იაპონიის ბირთვულმა კატასტროფამ ხეებზე უცნაური კვალი დატოვა
გამოცემაში Plants გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, იაპონიაში მდებარე ატომურ ელექტროსადგურ ფუკუშიმა I-ში მომხდარმა ბირთვულმა კატასტროფამ ამ არეალში არსებულ ხეებზე უცნაური კვალი დატოვა. კერძოდ, რადიაციამ მათი სტრუქტურის შეცვლა გამოიწვია.
2011 წელს დაფიქსირებულმა 9.1 მაგნიტუდის მიწისძვრამ რეგიონში მძლავრი ცუნამი განაპირობა, რამაც სადგურის სისტემები დააზიანა. შედეგად, იქიდან რადიოაქტიურმა ნივთიერებებმა გაჟონა. სწორედ ამ მოვლენას უკავშირებენ ნაშრომის ავტორები მცენარეებში აღმოჩენილ ანომალიებს.
მსგავსი მაიონებელი გამოსხივება გახლავთ ერთგვარი ენერგია, რომელიც ატომებიდან და მოლეკულებიდან ელექტრონებს აცალკევებს, როგორც ჰაერთან, ასევე, თხევად და მყარ მატერიასთან ურთიერთქმედებისას. ეს კი ცოცხალ ორგანიზმებს სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს.
სპეციალისტებმა ზემოხსენებულ მიდამოში განლაგებული ფიჭვისა და სოჭის ხეები შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ მათი წიწვები უჩვეულოდ, არამწყობრად იყო განტოტილი. ამასთან, შენიშნეს, რომ მუტაციების რაოდენობა რადიაციის დონის მიხედვით განსხვავდებოდა. თვალშისაცემი იყო განშტოებების შემცირებაც.
აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება 2012 წლის გაზაფხულის შემდეგ გახშირდა და პიკს 2013-ში მიაღწია. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები