პანდემიამ მკაფიოდ განგვისაზღვრა, ვინ არიან ჩვენი უახლოესი მეგობრები. მოკლებული სოციალური შესაძლებლობების ფონზე ჩვენ ადამიანთა მცირე ჯგუფზე გავხდით დამოკიდებულები. ეს ტენდენცია კი ყველაზე მეტად ბავშვებზე აისახა — განსაკუთრებით მათზე, ვინც Zoom-ით კომუნიკაციისათვის ძალიან პატარა იყო. ბევრმა მოისაკლისა თავისი სოციალური წრე — ყველაზე მეტად კი, საუკეთესო მეგობრები.

საუკეთესო მეგობრები არ არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებთანაც დროის გატარება გვსიამოვნებს — ჩვენ მათ, ამასთან, სრულიად ვენდობით. ბავშვობაში ისინი ჩვენთვის დიდი ოჯახის წევრებად აღიქმებიან და ჩვენთვის მათი სახლები ისეთივე ნაცნობია, როგორც საკუთარი. ხოლო უკვე მოზრდილ ასაკში ვიცით, რომ შეგვიძლია, ნებისმიერ მომენტში დავურეკოთ მათ და ყოველდღიური ცხოვრების წარმატებები თუ წარუმატებლობები გავუზიაროთ.

"საუკეთესო მეგობრობას ინტიმურობა ახასიათებს. მას თან ახლავს მუდმივი განცდა, რომ მეგობარი გვერდში გვიდგას და მხარს გვიჭერს", — ამბობს რებეკა გრაბერი, სასექსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ლექტორი, — "საუბარია მხარდაჭერის იმედის ქონაზე და არა მის რეალურ გამოვლინებაზე".

მაგრამ ვართ თუ არა ბიოლოგიურად მიდრეკილები, გვყავდეს საუკეთესო მეგობრები? კვლევების მიხედვით, არსებობს ძლიერი ევოლუციური სარგებელი, რომელიც ხსნის, რატომ ვამყარებთ ასეთ მჭიდრო სოციალურ კავშირებს. ამის მიუხედავად, მსგავსი ურთიერთობების ბუნება მნიშვნელოვნად განსხვავდება ხოლმე ერთმანეთისაგან. ამ მრავალფეროვნების გაგება კი დამაიმედებელი შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის, ვისაც საუკეთესო მეგობრის ყოლა სურს, მაგრამ მისი პოვნა უჭირს.

ბევრი ბავშვი (და ზრდასრულიც) მეგობრებს საერთო ინტერესებზე დაყრდნობით პოულობს.

ფოტო: Getty Images

"ტრადიციულად ჩვენ მეგობრობას განვიხილავთ როგორც კულტურულ მოვლენას, მაგრამ ის უფრო ღრმა და ფუნდამენტურია", — ამბობს წიგნის, მეგობრობა: ცხოვრების ფუნდამენტური კავშირის ევოლუცია, ბიოლოგია და საოცარი ძალა, ავტორი, ლიდია დენვორთი. დენვორთი აღნიშნავს, რომ სხვა სახეობებზე — მაიმუნთა ოჯახის წარმომადგენელ პავიანზე და დელფინებზე — დაკვირვებით ვხედავთ, რამდენად ფუნდამენტურია ახლო მეგობრობა. ამ სახეობებში მეგობრული ურთიერთობები სულაც არ არის ექსკლუზიური იმ გაგებით, რომ უპირატესობა მხოლოდ ერთ მეგობარს არ ენიჭება. პირიქით — ეს კავშირები დროთა განმავლობაში ნებისმიერი რაოდენობის ინდივიდთან შეიძლება ჩამოყალიბდეს.

ადამიანების მსგავსად, დელფინები მეგობრულ ურთიერთობებს საერთო ინტერესების საფუძველზე ამყარებენ. 2019 წლის კვლევის თანახმად, ის მამრი დელფინები, რომლებიც ღრმა წყლებში ეძებენ საკვებს, ძირითადად სწორედ ერთმანეთთან ურთიერთობენ. ეს ძლიერი კავშირები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაშიც კი შეიძლება გაგრძელდეს, არსებითი მნიშვნელობისაა მამრი დელფინების წარმატებული შეჯვარებისთვის, აღნიშნავს კვლევის ავტორი, მანუელა ბიცოზერო ციურიხის უნივერსიტეტიდან.

