გამოძიება: სომხეთის პრეზიდენტი მეორე, საიდუმლო მოქალაქეობის გამო პოსტზე უფლებამოსილი არ იყო
სომხური საგამოძიებო გამოცემის, Hetq-ის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ყოფილი პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი სენტ კიტსისა და ნევისის მოქალაქეობის გამო, თანამდებობაზე უფლებამოსილი არ იყო.
არსებული ინფორმაციით, სარქისიანმა, რომელმაც თანამდებობა 23 იანვარს დატოვა, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მის მოქალაქეობაზე ჟურნალისტები კომენტარისთვის დაუკავშირდნენ.
წასვლის შესახებ განცხადებაში სარქისიანმა დაწერა, რომ პოსტს ტოვებს, რადგან სომხეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად შესაბამისი "ინსტრუმენტები" არ გააჩნია. მას გამოძიება არ უხსენებია.
სომხეთის კონსტიტუცია ადგენს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს თანამდებობის დაკავებამდე 6 წლის განმავლობაში მხოლოდ სომხეთის მოქალაქეობა უნდა ჰქონდეს. სარქისიანმა ადრე აღიარა, რომ ის სომხურ-ბრიტანულ ორმაგ მოქალაქეობას ფლობდა, თუმცა მისივე მტკიცებით, 2011 წელს, პრეზიდენტად გახდომამდე 7 წლით ადრე, მასზე უარი თქვა.
Hetq-ის თანახმად, სარქისიანმა კომენტარში დაადასტურა, რომ ყველაზე გვიან 2017 წელს სენტ კიტსისა და ნევისის მოქალაქე იყო.
მან ასევე აღნიშნა, რომ კუნძულოვანი სახელმწიფოს მოქალაქე "ინვესტიცია მოქალაქეობისთვის" სქემის ფარგლებში, სასტუმროში მცირე ინვესტიციის შედეგად უნებლიეთ გახდა.
"ჩემი მოტივაცია ინვესტიციის განხორციელება იყო, პასპორტი საერთოდ არ მაინტერესებდა", — ავრცელებს მის ნათქვამს გამოცემა.
ის, ასევე, ამტკიცებს, რომ 2013 წელს ადვოკატებს მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცესის დაწყება დაავალა, თუმცა 2017 წელს, როცა სომხეთის პრეზიდენტობაზე მიიღო შეთავაზება, აღმოაჩინა, რომ ეს პროცესი დაწყებული არ ყოფილა.
ამ ეტაპზე Hetq-ს არ განუმარტავს, როდის გახდა სარქისიანი სენტ კიტსისა და ნევისის მოქალაქე.
"მეტ დეტალს ვერ მოგაწოდებთ, რადგან ეს არის ტრანსსასაზღვრო გამოძიება, რომელიც ჯერ არ დასრულებულა", — აღნიშნულია სტატიაში.
მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები