როგორ სრულდებოდა პანდემიები — 6 ინფექციური დაავადების ისტორია

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რას ნიშნავს პანდემიის დასასრული

ორ წელზე მეტია, მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის. ამ დროის მანძილზე პანდემიამ წაგვართვა საყვარელი ადამიანები, შეცვალა ჩვენი ურთიერთობები. ამ გლობალურმა მოვლენამ უარყოფითი გავლენა იქონია როგორც ჩვენს მენტალურ, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. სულ ცოტა ხანში სამყარო რადიკალურად შეიცვალა.

ისტორიას თუ გადავხედავთ, ადამიანთა ცივილიზაციის აყვავებას თან სდევდა ინფექციური დაავადებების გავრცელებაც. მჭიდროდ დასახლებული ადგილები, ცხოველებთან ახლო კონტაქტი, თუ არასახარბიელო ჰიგიენური პირობები ამისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელ ნიადაგს ქმნიდნენ. გარდა ამისა, ინფექციების გავრცელებას ხელს უწყობდა ახალი სავაჭრო მარშრუტების შექმნაც და სწორედ ასე დაიწყო პირველი გლობალური პანდემიები. საბედნიეროდ, ყველაფერს აქვს დასასრული, მათ შორის პანდემიებსაც და როგორც ქვემოთ წაიკითხავთ, ამ უკანასკნელისგან თავის დაღწევა მართლაც შესაძლებელია. თუმცა, პანდემიის დასასრულს ცალსახა განმარტება, ერთი შეხედვით, არ აქვს. ხალხის ნაწილი დასასრულად ვაქცინის შექმნას მიიჩნევს, ნაწილი ამას მაშინ ზეიმობს როდესაც მას განვითარებული ქვეყნები დააღწევენ თავს და მესამე სამყაროს ქვეყნების მდგომარეობა აღარ აინტერესებთ, ნაწილი კი მაშინ, როცა კარანტინი და შეზღუდვები მოჰბეზრდებათ.

ამ სტატიაში გიამბობთ, როგორ სრულდებოდა მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და მძიმე პანდემიები და იქნებ ამ ამბებში მინიშნებებიც დავინახოთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დავაღწიოთ თავი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიას შვედეთის გარეთ, დედამიწის დანარჩენ სახელმწიფოებში (რადგან ამ უკანასკნელმა პანდემია დასრულებულად გამოაცხადა).

კვიპროსული ჭირი — "სამყაროს აღსასრული"

ფოტო: brewminate.com

მესამე საუკუნეში ეპიდაფეთქებების სერიამ რომის იმპერია მოიცვა. დაავადება, რომელსაც დღეს კვიპროსულ ჭირს ვუწოდებთ, 250-271 წლებში დღეში 5 000 ადამიანს კლავდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ამ მოვლენის მომსწრეებს ეს სამყაროს აღსასრული ეგონათ.

ამ ეპიდემიას მიეწერება რომის იმპერიის საგრძნობლად დასუსტება. LiveScience-ის მიხედვით, ჭირით დაავადებულებს აღენიშნებოდათ გულისრევა, დიარეა, სმენისა და მხედველობის დაქვეითება და, ხანდახან, დაავადებით გამოწვეული სხეულის ხრწნის შედეგად ავადმყოფები კიდურებსაც კი კარგავდნენ. ზოგიერთი მათგანი პარალიზებული იყო, ზოგს თვალებიდან ეწყებოდა სისხლდენა. World History Encyclopedia-ის მიხედვით, არავინ იცის, თუ რა იწვევდა დაავადებას, ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო კანდიდატი კი ვირუსული ჰემორაგიული ციებ-ცხელება იყო.

ჭირის დასრულების მიზეზი ბოლომდე გაურკვეველია, თუმცა 2014 წელს არქეოლოგებმა ჰარვას და ახიმენარუს სამგლოვიარო კომპლექსის გათხრისას დღევანდელ ლუქსორში, ეგვიპტეში მინიშნება აღმოაჩინეს — აქ ნაპოვნი ადამიანების ნარჩენების ფენები კირით იყო დაფარული, რომელსაც ფართოდ იყენებდნენ სადეზინფექციო საშუალებად. გარდა ამისა, ადგილზე აღმოაჩინეს სამი დიდი ზომის გამოსაწვავი ღუმელი, რომლებიც კირის მისაღებად გამოიყენებოდა და, ასევე, კოცონის კვალი, სადაც, სავარაუდოდ, გვამებს წვავდნენ. აქ რელიგიური ან დაკრძალვის რიტუალების კვალი არ ჩანდა, მხოლოდ დაინფიცირებულთა გვამების მასობრივი განადგურების ნიშნები შეიმჩნეოდა. როგორც ჩანს, მესამე საუკუნეში ადამიანებმა იცოდნენ, რომ დაინფიცირებულთა გვამებიც საფთხეს წარმოადგენდნენ და, როგორც არქეოლოგმა ფრანჩესკო ტირადრიტიმ განაცხადა, "ხალხს გვამები დროის ზედმეტი კარგვის გარეშე უნდა გაენადგურებინა".