კვლევამ აჩვენა, რომ პავიანებიც აყალიბებენ ღრმა ურთიერთობებს, რაც მათ ადრეული ცხოვრებისეული გამოწვევების დაძლევაში ეხმარება. 2003 წლის კვლევის მიხედვით, რომელსაც პრინსტონის უნივერსიტეტის პრიმატოლოგი ჯინ ალტმანი ხელმძღვანელობდა, დადგინდა, რომ ზრდასრულ მდედრ პავიანებს შორის მეგობრობა ზრდის მათი ნაშიერების გადარჩენის ალბათობას. სხვა კვლევის მიხედვით კი, ძლიერი სოციალური კავშირების მქონე პავიანები ნაკლებ სტრესს განიცდიან და მაშინ, როდესაც მდედრი პავიანების ახლო მეგობარს მტაცებელი კლავს, ისინი ახალი ურთიერთობების დამყარებას ცდილობენ.

"მაქსიმალური სარგებლის მისაღებად მნიშვნელოვანია კარგი მეგობრის ყოლა", — ამბობს დენვორთი, — "ჩვენ ლომების მოგერიებაში მეგობრები გვეხმარებიან".

დამეგობრება

ბავშვობაში ღრმა მეგობრული კავშირების დამყარებას მთლიანი ცხოვრების განმავლობაში შეუძლია სარგებლის მოტანა.

ფოტო: Getty Image

მეგობრების პოვნა და მათი შენარჩუნება დაკავშირებულია ისეთ უნართან, რომლის განვითარებასაც, შესაძლოა, დრო დასჭირდეს.

დაახლოებით ოთხი წლის ასაკიდან ბავშვებს უყალიბდებათ აღქმა, რომ სხვა ადამიანებს მათგან განსხვავებული ფიქრები, გრძნობები და ინტერესები აქვთ. კლინიკური ფსიქოლოგი და წიგნის, მეგობრობის გაღრმავება: გზამკვლევი ბავშვებისათვის მეგობრების შეძენისა და შენარჩუნების შესახებ, ავტორი ეილინ კენედი-მური აღნიშნავს, რომ ეს განვითარებადი უნარი ბავშვებს მეგობრების შეძენაში ეხმარება. "ისინი უკეთ წარმოიდგენენ სხვათა პერსპექტივას, რაც ახლო მეგობრობის საფუძველია", — ამბობს ის.

ხშირად ბავშვებს პრაგმატული შეხედულებები აქვთ მეგობრობაზე — ისინი მჭიდრო მეგობრულ კავშირებს სათამაშო მოედანზე ან საკლასო ოთახში აყალიბებენ. "ეს არის მიდგომა, გიყვარდეს ის, ვისთან ერთადაც ხარ", — ამბობს კენედი-მური, — "ბავშვებს უფროსებთან შედარებით უპირატესობა აქვთ, რადგან ისინი ცხოვრების ამ ეტაპზე იმ ოთახში ატარებენ დღის მნიშვნელოვან ნაწილს, სადაც მათ გარდა კიდევ ოცდახუთი ადამიანია. ზრდასრულ ასაკში კი მეგობრის საპოვნელად და ურთიერთობის გასავითარებლად მიზანმიმართული ძალისხმევაა საჭირო".

კვლევის თანახმად, ზრდასრულებს სჭირდებათ დაახლოებით 50 საათი, რათა უბრალო ნაცნობობიდან შორეულ მეგობრებად ჩამოყალიბდნენ; 90 საათი იმისათვის, რომ ერთმანეთი ნამდვილ მეგობრებად მიიჩნიონ და 200 საათზე მეტი იმისთვის, რომ ემოციური კავშირის მქონე ახლო მეგობრები გახდნენ.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ საუკეთესო მეგობრობა ბავშვებს უფრო ახლო, მათ შორის რომანტიკული, ურთიერთობებისათვის ამზადებს. "საუკეთესო მეგობრობა ნამდვილად ჰგავს შეყვარებულობას", — აღნიშნავს კენედი-მური. მისი აზრით, ბავშვობაში ახლო მეგობრული ურთიერთობებით შეძენილი უნარები ადამიანებს ცხოვრების მომდევნო ეტაპებზე ინტიმური კავშირების დამყარებაში ეხმარება. ისინი საკუთარ თავებსა და სხვებზე დაკვირვებით სწავლობენ, როგორ გაუმკლავდნენ მარტოობით, ეჭვიანობითა და იმედგაცრუებით გამოწვეულ არასასიამოვნო გრძნობებს.

