Moderna-მ აივ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო
მოდერნამ ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ დაიწყო აივ ინფექციის mRNA ვაქცინის ადრეული სტადიის კლინიკური კვლევები. ახალი ვაქცინა იყენებს იგივე ტექნოლოგიას, როგორიც Moderna-ს ფართოდ ცნობილი COVID-19-ის ვაქცინაა.
კვლევის პირველი ფაზის მონაწილეებმა ვაქცინა ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლაში მიიღეს, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
"ეს ძალიან ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი მომენტია. აივ ინფექციის ვაქცინაზე მუშაობის პროცესი ხანგრძლივი და რთული იყო. ახალ ვაქცინას ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლია", — განაცხადა IAVI-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ფაინბერგმა.
დღეს მსოფლიოში თითქმის 38 მილიონი ადამიანი — მათ შორის დაახლოებით 1,3 მილიონი აშშ-ში — ცხოვრობს აივ-ით. ამ ინფექციის დიაგნოზი ერთ დროს სასიკვდილო განაჩენად ითვლებოდა. 1990-იანი წლების შუა ხანებში აშშ-ში შიდსის ეპიდემიის მწვერვალზე, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, ყოველწლიურად 50 000-ზე მეტი ლეტალური შემთხვევა ფიქსირდებოდა.
დღეს, აივ ინფექცია ბევრად უფრო მართვადია მედიკამენტებით, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ ვირუსის მოქმედება. თუმცა, ათწლეულების კვლევის მიუხედავად, აივ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ შექმნილა.
ახალი ვაქცინა იყენებს mRNA-ს, ანუ მესენჯერ რნმ-ს, რომელიც ასწავლის სხეულს როგორ გამოიმუშაოს ცილები, რაც ძლიერ იმუნურ პასუხს იწვევს.
მკვლევრებმა შეიმუშავეს არა მხოლოდ პირველადი ვაქცინა, არამედ ერთგვარი ბუსტერი, რაც ვაქცინის ეფექტს აძლიერებს. ამ პროცესს შეუძლია გამოიმუშაოს სისხლის სპეციფიკური თეთრი უჯრედები, სახელწოდებით B უჯრედები, რამაც ვირუსის განეიტრალება უნდა შეძლოს.
განცხადების თანახმად, კვლევის I ფაზაში მონაწილეობას 56 ჯანმრთელი, აივ-უარყოფითი ზრდასრული მიიღებს მონაწილეობას. შემდეგ მკვლევრები მონიტორინგს გაუწევენ ახალი ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას ექვსი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მონაწილეები მიიღებენ საბოლოო დოზას.
კომენტარები