მზის სისტემასთან უახლოესი ვარსკვლავის მიმდებარედ ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
ასტრონომებმა, ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის კუთვნილი ტელესკოპის გამოყენებით, ჩვენს მზის სისტემასთან ყველაზე ახლომდებარე ვარსკვლავთან ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ისინი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნებულ ნაშრომში წერენ.
ეს ვარსკვლავი ჩვენგან მხოლოდ 4.2 სინათლის წლით დაშორებული პროქსიმა კენტავრი გახლავთ, რომლის გარშემოც 3 ციური სხეული გადაადგილდება. სისტემის უახლესი წევრი პროქსიმა d არის, რომლის მასაც დედამიწის მასის მეოთხედს შეადგენს. ასევე, აქამდე მიკვლეულ ეგზოპლანეტებს შორის ის ყველაზე მსუბუქია.
წითელი ჯუჯის ტიპის მნათობის ირგვლივ, დაახლოებით 4 მილიონ კილომეტრ დისტანციაზე მოძრაობას ობიექტი 5 დღეს ანდომებს. მისი ორბიტა პროქსიმა კენტავრსა და სიცოცხლისთვის თავსებად ზონას შორის მდებარეობს — ესაა რეგიონი, სადაც შესაძლოა, წყალი თხევადი სახით არსებობდეს.
დანარჩენი 2 ეგზოპლანეტა პროქსიმა b და პროქსიმა c-ა, 11-დღიანი და 5-წლიანი ორბიტული პერიოდებით. პირველი მათგანი მეცნიერებმა სამხრეთ ნახევარსფეროში ასტრონომიული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (ESO) ტელესკოპზე დამონტაჟებული ხელსაწყოთი HARPS დააფიქსირეს, ESPRESSO-დ წოდებული სპექტროგრაფის მეშვეობით კი 2020 წელს მისი ავთენტურობა დაადასტურეს. ამავე დროს, მათ სხვა სიგნალიც აღმოაჩინეს. მოგვიანებით კი დაადგინეს, რომ ის სწორედ პროქსიმა d-დან მოდიოდა.
ამაში სპეციალისტებს რადიალური სიჩქარის გამოთვლის ტექნიკა დაეხმარა, ანუ ციური სხეულისა და ვარსკვლავის გრავიტაციული ურთიერთქმედების შესწავლა. ავტორები აცხადებენ, რომ მსგავსი მეთოდი სიმსუბუქით გამორჩეული სხვა ისეთი კანდიდატების მიგნების საშუალებასაც იძლევა, რომლებზეც შესაძლოა, სიცოცხლე იყოს.
კომენტარები