად მიიჩნევა ხოლმე. თუმცა თუ ზედმეტი მოგვივა, შეიძლება, საკუთარი თავი სრულიად რაციონალური რეაქციებისთვისაც კი გავკიცხოთ. რა თქმა უნდა, ნორმალურია, გვერჩივნოს, რომ ისეთ არაკომფორტულ ემოციებს, როგორიცაა იმედგაცრუება, შიში, ბრაზი თუ სევდა, მაქსიმალურად მოვერიდოთ, მაგრამ ახალი ფსიქოლოგიური კვლევების მიხედვით, მათ ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ. ამ გრძნობების ღირებულების დანახვითა და მიღებით, შესაძლოა, უკეთესი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა ჩამოგვიყალიბდეს.
სიცხადისთვის, როცა ვამბობთ, რომ ნეგატიური ემოციები უნდა მივიღოთ, არ ვგულისხმობთ დეპრესიას, შფოთვას ან სხვა ნებისმიერ მენტალურ აშლილობას, რომელსაც პროფესიონალის ჩარევა სჭირდება. ხანგრძლივ და აუტანელ ტანჯვას არანაირი სარგებელი არ აქვს და მისგან გასათავისუფლებლად დახმარების ძიება ერთადერთი სწორი გამოსავალია.
სანაცვლოდ, ჩვენ აქ ვსაუბრობთ დროებით ღრუბლებზე, რომლებიც რამდენიმე საათის თუ დღის განმავლობაში გროვდება ჩვენს თავებს ზემოთ. ეს გარდამავალი ემოციები ჩვენი გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამის მიუხედავად, ხშირად სწორედ ისე ვიქცევით, თითქოს მათ ასეთი ძალა ჰქონდეთ და ამ გრძნობების თავიდან არიდებას ვცდილობთ.
როგორც იტალიელი ფილოსოფოსი, ილარია გასპარი თავის წიგნში, Vita Segreta Delle Emozioni (ემოციების საიდუმლო ცხოვრება), წერს, გრძნობების ჩახშობის მცდელობით ჩვენ მათ, უბრალოდ, სირცხვილისა და შიშის ახალ ფენებს ვამატებთ. ასევე ჩნდება შურიც მათ მიმართ, ვინც ჩვენზე ბედნიერად გამოიყურება. ფილოსოფოსის თქმით, ის, რასაც საბოლოო ჯამში ვიღებთ, უფრო ძლიერია, ვიდრე ის, რასაც თავიდან გავურბოდით. "დიდი დრო დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ იყო ემოციური, არ ნიშნავს არასტაბილურობას ან დაუბალანსებლობას. ეს ნიშნავს, რომ ცოცხალი ხარ და სამყაროს გამოცდილებებისადმი ღია", — წერს გასპარი.
ფილოსოფოსი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით საუბრობს, მაგრამ ბევრი სამეცნიერო კვლევაც ამტკიცებს, რომ უხასიათობისგან გამოწვეულ სირცხვილს შეუძლია, ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესოს. უკეთ რომ გავიგოთ, რა იგულისხმება ამაში, რამდენიმე კითხვას გავეცნოთ. შეაფასე შემდეგი წინადადებები ერთიდან (არასდროს/ძალიან იშვიათად) შვიდამდე (ძალიან ხშირად/ყოველთვის) სკალაზე:
- საკუთარ თავს ვეუბნები, რომ თავს ისე არ უნდა ვგრძნობდე, როგორც ვგრძნობ;
- საკუთარ თავს ვაკრიტიკებ ირაციონალური ან შეუსაბამო ემოციების გამო;
- ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ჩემი გრძნობა ცუდი ან შეუსაბამოა და მათ არ უნდა განვიცდიდე.
ათასი მონაწილის გამოკითხვის შემდეგ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარმა აირის მოსმა აღმოაჩინა, რომ რაც უფრო მაღალია ამ სკალაზე მიღებული ქულა, მით უფრო დიდია დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომების ქონის ალბათობა. ამის გარდა, აღმოჩნდა, რომ მაღალი ქულის მქონე ადამიანები თავიანთი ცხოვრებით ნაკლებად იყვნენ კმაყოფილნი. ხოლო მონაწილეები, რომლებიც საკუთარ გრძნობებსა და ფიქრებს არ უწოდებდნენ "ცუდს" ან "შეუსაბამოს", უკეთესი მენტალური ჯანმრთელობით გამოირჩეოდნენ.
ცუდისა და კარგის დანახვა
ცუდ ხასიათზე ყოფნისგან გამოწვეული სირცხვილის შედეგებით მაშინ დავინტერესდი, როცა ჩემი წიგნისთვის, მოლოდინების ეფექტი, მასალას ვეძებდი. უამრავი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ადამიანების ცხოვრებისეული გზის ფორმირებაში წინასწარი განწყობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მაგალითად, მედიცინაში ტკივილის მსგავსი სიმპტომების პაციენტისეულ ინტერპრეტაციას შეუძლია, ისე შეცვალოს მისი განცდა, რომ ამან ფიზიოლოგიურ რეაქციაზეც კი მოახდინოს გავლენა.