შავი ჭირი — როცა დასახოცი აღარავინ დარჩა

სიცილიური ფრესკა, 1455 წ.

ფოტო: www.nytimes.com

მსოფლიო ისტორიაში სამი ყველაზე მძიმე პანდემია ერთმა ბაქტერიამ — Yersinia pestis-მა გამოიწვია, ფატალურმა ინფექციამ, რომელიც შავი ჭირის, ბუბონური ჭირის და იუსტინიანეს ჭირის სახელებით არის ცნობილი.

იუსტინიანეს ჭირი ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქში, კონსტანტინოპოლში ჩვენი წელთ აღრიცხვით 541 წელს გავრცელდა. ინფექცია ხმელთაშუაზღვისპირეთში ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს მიერ ახლადდაპყრობილი ეგვიპტიდან მოხვდა, რომელიც იმპერატორს ხარკს მარცვლეულის სახით უხდიდა. ბაქტერიის გადამტანი რწყილები შავ ვირთხებს ემაგრებოდნენ, რომლებიც, თავის მხრივ, მარცვლეულით იკვებებოდნენ.

ჭირმა მთელი კონსტანტინოპოლი მოიცვა და ცეცხლივით მოედო ევროპას, აზიას, ჩრდილოეთ აფრიკასა და არაბეთის ნახევარკუნძულსაც. მას ჯამში, დაახლოებით 30-50-მდე მილიონი ადამიანი ემსხვერპლა, რაც, სავარაუდოდ, იმდროინდელი მსოფლიო მოსახლეობის ნახევარს წარმოადგენდა.

"ადამიანებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა ზომები უნდა მიეღოთ დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად და როგორ შეჰბრძოლებოდნენ იუსტინიანეს ჭირს", — ამბობს თომას მოქეიტისი, ისტორიის პროფესორი ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტიდან. "რაც შეეხება პანდემიის დასრულებას, ყველაზე დამაჯერებელი ვარაუდის მიხედვით, ადამიანების უმეტესობა პანდემიას გადაურჩა და იუსტინიანეს ჭირის მიმართ იმუნიტეტი გამოიმუშავეს".

ამის შემდეგ იუსტინიანეს ჭირმა კაცობრიობას კიდევ რამდენჯერმე შეახსენა თავი და ისტორიის კურსიც არაერთხელ შეცვალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ინფექცია დაინფიცირებული ადამიანისგან აირწვეთოვანი გზით ვრცელდებოდა, ასე რომ, მხოლოდ ვირთხების მოკვლით ბუბონური ჭირის დამარცხება შეუძლებელი იყო.

XIV საუკუნეში ინფექცია კიდევ ერთხელ გავრცელდა და ამ დროს იგი უკვე შავი ჭირის სახელით გახდა ცნობილი. შუასაუკუნეების ეს პანდემია 1331 წელს ჩინეთში დაიწყო. მისი გავრცელება აქ სამოქალაქო ომს დაემთხვა და ამ ორმა მოვლენამ ერთდროულად ჩინეთის მოსახლეობის ნახევარი შეიწირა. შავმა ჭირმა სავაჭრო მარშრუტის გზით ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და შუა აღმოსავლეთშიც შეაღწია. 1347-1351 წლებში ჭირმა, რომლის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 80%-ს აღწევდა, ევროპის მოსახლეობის მესამედის — დაახლოებით 20 მილიონი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

"მკვდრებს იმაზე დიდ პატივს არ მიაგებდნენ, ვიდრე თხებს მიაგებენ ახლა დამარხვისას", — წერდა ფლორენციელი ჯოვანი ბოკაჩო. მწერლის მიხედვით, ხალხის ნაწილი სახლებში იმალებოდა, ნაწილი კი საფრთხეს საერთოდ უარყოფდა. პანდემიასთან გამკლავების მექანიზმი მათთვის ბევრი სმა, სიმღერა, დროს ტარება და ამ ყველაფერზე მხრების აჩეჩვა იყო, როგორც ერთ დიდ ხუმრობაზე.

