სტენდალის სინდრომი — მდგომარეობა, რომელიც ტურისტებში პანიკის შეტევას იწვევს
ამ უცნაურ ფენომენს ყოველწლიურად არაერთი ტურისტი განიცდის: ფლორენციის ხელოვნების ნიმუშების ხილვა ქალაქის ზოგ ვიზიტორში ემოციებით ავსებისგან ნერვული აშლილობის სიმპტომებს იწვევს. ამ მდგომარეობასა და მის გამომწვევ მიზეზებზე BBC-ის კორესპონდენტი, დენიელ სტეიბლსი გვიყვება.
ფლორენციის უფიცის გალერეის დერეფნებში სიარულისას ლეონარდო და ვინჩის მოგვთა თაყვანისცემამდე რომ მივედი, უჩვეულო შეგრძნება დამეუფლა. მუცელი დამეჭიმა და გული ამიჩქარდა, მუხლები მომეკეცა და ხელისგულები დამისველდა. მივხვდი, ლანჩზე ნაჭამი ქათმის ღვიძლი მახსენებდა თავს.
თუმცა ფლორენციის ზოგიერთი ვიზიტორისთვის ეს იმ ავადმყოფობის მწვავე სიმპტომებია, რომელსაც საკვებით მოწამვლასთან საერთო არაფერი აქვს. სანაცვლოდ, ის, როგორც ჩანს, ხელოვნების იმ მრავალრიცხოვან ნიმუშებთანაა დაკავშირებული, რომლითაც ქალაქია სავსე.
ამბობენ, რომ სტენდალის სინდრომი ფსიქოსომატური მდგომარეობაა, რომელიც ფლორენციის მდიდრული მხატვრული მემკვიდრეობის ხილვითაა გამოწვეული. ამ ფენომენმა სახელი ფრანგი მწერლის, ანრი მარი ბეილისგან მიიღო, რომელსაც სტენდალის სახელით ვიცნობთ. იგი 1817 წელს ტოსკანის დედაქალაქში მოგზაურობის შესახებ წერდა: "ფლორენციაში ყოფნისას ერთგვარ ექსტაზში ვიყავი, გულის ძლიერმა ფეთქვამ შემიპყრო… ჩემში სიცოცხლის წყარო გაშრა და სვლას მიწაზე დაცემის მუდმივი შიშით განვაგრძობდი".
1989 წელს ფლორენციის სანტა მარია ნუოვას საავადმყოფოს ფსიქიატრმა, გრაციელა მაგერინიმ სინდრომი კლინიკურად განმარტა და ფსიქიატრიულ აშლილობად შეაფასა. მაგერინი 106 ტურისტს დააკვირდა, რომლებსაც ისეთი ხელოვნების ნიმუშების ნახვისას, როგორიც მიქელანჯელოს ქანდაკებები და ბოტიჩელის ნახატებია, თავბრუსხვევა, გულისცემის აჩქარება, ჰალუცინაციები და დეპერსონალიზაცია განუვითარდათ. ისინი "დიდი შედევრის ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და მოგზაურობით გამოწვეულ პანიკის შეტევებს განიცდიდნენ", — თქვა მაგერინიმ 2019 წელს.
სინდრომის შემთხვევები დღემდე ფიქსირდება.
"ეს წელიწადში, ჩვეულებრივ, 10-20-ჯერ ხდება და, ძირითადად, ისეთ ადამიანებს ემართებათ, რომლებიც ძალიან მგრძნობიარენი არიან. ისინი ტოსკანაში ჩამოსვლას მთელი ცხოვრებაც კი შეიძლება ელოდნენ. ბოტიჩელის ნამუშევრები, მიქელანჯელოს დავითი — ხელოვნების ეს საკულტო ნიმუშები ნამდვილად ამაღელვებელია და მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ხშირად მინახავს როგორ ტირიან მათი შემყურე ადამიანები", — ამბობს სიმონეტა ბრანდოლინი, ხელოვნების საქველმოქმედო ორგანიზაციის, ფლორენციის მეგობრები, პრეზიდენტი.
როგორც ჩანს, ბოტიჩელის ვენერას დაბადება განსაკუთრებით ამაღელვებელია. "ვენერას წინ ერთი ეპილეფსიური შეტევა და ერთი გულის შეტევაც დაფიქსირდა", — ამბობს უფიცის დირექტორი აიკ შმიდტი.
ადამიანი, ვისაც 2018 წელს ნახატის წინ გულის შეტევა მოუვიდა, 68 წლის კარლო ოლმასტრონია, ტოსკანის ქალაქ ბანიო-ა-რიპოლიდან. "მე მივუახლოვდი ბოტიჩელის ვენერას დაბადებას და სანამ ამ საოცრებით ვტკბებოდი, ჩემი მოგონებები გაქრა", — მითხრა ოლმასტრონიმ. მისი ამბავი მედიამ იტალიასა და მის ფარგლებს გარეთაც სწრაფად აიტაცა და ის სტენდალის სინდრომის გამოვლინებად შერაცხა. თუმცა, ოლმასტრონის შემთხვევაში საქმე სხვა რამესთან გვქონდა. შეტევის მიზეზი არა სტენდალის სინდრომი, არამედ ნაკლებად რომანტიკული მოვლენა — ორი კორონარული არტერიის ოკლუზია გახლდათ.
"შესაძლოა, მათ [არტერიებმა] გადაწყვიტეს, რომ ვენერაზე ლამაზს მაინც ვეღარაფერს იხილავდნენ და საბოლოოდ დაიხშნენ", — ხუმრობს ოლმასტრონი, რომელიც, საბედნიეროდ, სრულად გამოჯანმრთელდა. ამას ის ნაწილობრივ იმ დეფიბრილატორს უნდა უმადლოდეს, რომელიც მის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე დამონტაჟდა გალერეაში და ნაწილობრივ — იმ ოთხ ექიმს, რომლებიც იმ დღეს სრულიად შემთხვევით იმყოფებოდნენ უფიცის გალერეაში. ოლმასტრონი მათ თავის "მფარველ ანგელოზებს" უწოდებს. მას რომ გულის შეტევა სახლში დამართნოდა, შესაძლოა, ამბავი ასე არ დასრულებულიყო. დიახ, ფლორენციის ხელოვნების საგანძურმა არა თუ არ გამოიწვია მისი შეტევა, არამედ, შესაძლოა, სიკვდილისგანაც კი იხსნა ის.
პრობლემა, რომელსაც ბევრი პროფესიონალი აწყდება სტენდალის სინდრომის, როგორც ფსიქიატრიული აშლილობის, აღწერისას, არის ის, რომ მისი სიმპტომების გარჩევა რთულია სხვა მიზეზებით გამოწვეული იმ მდგომარეობებისგან, რომელიც ტურისტებს ემართებათ ხოლმე. "ზოგჯერ უფიციში ზოგიერთ ვიზიტორს გულის შეტევა ემართება ან თავბრუ ესხმის. თუმცა შეიძლება ამას დახურულ სივრცეში ასობით სხვა ადამიანთან ერთად ყოფნა, აგორაფობია იწვევდეს და არაფერი ჰქონდეს საერთო ბოტიჩელის შემოქმედებასთან", — ამბობს ფლორენციაში მცხოვრები ფსიქოთერაპევტი კრისტინა დე ლორეტო.
მისივე თქმით, ხელოვნებაზე ემოციური რეაქცია თავისთავად ფსიქიატრიულ აშლილობას არ წარმოადგენს — მაშინაც კი, თუ ის შემაშფოთებელ ან საშიშ სიმპტომებს იწვევს ან ამწვავებს. "იმ მომენტში, როდესაც თქვენ ხელოვნების ნიმუშს აკვირდებით, ტვინის სპეციფიკური უბნები აქტიურდება — ისე, როგორც ლამაზი ქალის ან კაცის ცქერისას ხდება. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს სინდრომია. ეს ჯერ არ დადასტურებულა, ამიტომაც მას მენტალური აშლილობების სახელმძღვანელოში, DSM-5-ში ვერ იპოვით".
დი ლორეტო თვლის, რომ ტურისტების მოლოდინები ფლორენციაზე იმდენად მაღალია, რომ როდესაც ისინი საბოლოოდ სტუმრობენ ქალაქს, მედიაში მრავალგზის ნანახი ხელოვნების რეალურ ცხოვრებაში დანახვა ემოციებს უკიდურესობამდე უმძაფრებთ. ისინი თითქოს წინასწარვე არიან მომართულნი იმისთვის, რომ აღელდნენ.
ამ გადმოსახედიდან, სტენდალის სინდრომი, შესაძლოა, იერუსალიმის სინდრომთან იყოს დაკავშირებული, რომლის მიხედვითაც, წმინდა ქალაქის სტუმრები ფსიქოზურ რელიგიურ თუ მესიანურ ილუზიებს ცხადად შეიგრძნობენ. მასთან ასევე ახლოსაა პარიზის სინდრომიც, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის მიმართ არარეალისტურად მაღალი მოლოდინებით განწყობილ იმ ტურისტებში, რომლებიც იმედგაცრუებულნი რჩებიან, მწვავე ფსიქიატრიულ სიმპტომებს აღძრავს.