ამ ყველაფერმა დამაფიქრა იმაზე, იგივე ხდებოდა ემოციების შემთხვევაშიც თუ არა. ჩვენ შეგვიძლია, თავად გრძნობების შეცვლის მაგივრად, ის შევცვალოთ, თუ რას ვფიქრობთ მათზე — ამან კი შეიძლება გააუმჯობესოს ნეგატიური გრძნობების მიმართ ჩვენი გამოცდილებები და მათი გრძელვადიანი ეფექტები ჩვენს ჯანმრთელობაზე.
მაგალითად, იმედგაცრუება არასასიამოვნო გრძნობაა, მაგრამ შეგვიძლია გავაცნობიეროთ, რომ ის შეცდომებისგან სწავლაში გვეხმარება. გრძნობისთვის უფრო პოზიტიური მნიშნვნელობის მინიჭებითა და მისი ჩვენდა სასარგებლოდ გამოყენების გზების გაანალიზებით კი, შესაძლოა, შევცვალოთ ტვინის მიერ ნაკარნახევი სხეულებრივი რეაქცია ნეგატიური გრძნობების მიმართ.
ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში მაქს პლანკის ინსტიტუტის ერთ კვლევას გადავაწყდი, რომელიც სწორედ ამის დამტკიცებას ცდილობდა. მკვლევრებმა ექსპერიმენტის მონაწილეებს სთხოვეს, შეეფასებინათ სხვადასხვა ისეთი ემოცია, როგორებიცაა ნერვიულობა, ბრაზი, თუ სევდა, იმის მიხედვით, თუ რამდენად არასასიამოვნოდ მიიჩნევდნენ თითოეულ მათგანს. მათ ასევე უნდა ეთქვათ, თუ რამდენად ადეკვატურად, ღირებულად და გამოსაყენებლად მიიჩნევდნენ ამ გრძნობებს. ამ სამი კრიტერიუმით გამოითვლებოდა, თუ რამდენად აფასებდნენ მონაწილეები თითოეულ გრძნობას.
აღმოჩნდა, რომ მონაწილეები, რომლებიც უსიამოვნო განწყობაში რაღაც პოზიტიურს ხედავდნენ, უკეთესი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობით გამოირჩეოდნენ — მათ დიაბეტისა და გულის დაავადებების მსგავსი პრობლემების ქონის ნაკლები რისკი ჰქონდათ.
განვითარების მოტივატორი
მას შემდეგ კიდევ უამრავი მტკიცებულება აღმოვაჩინე, რომელიც ნათლად გვანახებს, თუ როგორ ძლიერ ზემოქმედებს ემოციების დადებითი მხარეების აღიარება მის ეფექტებზე.
მაგალითად, განვიხილოთ შფოთვა. ჩვენ მივიჩნევთ, რომ შფოთვას შეუძლია, საგრძნობლად შეგვიმციროს კონცენტრაციის დონე და რთული დავალებების შესრულების უნარი; რომ გამოცდას წარმატებით მხოლოდ მაშინ დავწერთ, თუ ვისწავლით, როგორ მოვეშვათ. თუმცა რა მოხდება, თუ ამ გრძნობას ენერგიის წყაროდ მივიჩნევთ? გადაღებებისას ნერვებთან გამკლავებისთვის მსახიობი რობერტ პატინსონი სწორედ ამ სტრატეგიას იყენებს. ახალი მეცნიერული კვლევის მიხედვით კი, ასეთი მიდგომა აუმჯობესებს ჩვენს უნარს, გავუმკლავდეთ ისეთ მოკლეხნიან გამოწვევებს, როგორიცაა რთული გამოცდა ან საჯარო გამოსვლა. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაშიც შესაძლებელია, რომ მან გადაწვისა და გადაღლის რისკი შეამციროს.
წინასწარგანწყობის ეფექტი ბრაზის დროსაც იმავენაირად მოქმედებს. ჩვენ შეიძლება გვჯეროდეს, რომ გაღიზიანება საკუთარ თავზე კონტროლს გვაკარგვინებს. მაგრამ, სანაცვლოდ, შეგვიძლია, მას შევხედოთ როგორც მოტივატორს, რომელიც ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში დაგვარწმუნებს და მოგვცემს ძალას, მოვითხოვოთ ის, რაც გვეკუთვნის. ასეთი შეხედულება განსაკუთრებით მოლაპარაკებების მსგავსი ამოცანების შესრულებისას დაგვეხმარება.
მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ, თუ როგორ მოქმედებს ემოციების სხვადასხვაგვარად აღქმა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. თუმცა ემოციების შეფასების ფიზიოლოგიურ ეფექტებზე კვლევები უკვე გვთავაზობს დამაჯერებელ პასუხებს. როცა ისეთ გამღიზიანებელთან გამკლავება გვიწევს, რომელსაც ჩვენთვის საშიშად მივიჩნევთ, ამას ხშირად ანთებითი პროცესები და კორტიზოლის მსგავსი ჰორმონების დონეთა გადაჭარბებული ცვლა მოჰყვება. ასეთ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს შეუძლია, ჩვენი ორგანიზმი მოკლევადიანი საშიშროებისთვის მოამზადოს, მაგრამ თუ ეს მდგომარეობა დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, შესაძლოა, ჩვენვე დავზიანდეთ.
თუ ჩვენ ყველა უარყოფით ემოციას მიუღებლად, სამარცხვინოდ და პოტენციურად საზიანოდ აღვიქვამთ, ეს ჩვენს დაუცველობასა და იზოლაციას მხოლოდ და მხოლოდ გაზრდის, რასაც უფრო დიდი ფიზიოლოგიური ეფექტი ექნება. ჩვენი გრძნობების გადაფასება — ისე, რომ მათი ნამდვილი ღირებულება ამოვიცნოთ — ამ დამატებით სტრესს თავიდან აგვაცილებს. ასევე მას შეუძლია, სიძლიერისა და ავტონომიის შეგრძნება მოგვანიჭოს. ჩვენს გრძნობებთან ჯანსაღად გამკლავება დაარეგულირებს და შეამცირებს ფიზიოლოგიურ დატვირთვას და დაგვეხმარება, უკეთ უფრო მალე გავხდეთ.
კვლევის მიხედვით, რომელშიც 28,000 ადამიანი მონაწილეობდა, სხვადასხვა განწყობისათვის ჩვენივე ინტერპრეტაციის მიცემას მნიშვნელოვანი გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება. მონაწილეებს ევალებოდათ, რომ საკუთარ მენტალურ დაძაბულობაზე, შფოთვაზე და იმაზე ესაუბრათ, თუ, მათი აზრით, რამხელა ზიანი მოჰქონდა თავიანთი ჯანმრთელობისთვის სტრესს. აღმოჩნდა, რომ ეს მოლოდინები სიკვდილის რისკზე ახდენდა ზეგავლენას. ისინი, ვინც სტრესისგან იტანჯებოდნენ და სჯეროდათ, რომ ამას მათ ჯანმრთელობაზე საზიანო ეფექტი ექნებოდა, სიკვდილის უფრო დიდი რისკის ქვეშ იყვნენ, ვიდრე ისინი, ვინც სტრესისგან მნიშვნელოვან ნეგატიურ ეფექტებს არ ელოდნენ.
ამ დასკვნის გამოტანისას მეცნიერები ცხოვრების სტილთან დაკავშირებულ ისეთ ფაქტორებსაც იკვლევდნენ, როგორიცაა შემოსავალი, ფიზიკური აქტივობა და სიგარეტის მოწევა. ამიტომ, ეს კვლევა სკეპტიციზმით უნდა განვიხილოთ, თუმცა მისი დასკვნა უფრო მცირემასშტაბიანი კვლევების შედეგებს ემთხვევა — ემოციების ინტერპრეტირება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ეს გრძნობები.
ნაცრისფრის ტონალობები
ზამთარი იდეალური დროა, რომ ემოციების ეს ახლებური გაგება პრაქტიკაში გამოვცადოთ. ჩრდილოეთ ნახევარსფერო ამ დროს სიცივით და ტენიანობით გამოირჩევა, საახალწლო დასვენების შემდეგ სამსახურში დაბრუნება კი ყველასათვის მტკივნეულია. ზოგიერთ ჩვენგანს სეზონური დეპრესია აქვს და უკეთეს ცხოვრებაზე ოცნებობს, რაც მოწყენილობას, სევდასა და გაღიზიანებას იწვევს.
ამ გრძნობების გამო საკუთარი თავის გაკიცხვის მაგივრად, მიიღე ისინი და თავს დართე ნება, რომ თვითმიმტევებელი იყოს. ნეგატიურ ემოციებთან ბრძოლის მაგივრად, თავს ჰკითხე, რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეთ მათ. ეს იმის გარკვევაშიც შეიძლება დაგეხმაროს, თუ როგორ შეგიძლია, შენი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალო.
ხანდახან თითოეულ ჩვენგანს გვიწევს, სასოწარკვეთილების პერიოდი გავიაროთ, როდესაც დადებითი მხარეების დანახვა რთულია. ამ დროს ჩვენ ყველანაირი მხარდაჭერა გვჭირდება. თუმცა, ზოგადად, ჩვენი განწყობა არც შავია და არც თეთრი, არც კარგი და არც ცუდი. მას მრავალი ტონალობა აქვს — ამ წვრილმანებისთვის ყურადღების მიქცევით, შეგვეძლება, რომ ცხოვრების ყველანაირი შტორმი უფრო ადვილად გადავიტანოთ.
კომენტარები