რამდენად მარტივია ქვეყნის სასაათო სარტყლის შეცვლა?
ფოტო: New Africa/Shutterstock.com
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ქვეყნებს სასაათო სარტყლის შეცვლა იმაზე მარტივად შეუძლიათ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
თუ არ გჯერათ, კირიბატის მაგალითს გაგაცნობთ. 1995 წელს ამ ქვეყნის მთავრობამ არამხოლოდ სასაათო სარტყელი შეცვალა, არამედ დროის საერთაშორისო სადემარკაციო ხაზიც. ამ რეფორმის შემდეგ კირიბატის ყველა კუნძულზე ერთი და იგივე კალენდარული დღეა.
მეტიც, ზოგ კუნძულზე სასაათო სარტყელი UTC+14 გახდა. ეს დედამიწის ყველაზე ადრეული სასაათო სარტყელია. აღსანიშნავია, რომ ამ რეფორმის გატარების შემდეგ კირიბატი ყოველთვის პირველი ხვდება ახალ წელს. 2000 წლის 1-ელი იანვარიც პირველად ამ ქვეყანაში დადგა, რამაც კირიბატის საერთაშორისო ცნობადობა გაზარდა — ისინი პირველები შეხვდნენ ახალი ათასწლეულის დადგომას.
ცნობისთვის: UTC (უნივერსალური კოორდინირებული დრო) მსოფლიოს სტანდარტული, "ოფიციალური" დროა. სხვა ნებისმიერი სასაათო სარტყელი იმით განისაზღვრება, თუ რამდენი საათით წინ ან უკანაა იგი UTC-იდან. მაგალითად, საქართველოს სასაათო სარტყელია UTC+4. ეს იმას ნიშნავს, რომ უნივერსალურ კოორდინირებულ დროს 4 საათით ვუსწრებთ.
თავისთავად, არსებობს საერთაშორისოდ სტანდარტიზებული სასაათო სარტყლები. მეორე მხრივ, არ არსებობს გლობალური ავტორიტეტი, რომელიც სახელმწიფოს ამ სტანდარტებიდან გადახვევის შემთხვევაში დასჯის. ეს არ ნიშნავს, რომ სასაათო სარტყლის შეცვლა მარტივი პროცესია ან ქვეყნის მოსახლეობა ამას მარტივად ეგუება.
ისევ კირიბატის მაგალითს დავუბრუნდეთ. ეს სახელმწიფო 33 კუნძულისგან შედგება, რომელთაგან 9 ამ ცვლილების შემდეგ განსხვავებულ სასაათო სარტყელში აღმოჩნდა. ამან, თავისთავად, ბევრი პრობლემა გამოიწვია. მათ მეზობლად მდებარე ზოგიერთ კუნძულსა და კირიბატის კუნძულებს შორის დროის სხვაობა 23 საათი გახდა, რაც ადმინისტრაციული კუთხით ნამდვილი კოშმარი იყო.
სასაათო სარტყლის შეცვლა მხოლოდ ლოჯისტიკური პრობლემების გადასაჭრელად ან საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად არაა ხელსაყრელი. ეს ჟესტი შეიძლება პოლიტიკურ ძალაუფლებასა და დაუმორჩილებლობასაც გამოხატავდეს.
ამის კარგი მაგალითი ვენესუელაა. 2007 წელს იმდროინდელმა პრეზიდენტმა, უგო ჩავესმა, ახალი სასაათო სარტყელი შექმნა — UTC -4:30. ქვეყნის დრო უკან სულ რაღაც 30 წუთით გადაიწია, თუმცა მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება უზარმაზარ პოლიტიკურ დატვირთვას ატარებდა. ამით ჩავესმა საერთაშორისოდ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე თქვა უარი, ვენესუელის სასაათო სარტყელი აშშ-ის სარტყლისგან განასხვავა და დაამტკიცა, რომ ამდენად უჩვეულო და რევოლუციური გადაწყვეტილებების მიღებაც შეეძლო.
2016 წელს ვენესუელა თავის ჩვეულ სასაათო სარტყელს, UTC -4:00-ს დაუბრუნდა.
დაბოლოს, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სასაათო სარტყლის შეცვლას საერთაშორისო ურთიერთობებზეც აქვს გავლენა. ხშირად ქვეყნები დროს იმიტომ ცვლიან, რომ სავაჭრო და პოლიტიკურ პარტნიორებთან მეტად დაახლოვდნენ.
კომენტარები