იშვიათი აღმოჩენა — ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა სავარაუდო სუპერმთვარეს მიაკვლიეს
ჩვენს მზის სისტემაში მხოლოდ 8 პლანეტაა, ხოლო მათი ბუნებრივი თანამგზავრების რაოდენობა 25-ჯერ მეტია. ამის გათვალისწინებით, ირმის ნახტომის გალაქტიკაში მრავალი ასეთი ობიექტი უნდა იყოს, თუმცა მეცნიერებს მათთვის ცნობილი 5 000-მდე ეგზოპლანეტის მიმდებარედ ამ დრომდე მხოლოდ 1 მსგავსი ციური სხეული ჰქონდათ აღმოჩენილი, რომელიც ჯერჯერობით პოტენციური კანდიდატის სტატუსს ატარებს.
ახლა კი ასტრონომებმა აღნიშნული ციფრი 2-მდე გაზარდეს. მათ მიერ მიკვლეული სავარაუდო სუპერმთვარე Kepler-1708 b-i გახლავთ, რომელიც ჩვენგან 5 500 სინათლის წლით დაშორებულ ვარსკვლავთან არსებული ეგზოპლანეტის გარშემო მოძრაობს.
გამოთვლების მიხედვით, ის საკმაოდ დიდი ზომისაა, კერძოდ, დედამიწას დაახლოებით 2.6-ჯერ აღემატება და აირისგანაა შედგენილი. რაც შეეხება მის მშობელ ციურ სხეულს, ის იუპიტერზე ოდნავ პატარაა.
ეს ეგზომთვარე ძალიან ჰგავს 2017 წელს დაფიქსირებულ Kepler-1625 b-i-ს, რომელიც 8 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და ნეპტუნისმაგვარი მახასიათებლები აქვს. ორივე კანდიდატი მნათობისგან საკმაო დისტანციაზე გადაადგილდება და მზის სისტემის პლანეტების თანამგზავრებისგან საგრძნობლად განსხვავდება.
აღსანიშნავია, რომ Kepler-1708 b-i-სა და მისი წინამორბედის კვალს ასტრონომებმა ამჟამად ექსპლუატაციიდან გამოსული კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემების ანალიზისას მიაგნეს. შეგახსენებთ, რომ ეს ობსერვატორია ეგზოპლანეტებს ტრანზიტის მეთოდით ეძებდა.
რა თქმა უნდა, არაა გამორიცხული, რომ ხელსაწყოს მიერ მიღებული სიგნალი ხელოვნური იყოს და ეგზომთვარისგან არ მომდინარეობდეს, თუმცა, სპეციალისტთა განცხადებით, ამის ალბათობა მხოლოდ 1 პროცენტია.
ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ ფორმირდებიან მსგავსი არამყარი (აირადი) თანამგზავრები. შესაძლოა, ისინი სიცოცხლეს ეგზოპლანეტის სახით იწყებენ, თუმცა მოგვიანებით მათზე დიდი ობიექტების გრავიტაციის გავლენას განიცდიან. ამის გასაგებად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.
ავტორთა ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები