მეცნიერებმა ოპიოიდებზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა დაიწყეს
ოპიოიდები ნივთიერებებია, რომელთა მოხმარებაც ტკივილგამაყუჩებელ ეფექტსა და ეიფორიას წარმოშობს. მედიცინაში ისინი ძირითადად ტკივილგამაყუჩებლის როლს ასრულებს, თუმცა ხშირია მათი ნარკოტიკის სახით მოხმარებაც, რაც არაერთ გართულებასთან ასოცირდება. ჩვენთვის კარგად ცნობილი ოპიოიდებია: ვიკოდინი, მორფინი, მეტადონი და სხვა.
CBS News-ის ცნობით, მეცნიერები ოპიოიდების ეპიდემიასთან საბრძოლველად ვაქცინას ქმნიან, რომელიც ოქსიკოდონზე დამოკიდებულებისათვის იქნება განკუთვნილი. გუნდი ექსპერიმენტულ მედიკამენტებს ამჟამად მოხალისეებზე ტესტავს, რომელთაც ნივთიერებაზე დამოკიდებულების პრობლემები აქვთ.
ვაქცინის მუშაობის მექანიზმი საკმაოდ მარტივია: იგი ოქსიკოდონს ტვინში სიამოვნების ცენტრების სტიმულირების საშუალებას არ აძლევს, ხოლო, თუკი ნარკოტიკის მომხმარებლები მისი გამოყენებისას თავს უკეთ არ იგრძნობენ, წესით, აღარც მიუბრუნდებიან მას.
"იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გარკვეული დროის შემდეგ სხეული ამ კონკრეტული ქიმიური სტრუქტურისათვის ანტისხეულს წარმოქმნის", — განაცხადა სანდრა კომერმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგიის პროფესორმა — "თუკი ვინმე ოქსიკოდონს გამოიყენებს, ანტისხეული ამ მოლეკულას შეუკავშირდება და ტვინში შეღწევის საშუალებას არ მისცემს".
კომერი და მისი კოლეგა მარკო პრავეტონი, ფარმაკოლოგიის ასოცირებული პროფესორი, იმედოვნებენ, რომ პრეპარატი ადიქციის მედიკამენტოზური მკურნალობისას რეციდივის ხარისხს შეამცირებს — კომერს თუ დავუჯერებთ, ამგვარი მეთოდებით მკურნალობისას მაჩვენებელი დაახლოებით 50 პროცენტს უტოლდება.
"რეციდივის შემთხვევაში, ვიმედოვნებთ, ვაქცინა გარკვეული დონის დაცვას მაინც შემოგვთავაზებს, ყოველ შემთხვევაში დოზის გადაჭარბების მხრივ მაინც", — განაცხადა მან — "შესაძლოა, იგი იმაშიც დაგვეხმაროს, რომ პაციენტები მკურნალობის კურსში თავიდან ჩავრთოთ".
გუნდი იმედოვნებს, რომ კვლევას სხვა ოპიოიდების, ჰეროინისა და ფენტალინის სამკურნალო საშუალებებისთვისაც დაიწყებენ.
უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში ოპიოიდების კუთხით დიდი კრიზისია: დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში დოზის გადაჭარბებით 800 ათასზე მეტი ამერიკელი დაიღუპა, შემთხვევათა 73 პროცენტი კი სწორედ ოპიოიდებისგან იყო გამოწვეული.
ვაქცინა ჯერაც საწყის ეტაპზეა და, თავისთავად, არც განკურნების სრული გარანტია, თუმცა, თუკი დოზის გადაჭარბებისა და დამოკიდებულების პრევენციას ნამდვილად შეძლებს, შესაძლოა, არაერთი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდეს. გამორიცხული სულაც არ არის, სამომავლოდ ადიქციის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც დაიწყოს, თუმცა ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.
კომენტარები