მოქეიტისის თქმით, მეექვსე საუკუნის პანდემიის მსგავსად, ადამიანებს არც ახლა ჰქონდათ რაიმე მეცნიერული ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ გადაეცემოდა ინფექცია, თუმცა იცოდნენ, რომ ამას სიახლოვესთან ჰქონდა გარკვეული კავშირი. სწორედ ამიტომ, ვენეციის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მათ დაქვემდებარებულ საპორტო ქალაქ რაგუსაში ჩამოსული მეზღვაურები იზოლაციაში გადაეყვანა და იქამდე არ გამოეშვა, სანამ არ დადასტურდებოდა, რომ შავი ჭირით არ იყვნენ დაინფიცირებულები. თავდაპირველად მეზღვაურებს გემზე 30 დღით აყოვნებდნენ — ვენეციის კანონმდებლობაში ეს წესი trentino-ის სახელით შევიდა. გარკვეული დროის შემდეგ ვენეციელებმა იძულებითი იზოლაცია 40 დღემდე, ან quarantino-მდე გაზარდეს. ტერმინი კარანტინიც სწორედ აქედან მოდის და დასავლურ სამყაროში კარანტინის პრაქტიკაც ვენეციელების მაგალითზე დაყრდნობით შექმნეს.

1351 წლის შემდეგ პანდემია თითქოს დასრულდა, თუმცა იგი გარკვეულ ადგილებში ისევ იჩენდა ხოლმე თავს. საუკუნეების შემდეგ ჭირი ისევ გამოჩნდა და ყველაზე საშინელი ეპიდაფეთქება 1855 წელს ისევ ჩინეთში დაიწყო. ამჯერად ბაქტერია უკვე მთელ მსოფლიოს მოედო, რამაც მხოლოდ ინდოეთში 12 მილიონი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. იელის უნივერსიტეტის ისტორიკოსის, ფრენკ სნოუდენის თქმით, შავ ჭირს რომ არ შეეღწია, ბომბეის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა მთელი ქალაქის შემოგარენი გადაწვეს, თუმცა არავინ იცოდა, იქონია თუ არა ამან რაიმე გავლენა ინფექციის გავრცელება/არ გავრცელებაზე.

ფოტო: static01.nyt.com

"პანდემიის დასასრულის შესახებ ხალხმა არაფერი იცოდა და შავი ჭირის დამარცხებიდან ასეულობით წლის მანძილზე ისინი შემდეგი ეპიდაფეთქებისთვის ემზადებოდნენ", — ამბობს დორსი არმსტრონგი, ინგლისურისა და შუასაუკუნეების ლიტერატურის პროფესორი ინდიანას პერდიუს უნივერსიტეტიდან.

არმსტრონგის თქმით, ეპიდაფეთქებებმა მთელი ოჯახების ამოწყვეტა და სოფლების დაცარიელება გამოიწვია. იმ დროს ადამიანებმა არ იცოდნენ, რომ ინფექციის გადამტანები ვირთხებზე მცხოვრები რწყილები იყვნენ და რომ ვირთხების არყოფნის შემთხვევაში რწყილები ადამიანებამდე თვითონვე იკვლევდნენ გზას. ასე რომ, ვირთხების პოპულაციაში წონასწორობის დარღვევა იმას ნიშნავდა, რომ რწყილები მასპინძლის საპოვნელად უბრალოდ ახალ ხერხს მოძებნიდნენ. არმსტრონგი აღნიშნავს, რომ შავი ჭირი მსოფლიოს გარკვეულ ნაწილებში მცხოვრებ მოსახლეობას ისევ აწუხებს, თუმცა ადრეული დიაგნოზირების შემთხვევაში მისი ანტიბიოტიკებით მკურნალობა შესაძლებელია.

გაურკვეველია, თუ რამ გამოიწვია ბუბონური ჭირის პანდემიის დასრულება. ისტორიკოსების ნაწილის აზრით, დაავადების გადამტანი რწყილები ცივ ამინდში დაიხოცნენ, მაგრამ ამას ინფექციის აირწვეთოვანი გზით გავრცელებისთვის ხელი არ უნდა შეეშალა. კიდევ ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ბაქტერიამ ევოლუცია განიცადა და ადამიანებისთვის ნაკლებად მომაკვდინებელი გახდა, ან სულაც, შესაძლოა, შედეგი ადამიანების მიერ მიღებულმა ზომებმა, მათ შორის სოფლების გადაწვამ გამოიღო.

