ფრინველი გიგანტური მოა (Dinornis robustus) დაახლოებით 600 წლის წინ გადაშენდა. ის ოდესღაც ახალ ზელანდიაში ცხოვრობდა. ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მოა "გადაშენებული სახეობების აღდგენის" პროექტის სიაში შეიყვანეს. მას ბიოტექნოლოგიური კომპანია Colossal Biosciences ხელმძღვანელობს.

ეს კონკრეტული სახეობა 3.6 მეტრის სიმაღლის ფრინველი და მოას სხვა ტიპებს შორის ყველაზე დიდი იყო. მისი გენური ინჟინერიით აღდგენას მომდევნო 10 წლის განმავლობაში გეგმავენ. მოა, სავარაუდოდ, ადამიანების ნადირობის გამო გადაშენდა.

"ჩვენ დინოზავრის მსგავს ფრინველს ვაბრუნებთ", — დაწერა კომპანიამ.

Colossal-მა რამდენიმე თვის წინ საზარელი მგელი (Aenocyon dirus) დააბრუნა, რომელიც 10 000 წელზე მეტი ხნის წინ გადაშენდა. კომპანიის განცხადებამ მეცნიერების მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. მათი თქმით, ცხოველი უბრალოდ რუხი მგელი იყო. გარდა ამისა, კომპანია სხვა გადაშენებული სახეობების გაცოცხლებაზეც მუშაობს.

ასევე ნახეთ: მეცნიერები გადაშენებული სახეობების დაბრუნებას აპირებენ — ნახეთ, რომელ ცხოველებს უნდა ველოდოთ მომავალში

"დღეს უამრავი სახეობა გადაშენების პირასაა. ცუდია, რომ ზოგისთვის ეს ნორმალურად მიიჩნევა, რადგან მომავალში მათი აღდგენა უპრობლემოდ შეგვეძლება", — თქვა ტრევორ უორთიმ, ხერხემლიან ცხოველთა პალეონტოლოგმა და ავსტრალიის ფლინდერსის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა.

კომპანიის განცხადებას მოას აღდგენასთან დაკავშირებით ასევე კრიტიკა მოჰყვა. მეცნიერების თქმით, შექმნილი ფრინველი მხოლოდ ჰიბრიდი იქნება.

"ამჟამად გენური ინჟინერიის გზა არ არსებობს, რომლითაც გადაშენებული სახეობა ნამდვილად აღდგება. განსაკუთრებით რთული იქნებოდა ისეთი არსებების გაცოცხლება, რომელიც ასწლეულებია ეკოლოგიური და ევოლუციური კონტექსტიდან ამოვარდნილია", — თქვა ფილიპ სედონმა, ზოოლოგიის პროფესორმა ახალი ზელანდიის უნივერსიტეტიდან — "მიღებული სახეობა ვერ იქნება ნამდვილი მოა. ის ათასწლეულების ადაპტაციისა და ევოლუციური ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებული უნიკალური ქმნილება იყო".

ფოტო: Museum of New Zealand

"Colossal-მა საბოლოოდ აღიარა, რომ საზარელი მგლის აღდგენა რეალურად გენმოდიფიცირებული რუხი მგლის გარდაქმნა იყო. მათ ბოლო განცხადებაში არ ჩანს მინიშნება იმაზე, რომ მოას შემთხვევაშიც მხოლოდ ეკოლოგიურ შემცვლელს უნდა ველოდოთ", — აღნიშნა სედონმა.

მოას აღდგენის პროცესში მეცნიერები დნმ-ს ყველა, ცხრავე სახეობის ძვლებიდან ამოიღებენ. შემდეგ ცოცხალი ფრინველების გენებს შეადარებენ. მოას მახასიათებლებს ემუს ან ტინამუსებრნთა გენომში შეიტანენ. ეს ფრინველები მოას უახლოესი ცოცხალი ნათესავები არიან. აღდგენის პროცესში გამოყენებული ფრინველები არც ველურ ბუნებაში იცხოვრებენ და არც ზოოპარკში. მათ სპეციალურ ნაკრძალში გაუშვებენ და დააკვირდებიან.

"მოები ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. მიუხედავად ამისა, თუ უეცრად მიუახლოვდებით, შესაძლოა, მძიმედ დაზიანდეთ", — აღნიშნავს უორთი.

Colossal-ის განცხადებით, მოას აღდგენის პროექტი გადაშენების ზღვარზე მყოფი ფრინველებისთვის სარგებელსაც მოიტანს. მაგალითად, შეიძლება, ხელოვნური კვერცხის ტექნოლოგია გაჩნდეს, რაც სხვა სახეობების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

"გადაშენებული სახეობების გარეგნულად მიმსგავსებული ფრინველის აღდგენა "ფრანკენშტაინს" მახსენებს", — აცხადებს სტიუარტ პიმი, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ეკოლოგიის პროფესორი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.