"აქ, ფლორენციაში — ისევე, როგორც ვენეციაში — შეგიძლია, ხელოვნებით ისუნთქო", — ამბობს ფსიქოთერაპევტი პაოლო მოლინო, — "ქალაქის ცენტრში ყველგან, სადაც უნდა მიხვიდე, რაღაც ლამაზს წააწყდები — ეს სახეში სილის გაწვნის ტოლფასია".
თუმცა მოლინო დი ლორეტოს იმაში ეთანხმება, რომ ძნელია, სტენდალის სინდრომის, როგორც მდგომარეობის, აღწერა ან მისი სიმპტომების იმ სიმპტომებისგან განცალკევება, რომლებსაც ფიზიკურად და ემოციურად დაღლილი მოგზაურები განიცდიან. ამასთან, ის პრობლემის არსს სხვაგან ხედავს: მოლინოს აზრით, ფლორენცია კი არ კლავს ტურისტებს, არამედ — პირიქით. "ფლორენციაში ყოფნა ხელოვნების დისნეილენდში ყოფნასავითაა. მე ეს არ მომწონს. არასოდეს მივდივარ ქალაქის ცენტრში, თუ ამის თავიდან აცილება შემიძლია. იქაურობა ზედმეტად ხმაურიანია", — ამბობს მოლინო, რომელიც სკოლის ასაკიდან ფლორენციაში სახლობს და ახლა, სხვა მრავალი თანამოქალაქის მსგავსად, იძულებულია, ტურისტული ცენტრიდან მოშორებით იცხოვროს.
გაოგნებული ვიყავი მოლინოს მტკიცებით, რომ ფლორენციის ხელოვნების სიმდიდრემ — რომელსაც ჩვენ ზუსტად იმის გამო ვაფასებთ, რასაც ის იქ მცხოვრებთა ყოფაზე გვეუბნება — ქალაქი ისე წაახდინა, რომ მასში ცხოვრება შეუძლებელი გახდა. რენესანსული ხელოვნებისა და ჰუმანიზმის აკვნის კომერციალიზმის სიმბოლოსთან, დისნეილენდთან შედარებაც მოულოდნელი იყო ჩემთვის. თუმცა, მართლაც მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, საიდან მოვიდა ფლორენციის ხელოვნების დიდი ნაწილი.
მიქელანჯელო და ბოტიჩელი ჩაბნელებულ სხვენებში არ საქმიანობდნენ. მათ ფლორენციის უმდიდრესი და ძლევამოსილი ადამიანები, მედიჩები მფარველობდნენ, რომლებიც ხელოვანთა ნამუშევრებს ფინანსური და პოლიტიკური ძლიერების საჩვენებლად იყენებდნენ. სწორედ მედიჩებმა შეუკვეთეს ბოტიჩელის ვენერას დაბადება და მათვე ააგეს ის შენობა, სადაც დღეს უფიცის გალერეაა განთავსებული. ვგონებ, ძალაუფლების ამგვარი დემონსტრაციაა ის, რაც ფლორენციას ამერიკული დისნეილენდისთვის დამახასიათებელ ჰიპერრეალურობას სძენს.
მედიჩები დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდნენ. მაგრამ შედევრები, რომლებიც მათი დახმარებით შეიქმნა, ფლორენციას ისეთ არარეალურ ადგილად აქცევს, რომელიც ერთგვარ დისკომფორტსაც კი იწვევს. თუმცა შმიდტი თვლის, რომ ეს მხოლოდ ფლორენციისათვის არ არის დამახასიათებელი. "როდესაც მსგავსი რამ ფლორენციაში ხდება, ინციდენტი მაშინვე მედიის ყურადღებას იპყრობს", — ამბობს ის, — "მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სტენდალის სინდრომი ფლორენციულ ფენომენად აღიქმება, იგივე ეფექტი ვიზიტორებზე ისეთ ადგილებსაც შეიძლება ჰქონდეს, როგორებიც ვენეცია და ვერონაა".
საბოლოოდ, ხელოვნება, ჯანმრთელობისთვის საშიშზე მეტად, სულის მკვებავია. ან როგორც შმიდტი იტყოდა, "როგორც წესი, ხელოვნება სასარგებლოა — ის ჩვენს გულსა და გონებას არგებს".
კომენტარები