ყვავილი — პანდემია, რომელიც მართლა დასრულდა

ფოტო: www.nytimes.com

ყვავილი ევროპის, აზიისა და არაბეთის ნახევარკუნძულის მოსახლეობისთვის საუკუნეების მანძილზე მუდმივ საფრთხეს წარმოადგენდა. ვირუსი 10 დაინფიცირებულიდან 3 ადამიანს, ხშირად აუტანელი ტანჯვის შემდეგ კლავდა, დანარჩენებს კი ნაწიბურების სახით შრამებს უტოვებდა. თუმცა, სიკვდილიანობის ეს მაჩვენებელი არაფერია იმასთან შედარებით, რაც ამერიკაში ყვავილის გამოჩენამ გამოიწვია.

რეი ბრედბერის მარსის ქრონიკებში დედამიწელების მეოთხე ექსპედიციის წარმატება მარსზე დედამიწისეულ ვირუსს უკავშირდება. აღმოჩნდება, რომ წინა ექსპედიციაზე ადამიანებმა აქ ყვავილი ჩამოიტანეს და მარსელების მოდგმა, რომელსაც ვირუსის მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი გამომუშავებული არ ჰქონდა, მთლიანად განადგურდა. მისიის არქეოლოგი ამ აღმოჩენის შემდეგ თავისი ეკიპაჟის წევრების დახოცვას დაიწყებს. მისი მარცხი გარდაუვალია და მიუხედავად იმისა, რომ ექსპედიციის კაპიტანი თანაუგრძნობს მის სურვილს, მარსის ცივილიზაციის არტეფაქტები ხელუხლებლად შეინარჩუნოს, იგი თავს მაინც ვალდებულად თვლის, თავისი მოვალეობა შეასრულოს და დედამიწელ კოლონისტებს მარსისკენ გზას უხსნის.

მსგავსი რამ მოხდა ამერიკაშიც, სადაც ყვავილმა პირველად XV საუკუნეში ევროპელი მოგზაურების საშუალებით ჩააღწია. თანამედროვე მექსიკისა და აშშ-ის ადგილას მცხოვრებ მკვიდრ მოსახლეობას ყვავილის მიმართ ნულოვანი იმუნიტეტი ჰქონდა. აქ ვირუსმა ათობით მილიონი მათგანის სიკვდილი გამოიწვია.

"კაცობრიობის ისტორიაში ისეთი მასშტაბური სიკვდილიანობა არსად ყოფილა, როგორიც იმ დროს ამერიკაში იყო — მკვიდრი მოსახლეობის 90-95% სულ ერთ საუკუნეში განადგურდა", — ამბობს მოქეიტისი. "მექსიკის ტერიტორიაზე კოლონიზაციის დაწყებამდე მოსახლეობა 11 მილიონიდან ერთ მილიონამდე შემცირდა".

"1633 წელს ეპიდემიამ ამერიკის ჩრდილოაღმოსავლეთში მკვიდრი ამერიკელების ყველა დასახლება გაანადგურა და მასაჩუსეტსში ინგლისური დასახლებების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი", — ამბობს ჰარვარდის ისტორიკოსი, დოქტორი დევიდ ჯონსი. უილიამ ბრედფორდი, პლაიმაუტის კოლონიის ლიდერი, მკვიდრ ამერიკელებზე წერდა, რომ პაციენტის სხეულზე ჩირქოვანი გამონაყარი იმ საგებს ეკრობოდა, რომელზეც დაინფიცირებული იწვა, გადაბრუნებისას კი პაციენტებს კანი სძვრებოდათ და ნაწიბურებიდან სისხლდენა ეწყებოდათ.

ფოტო: www.history.com

საუკუნეების შემდეგ ყვავილი პირველ ვირუსულ პანდემიად იქცა, რომელიც ვაქცინის მოქმედების შედეგად დასრულდა. XVIII საუკუნის ბოლოს ბრიტანელმა ექიმმა, ედვარდ ჯენერმა აღმოაჩინა, რომ ძროხის მწველავები, რომლებიც ყვავილის შედარებით მსუბუქი ფორმით, ძროხის ყვავილით ინფიცირდებოდნენ, ყვავილის მიმართ უფრო მაღალი იმუნიტეტით გამოირჩეოდნენ.

