რა მოხდება, თუ ქაღალდის თვითმფრინავს საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ჩამოვაგდებთ?

ფოტო: Shutterstock
დედამიწის გარშემო კოსმოსური სივრცე საკმაოდ გადატვირთულია, განსაკუთრებით დაბალ ორბიტაზე. აქ ბევრი მოქმედი და მწყობრიდან გამოსული თანამგზავრი მოძრაობს, რაც ზოგჯერ შეიძლება სახიფათოც აღმოჩნდეს.
მეცნიერები მუდმივად ცდილობენ, ორბიტა ნაგვისა და გაუმართავი თანამგზავრებისგან გაწმინდონ. იკვლევენ იმასაც, თუ როგორ გახადონ კოსმოსური მოწყობილობები უფრო მდგრადი და გამართული. სწორედ ასეთი კვლევის ფარგლებში შეამოწმეს, რა დაემართებოდა ქაღალდის თვითმფრინავს ორბიტიდან ჩამოგდებისას.
ორბიტაზე არსებული ნარჩენების ერთ-ერთი მთავარი საფრთხე ე. წ. კესლერის ეფექტია. ესაა ჯაჭვური რეაქცია, რომლის დროსაც ერთი შეჯახება ნამსხვრევებს წარმოქმნის, რომლებიც სხვა ობიექტებს აზიანებს. ასე საფრთხე კომუნიკაციასა და მისიების განხორციელებას ექმნება. უკიდურეს შემთხვევაში ეს პროცესი შეიძლება ისე გამწვავდეს, რომ დაბალ ორბიტაზე კოსმოსური გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდეს.
"ერთი კვლევითი მიმართულება ლითონის ნაცვლად ორგანული მასალების გამოყენებას მოიცავს. ასე ატმოსფეროში აპარატების განადგურებით გარემოს მინიმალური ზიანი მიადგება. მეორე იდეა ისეთი მოწყობილობების შექმნაა, რომლებიც უკან მალე დაბრუნდება და ნამსხვრევებს არ წარმოქმნის", — წერენ მკვლევრები ნაშრომში — "ამ ორ მიდგომას შორის ორიგამის ტიპის კოსმოსური თვითმფრინავი, შესაძლოა, საუკეთესო არჩევანი იყოს".
მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს იმის გასაგებად, თუ რა დაემართება ქაღალდის თვითმფრინავს საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან (ISS), 400 კილომეტრი სიმაღლიდან, გამოშვების შემთხვევაში. მეცნიერებმა თვითმფრინავი ქაღალდისა და ალუმინის გამოყენებით შექმნეს. აღმოჩნდა, რომ სიმულაციის დროს თავდაპირველად მან საკმაოდ კარგად იფრინა.
"ტესტებმა აჩვენა, რომ თვითმფრინავი ქარის ნაკადის მიმართულებით სტაბილურია. ეს მიანიშნებს, რომ შეიძლება, მან სწორი პოზიციის შენარჩუნება ორბიტაზეც შეძლოს", — ამბობენ მკვლევრები.
კვლევის მიხედვით, თვითმფრინავი დედამიწის ატმოსფეროში დაახლოებით სამ-ნახევარ დღეში შემოვა. გარდა ამისა, ტესტებმა აჩვენა, რომ ის ოდნავ ფორმასაც შეიცვლის, თუმცა გადარჩენაში ეს ხელს არ შეუშლის.
"ქარის გვირაბის ტესტისა და სიმულაციის მიხედვით, ზედაპირული ძალები თვითმფრინავში დიდ ცვლილებებს არ გამოიწვევს", — წერენ მკვლევრები — "თუმცა ქაღალდის თვითმფრინავი რამდენიმე წუთის განმავლობაში ძლიერ აეროდინამიკურ გათბობას განიცდის — დაახლოებით 10 ვტ/სმ². შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ატმოსფეროში შემოსვლისას დაიწვება".
ქაღალდის თვითმფრინავის დაწვა მკვლევრებისთვის სასურველი შედეგი იყო, რადგან მიზანი სწორედ სწრაფი განადგურებაა.
"ქაღალდის თვითმფრინავის გამოყენება ატმოსფერული სიმკვრივის გასაზომად შეიძლება. ეს ორბიტული მოძრაობის ანალიზით მოხერხდება. რადგან ატმოსფეროში შემოსვლის პროცესი ხანმოკლეა, მონაცემებს სწრაფად შევაგროვებთ. ქაღალდის თვითმფრინავი ძალიან იაფია. მათი რამდენიმეს ერთად გაშვება ერთდროულად სხვადასხვა ადგილიდან მოგვაწვდის მონაცემებს", — დაასკვნა გუნდმა.
კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ქაღალდის თვითმფრინავები შეიძლება, სხვა მისიებისთვისაც გამოდგეს, თუ მათ თხელი ფენის კამერებს დაუმონტაჟებენ.
ნაშრომი გამოცემაში Acta Astronautica გამოქვეყნდა.
კომენტარები