მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ ახალი კვლევა ჩაატარეს და ცილა აღმოაჩინეს, რომელიც თმის ზრდისა და თმის ფოლიკულების დასაცავად აუცილებელია. ეს ცილა, სახელად MCL-1, შესაძლოა, ისეთი ტიპის სიმელოტის სამკურნალოდ გამოდგეს, როგორიც ალოპეციაა.

სინგაპურის სამედიცინო სკოლისა და ავსტრალიის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის გუნდმა დაადგინა, რომ თაგვებში MCL-1 ცილის წარმოქმნის შეჩერებამ თმის დაკარგვა გამოიწვია. თმის ფოლიკულები სხვადასხვა ეტაპებს გადის, ხოლო MCL-1 პასუხისმგებელი უშუალოდ ზრდაზეა. ცილა, როგორც ჩანს, მათ დასვენების ფაზასა და საწყის განვითარებაზე გავლენას არ ახდენს.

"MCL-1-ის ნაკლებობა თმის აქტიური ფოლიკულის ღეროვან უჯრედებს სწრაფად ამცირებს და თმის აღდგენის პროცესს სრულად ბლოკავს. რაც შეეხება უმოქმედო უჯრედებს, ცილის დანაკლისი მათზე გავლენას არ ახდენს", — წერენ მკვლევრები საკუთარ ნაშრომში.

უკვე ცნობილი იყო, რომ MCL-1 აპოპტოზისგან სხვადასხვა ტიპის ქსოვილის დაცვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს ისეთი უჯრედების სიკვდილია, რომელიც ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ზედმეტი ან დაზიანებულია. რაც შეეხება თმას, MCL-1 მისი ფოლიკულის ღეროვანი უჯრედების დაზიანებას ხელს უშლის. MCL-1-ის გარეშე, ეს უჯრედები ფუნქციონირებას წყვეტს.

მკვლევრებმა ახალ კვლევაში MCL-1-ის ახალი ფუნქციები გამოავლინეს, მათ შორის ისიც, სხვა ცილას, სახელად BAK, როგორ თრგუნავს. ეს დეტალები შეიძლება, თმის ცვენის მკურნალობის ახალი მეთოდების შესამუშავებლად სასარგებლო აღმოჩნდეს.

"ეს აღმოჩენები იმაზე მიანიშნებს, რომ ERBB სიგნალი MCL-1-ს სხვადასხვა მექანიზმების საშუალებით არეგულირებს. ეს განსაკუთრებით იმ პერიოდში ხდება, როდესაც თმის ციკლში აპოპტოზი გაძლიერებულია", — ამბობენ მკვლევრები.

კვლევა მხოლოდ თაგვებზე ჩატარდა, შესაბამისად, შედეგების დადასტურება კლინიკურ კვლევებში საჭირო იქნება. მიუხედავად ამისა, ვარაუდის საფუძველი არსებობს, რომ ეს პროცესები ადამიანის თმაზეც იგივე პრინციპით მიმდინარეობს.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ალოპეციას რამდენიმე განსხვავებული ტიპი აქვს, სხვადასხვა გამომწვევი მიზეზებით. თუ ოდესმე თმის ცვენის სამკურნალო მეთოდები შეიქმნება, რომლებიც MCL-1-ის გაძლიერებაზე იქნება დაფუძნებული, ისინი ყველა ტიპის თმის ცვენისთვის ეფექტური არ იქნება. შეზღუდვების მიუხედავად, ამ ერთ ცილას თმის ფოლიკულების ზრდის უნარის შესახებ მნიშვნელოვანი აღმოჩენა უკავშირდება. კვლევის შედეგებმა ასევე შეიძლება, MCL-1-ის გავლენით მიმდინარე სხვა პროცესების შესწავლა გაამარტივოს.

"ეს კვლევა თმის ფოლიკულის რეგენერაციის მექანიზმებზე ჩვენს წარმოდგენას ავითარებს და ახალ შეხედულებებს გვთავაზობს. შეგვიძლია, გავიგოთ, ღეროვანი უჯრედების გადარჩენისა და ქსოვილის რეგენერაციის ორგანიზება როგორ ხდება", — აღნიშნავენ მკვლევრები — "ეს აღმოჩენები შესაძლოა, ღეროვანი და პროგენიტორი უჯრედების გადარჩენაზე გავლენას ახდენდეს, ასევე ქსოვილის რეგენერაციისა და კიბოს ზრდის პროცესებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს".

კვლევა გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.