1796 წელს ჯენერმა ძროხის ყვავილით დაინფიცირებული მწველავი ქალის ერთ-ერთი ნაწიბურიდან ჩირქი აიღო და იგი თავისი მებაღის 8 წლის შვილს შეუყვანა. წარმოდგენა არ მაქვს, ბიჭი ან მისი მშობლები რატომ დასთანხმდნენ ამ ექსპერიმენტს, თუმცა ამას 8 წლის მოხალისის ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მიუყენებია. ეს იყო პირველი აცრა და ასე შეიქმნა ყვავილის პირველი ვაქცინაც. შედეგად, ჯენერი, ცოტა დაუმსახურებლად, იმუნოლოგიის მამად აღიარეს.

ყვავილის ვაქცინას თუ გაიკეთებთ, ძროხის თავი არ გაგეზრდებათ

ყვავილის ვაქცინას თუ გაიკეთებთ, ძროხის თავი არ გაგეზრდებათ

ყვავილის ვაქცინის მიმართ ხალხში შიში და უნდობლობა იყო გავრცელებული. ამასთან დაკავშირებით ბრიტანელმა სატირიკოსმა, ჯეიმს გილრეიმ 1802 წელს ეს კარიკატურა შექმნა, სადაც ახლად აცრილ ადამიანებს ძროხის თავები ეზრდებათ.

ფოტო: kuow.org

ამის შემდეგ ვირუსისგან გათავისუფლებას დაახლოებით ორი საუკუნე დასჭირდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ვაქცინის შექმნა პანდემიის დასასრულს სულაც არ ნიშნავს. 1980 წელს კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ყვავილის პანდემია მთლიანად აღიგავა პირისაგან მიწისა. ყვავილმა სამედიცინო აღსასრული განიცადა და იგი რამდენიმე მიზეზის გამოა გამორჩეული:

  • არსებობს ეფექტიანი ვაქცინა, რომელიც მისგან მთელი სიცოცხლის მანძილზე გვიცავს;
  • ყვავილის გამომწვევ ვირუსს — Virola major-ს ვექტორი ორგანიზმი არ ჰყავს, ასე რომ, ადამიანებში დაინფიცირების პრევენცია მისი გავრცელების სრულ პრევენციას ნიშნავს;
  • დაავადების სიმპტომები იმდენად უჩვეულოა, რომ ინფექციის დაფიქსირება ადამიანებში ადრეულ ეტაპზეა შესაძლებელი, რაც კონტაქტების ეფექტიანად შესწავლისა და გაფრთხილების შესაძლებლობას იძლევა.

ქოლერა — საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამარჯვება

სატირული კარიკატურა, 1858 წ.

სატირული კარიკატურა, 1858 წ.

მდინარე ტემზა და მისი ნაშიერები — ქოლერა, სკროფულა და დიფტერია.

ფოტო: www.history.com

XIX საუკუნის დასაწყისიდან შუა პერიოდამდე ქოლერამ მთელი ინგლისი მოიცვა და ათობით ათასი ადამიანი შეიწირა. იმდროინდელი სამეცნიერო თეორიის მიხედვით, დაავადება მიაზმას სახელით ცნობილი დაბინძურებული ჰაერით გადაიცემოდა, მაგრამ ბრიტანელმა ექიმმა, სახელად ჯონ სნოუმ, აღმოაჩინა, რომ მისტიკური დაავადების წყარო, რომელიც დაინფიცირებულებს პირველი სიმპტომების გამოჩენიდან სულ რამდენიმე დღეში კლავდა, სინამდვილეში ლონდონის სასმელი წყალი იყო.

სნოუმ ეპიდაფეთქების ზუსტი ლოკაციისა და, შესაბამისად, ბაქტერიის გავრცელების წყაროს პოვნის მიზნით საავადმყოფოს ჩანაწერები და მორგის ანგარიშები გამოიკვლია. ამის საფუძველზე მან 10 დღის მანძილზე ქოლერათი გამოწვეული სიკვდილიანობის ერთგვარი გეოგრაფიული სქემა შექმნა და ბროუდ სთრითის სასმელი წყლის ჭაბურღილის გარშემო ინფექციის 500 ფატალური შემთხვევის კლასტერი აღმოაჩინა.

დიდი ძალისხმევის შემდეგ სნოუმ ადგილობრივი ხელისუფლება დაარწმუნა, ბროუდ სთრითის სასმელი წყლის ჭიდან სატუმბი მოეშორებინა, რის შემდეგაც ინფექცია "ჯადოსნურად" გაუჩინარდა. სნოუს ამ აღმოჩენას ქოლერათი გამოწვეული პანდემია ერთ დღეში არ დაუმარცხებია, თუმცა საბოლოოდ ამან მსოფლიოს ურბანული სანიტარული პირობების გაუმჯობესებისა და სასმელი წყლის დაბინძურებისგან დაცვის მნიშვნელობა დაანახა.

აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ქოლერა დიდწილად აღმოიფხვრა, თუმცა მესამე მსოფლიოს ქვეყნებში, განსაკუთრებით კი იქ, სადაც ჩამდინარე წყლების დამუშავება სათანადოდ არ ხდება და სადაც ადამიანებს სუფთა სასმელ წყალზე შეზღუდული აქვთ წვდომა, ამ ბაქტერიით ჯერ კიდევ უამრავი ადამიანი იხოცება. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს ნაწილისთვის პანდემია დასრულებულია, ნაწილი კი მას დღემდე ებრძვის.

ესპანური გრიპი — 1918 წლის პანდემია

ფოტო: nytimes.com

1918 წლის გრიპის, იგივე ესპანური გრიპის გავრცელების შედეგები და მისი თანმდევი მოვლენები პანდემიის გამანადგურებელ ძალას და კარანტინისა და სოციალური დისტანციის მნიშვნელობას ნათლად დაგვანახებს. პანდემიის დასრულებამდე გრიპმა, რომლის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10-20%-ს აღწევდა და რომლითაც მსოფლიო მოსახლეობის 1/3 დაინფიცირდა, 50-100 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. პანდემიის მსხვერპლთა უმრავლესობას ახალგაზრდა ან შუახნის ადამიანები წარმოადგენდნენ. შესაბამისად, ყველა სიკეთესთან ერთად გრიპი ბავშვებს აობლებდა, ოჯახს მთავარი ფინანსური საყრდენის გარეშე ტოვებდა და პირველ მსოფლიო ომში მონაწილეთა ჯარებსაც ანადგურებდა.

1918 წლის შემოდგომით გამოჩენილი ექიმი, ვიქტორ ვოგანი ბოსტონის მახლობლად მდებარე დევენსის საწვრთნელ სამხედრო ბანაკში გაგზავნეს, რათა იქ მყოფნი ესპანური გრიპის შესახებ გაეფრთხილებინა. მოგვიანებით ექიმი წერდა, რომ პალატაში საკუთარი ქვეყნის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ასობით ახოვანი ახალგაზრდა კაცი შემოდიოდა, გარკვეული დროის შემდეგ მათ სახეს მოლურჯო ნადები ფარავდა, შემაწუხებელ ხველას სისხლიანი ნახველი მოჰყვებოდა, მეორე დილით კი მათ გვამებს მორგში ხის მორებივით აწყობდნენ.

ესპანურმა გრიპმა მთელი მსოფლიო მოიცვა, შემდეგ კი ვირუსმა ევოლუცია განიცადა და შედარებით სუსტ ვარიანტებად ჩამოყალიბდა. პანდემია დასრულდა სოციალური თვალსაზრისითაც. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ადამიანები ახალი დასაწყისისთვის იყვნენ მზად. მათ უნდოდათ, ომისა და პანდემიის ეს კოშმარული გამოცდილება უკან მოეტოვებინათ.

ფოტო: news.yahoo.com

ამის შემდეგ, საბედნიეროდ, ესპანური გრიპი დავიწყებას მიეცა, თუმცა, როგორც აღვნიშნე, გამოჩნდა ვირუსის სხვა ვარიანტები. მაგალითად, 1968 წელს ჰონკონგის გრიპმა 1 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, რომელთა უმეტესობას 65 წელს გადაცილებული ადამიანები შეადგენდნენ. ახლა კი, გრიპის სუსტი ვარიანტები ჩვეულებრივ ამბად იქცა და ზოგიერთ ჩვენგანს ყოველწლიურად გვაწუხებენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ გრიპის პანდემია არ დაგვიმარცხებია, უბრალოდ გადავურჩით მას და დღეს ეს უკანასკნელი იმდენად აღარ გვაზარალებს, რომ მასთან ბრძოლის ყველა გზის გამოყენებით შევიწუხოთ თავი.

ესპანური გრიპის მსგავსად, 2009 წელს ახალი პანდემიის მიზეზი გახდა H1N1. იქიდან გამომდინარე, რომ გრიპის ვირუსი თავდაპირველად ღორებზე გამოჩნდა, მას ღორის გრიპის სახელითაც მოიხსენიებდნენ. ვირუსით ასობით მილიონი, შესაძლოა, ერთ მილიარდზე მეტი ადამიანიც კი დაინფიცირდა, თუმცა, პირველი ეპიდაფეთქების შემდეგ, მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი სულ რაღაც 0.02% იყო. არსებული მედიკამენტები ღორის გრიპის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტიანი აღმოჩნდა, ახალი შტამის ვაქცინის შესაქმნელად კი დაახლოებით ექვსი თვე გახდა საჭირო. პანდემია დასრულებულად 2010 წელს გამოცხადდა, თუმცა, როგორც აღვნიშნე, გრიპის სხვა ვარიანტები ყოველწლიურად გვხვდება.

შიდსი — შიში, ჰომოფობია და დეზინფორმაცია

ფოტო: verywellhealth.com

პანდემიის ადრეულ წლებში აივ ვირუსის მატარებელ ამერიკელთა თითქმის ნახევარი შიდსით ან მასთან მიახლოებული მდგომარეობით დაინფიცირებიდან მომდევნო ორი წლის მანძილზე იღუპებოდნენ. სიკვდილიანობამ პიკს 1995 წელს მიაღწია, როდესაც პანდემიის მსხვერპლთა რიცხვმა 50 000-ს გადააჭარბა, შემდეგ სტაბილურად დაიწყო კლება ორი რამის წყალობით: პირველი ვირუსის გავრცელების პრევენციის ეფექტიანი ზომები იყო, მეორე კი ახალი მედიკამენტები, რომელთა საშუალებითაც სისხლში ვირუსის შეუმჩნეველ დონემდე შემცირება გახდა შესაძლებელი. შიდსის კრიზისმა ხაზი გაუსვა საზოგადოებაში არსებულ უთანასწორობას და 1980-იან წლებში დიდი გავლენა იქონია სოციალურ ქცევასა და კულტურაზე.

აივ ვირუსი პირდაპირ ადამიანის იმუნურ სისტემას უტევს და დაინფიცირებულის სისხლთან ან სპერმასთან კონტაქტით ვრცელდება. მკურნალობის გარეშე აივმა, შესაძლოა, შიდსი, იგივე შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი გამოიწვიოს, რაც, მკურნალობის გარეშე, შესაძლოა მომდევნო სამი წლის განმავლობაში ფატალური შედეგით დასრულდეს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, აივ ვირუსის გამოჩენის შემდეგ, ინფექციით მსოფლიოში, დაახლოებით, 36.3 მილიონი ადამიანი დაიღუპა. 2020 წელს ვირუსით დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 680 000 მასთან დაკავშირებული მიზეზით მოკვდა.

თავდაპირველად, როდესაც შიდსის კრიზისი დაიწყო, ამ საკითხს მხოლოდ გეი კაცების პრობლემად განიხილავდნენ — ჯგუფის, რომელთა უგულებელყოფაც ხელისუფლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. "მნიშვნელოვანი რესურსები უარყოფილი იქნა", — ამბობს უაიტი. "კვლევა ნელა მიმდინარეობდა, ათასობით ადამიანი დაიხოცა საზოგადოების არაკოორდინირებული რეაგირების შედეგად", — განუცხადა CTVNews.ca-ს ალექსანდრე უაიტმა, ისტორიკოსმა და მედიცინის ისტორიისა და სოციოლოგიის ასისტენტ პროფესორმა ჯონ ჰოპკინსის მედიცინის სკოლიდან.

მამა შიდსით დაინფიცირებულ მომაკვდავ შვილს ანუგეშებს.

მამა შიდსით დაინფიცირებულ მომაკვდავ შვილს ანუგეშებს.

ფოტო ჟურნალ LIFE-ში 1990 წელს გამოქვეყნდა.

ფოტო: historydaily.org

დაავადების გარშემო არსებულმა სტიგმამ ვირუსის უფრო მეტად გავრცელებას შეუწყო ხელი. შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან მკურნალობის მეთოდი ჯერ არ არსებობს, თუმცა მისი რამდენიმე კანდიდატი სამედიცინო კვლევების ფაზაშია. ასევე, აღსანიშნავია, რომ მეცნიერთა გუნდმა აშშ-ში ახლახან გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ პაციენტის ორგანიზმში ღეროვანი უჯრედების გადანერგვის გზით შიდსით დაინფიცირებული ქალი პაციენტი განკურნეს, რაც ისტორიაში პირველ მსგავს პრეცედენტს წარმოადგენს. ეს მსოფლიოში მესამე პაციენტია, რომელმაც ვირუსი ექიმების დახმარებით დაამარცხა.

არსებობს საიმედო მკურნალობის მეთოდები, რომლებიც აივით დაინფიცირებულებს საშუალებას აძლევს, შიდსით სიკვდილის, ან ვირუსის გავრცელების შიშის გარეშე იცხოვრონ. თუმცა, სამწუხაროდ, მკურნალობაზე წვდომა ყველას არ აქვს. შიდსის გავრცელება და მისი ეპიდაფეთქებების სიმწვავე ხშირად ქვეყნის რესურსებზე და შემოსავალზეა დამოკიდებული. როგორც აღვნიშნე, ხშირად პანდემია დასრულებულად მიიჩნევა, როდესაც შედარებით მაღალშემოსავლიან ქვეყნებში მისი საფრთხე იკლებს და აივის ისტორია ამის ნათელი მაგალითია.

როგორ დასრულდება COVID-19-ით გამოწვეული პანდემია?

ფოტო: Mat Napo via Unsplash

ისტორიას თუ გადავხედავთ, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ადამიანები დროთა განმავლობაში დაიღლებიან შეზღუდვებით და ერთ დღეს უბრალოდ გამოაცხადებენ, რომ პანდემია დასრულდა და თითქოს უკვე ასეც ხდება. მაგალითად, შვედეთმა საკუთარ ქვეყანაში პანდემიის დასასრული უკვე გამოაცხადა, მთელი რიგი ქვეყნების მთავრობები შეზღუდვების ნაწილს ხსნიან, ადამიანები კი თითქოს ისე აღარ უფრთხიან ვირუსს, როგორც პანდემიის დასაწყისში. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამბობს, რომ საკმარისია, ასე გაგრძელება აღარ უნდა და ისე იქცევა, თითქოს ვირუსი არც არსებულა.

ექიმებისა და მეცნიერების აზრით, იმის განსაზღვრა, თუ როდის დასრულდება პანდემია, ადვილი საქმე არაა. შესაძლებელია, COVID-19 დროთა განმავლობაში სუსტ ვარიანტად ჩამოყალიბდეს და მას ისევე აღარ მივაქციოთ ყურადღება, როგორც სეზონურ გრიპს? იქნებ ისიც სეზონურ პრობლემად იქცეს და მის თავიდან ასაცილებლად ყოველწლიური ვაქცინაცია გახდეს საჭირო? შეძლებენ მაღალშემოსავლიანი სახელმწიფოები ვაქცინაციის ან მკურნალობის რაიმე სხვა მეთოდის გზით ვირუსის დამარცხებას და პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებენ მაშინ, როდესაც მესამე მსოფლიოს ქვეყნები მასთან ბრძოლას განაგრძობენ? ამ კითხვებზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, თუმცა ისტორია გვიჩვენებს, რომ პანდემიებისა და ომების ბოლოს "მშვიდობიანი შეთანხმება" იშვიათად დგება.

ექიმებისა და მეცნიერების ნაწილის აზრით, ერთ-ერთი ყველაზე სავარაუდო სცენარის მიხედვით, ესპანური გრიპის მსგავსად, COVID-19 საბოლოოდ სუსტ ვარიანტად ჩამოყალიბდება და მხოლოდ სეზონურად შეგვაწუხებს ხოლმე. შესაძლოა, შიდსის სცენარიც განმეორდეს და პანდემია დასრულებულად განვიხილოთ მაშინ, როდესაც გლობალურად იგი აღმოფხვრილი საერთოდ არაა. თუმცა, საბედნიეროდ, კორონავირუსის შემთხვევაში უკვე ვიცით, თუ როგორ მოქმედებს და როგორ ვრცელდება იგი, საბედნიეროდ, შემუშავებულია ვაქცინები და მკურნალობის სხვა საშუალებები, რაც მასობრივი სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილებაში გვეხმარება.

პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

პროექტი "სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა" არის 48-თვიანი პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ და ხორციელდება ERIM (ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) მიერ. პროექტის მთავარი მიზანი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობის და მდგრადობის ხელშეწყობა, რაც მათ საშუალებას მისცემს შეამსუბუქონ COVID-19- ის უშუალო და გრძელვადიანი გავლენა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა მოხდა შავ ზღვაში — ნავთობპროდუქტის ჩაღვრით გამოწვეული პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა

გირჩევთ