თუ ბავშვები სახლში მეგობრებზე არ საუბრობენ, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ისინი არ ჰყავთ. შესაძლოა, ისინი ასე იმიტომ იქცევიან, რომ ურთიერთობის უფრო მშვიდი ფორმა ურჩევნიათ. მშობლებს, ამასთან, სკოლის გარეთ, მხიარული შეხვედრების მოწყობითაც შეუძლიათ, შვილებს მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში დაეხმარონ. "ბავშვები მეგობრდებიან მაშინ, როდესაც ერთობლივად სახალისო საქმეებით არიან დაკავებულები. ასე რომ, კარგი იდეაა, თუ თქვენი შვილის ინტერესებზე მორგებით შეარჩევთ აქტივობებს და მათში სხვა ბავშვებსაც ჩართავთ", — ამბობს კენედი-მური.

ასევე, მშობლებს შეუძლიათ ასწავლონ შვილებს, თუ როგორ ჩაერთონ თამაშებსა და აქტივობებში. "ფორმულა ასეთია: უყურე, შემდეგ შეუერთდი", — ამბობს ის, — "უყურე, რას აკეთებს მეორე ბავშვი, შემდეგ კი აქტივობაში მის შეუფერხებლად ჩაერთე".

სარგებელი ჯანმრთელობისათვის

ახლო მეგობრები ერთმანეთს ლხინშიც და გასაჭირშიც უდგანან გვერდში.

მშობლების მხრიდან ბავშვის მხარდაჭერა, ჩამოაყალიბოს სამეგობრო წრე, ისეთი საჩუქარია, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მოაქვს სარგებელი. ეს, ამასთან, მოზარდის გონებრივი და ფიზიკური ჯანმრთელობისათვისაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი შეიძლება იყოს.

კვლევის თანახმად, ახლო მეგობრული ურთიერთობები დადებით გავლენას ახდენს გულსისხლძარღვთა თუ ნეიროენდოკრინულ ჯანმრთელობაზე — ისევე, როგორც იმუნურ სისტემაზე. 148 კვლევის 2010 წლის მიმოხილვის საფუძველზე დადგინდა, რომ ახლო მეგობრობა ჯანმრთელობისათვის უფრო მეტ სარგებელს იძლევა, ვიდრე მოწევის შეწყვეტა, წონის დაკლება ან ვარჯიში. ანალიზის მიხედვით, ძლიერი მეგობრული და ოჯახური კავშირები ადამიანებში სიკვდილიანობის რისკს 50%-ით ამცირებს. 200 ათასი ამერიკელის გამოკვლევის შედეგთა თანახმად, მარტოობა ან იზოლაციაში ყოფნა ისეთსავე გავლენას ახდენს სიკვდილიანობაზე, როგორსაც დღეში 15 ღერი სიგარეტის მოწევა.

ზრდასრულთა განვითარების შესახებ ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევამ, რომელიც 1938 წელს დიდი დეპრესიის პერიოდში დაიწყო და 700-ზე მეტ კაცს მთელი ცხოვრების განმავლობაში აკვირდებოდა, აღმოაჩინა, რომ 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში ჯანსაღი ურთიერთობები მეტ გავლენას ახდენდა მათ მომავალ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ვიდრე ორგანიზმში არსებული ქოლესტერინის დონე. ეს მიგნებები გვიჩვენებს, რატომ უნდა მივიჩნიოთ მეგობრობა "ცხოვრებისეულ ამოცანად", — ამბობს დენვორთი, — "არასოდესაა გვიანი ახალი მეგობრების შეძენა, მაგრამ უმჯობესია, ეს პროცესი ადრე დაიწყო".

ახლო მეგობრული ურთიერთობები ბავშვებს რთული სიტუაციების დაძლევაში ეხმარება.

ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ახლო მეგობრობა მხოლოდ ერთ განსაკუთრებულ ადამიანს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, ზოგადი მიგნებების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ურთიერთობების სარგებელი ხარისხით იზომება და არა მეგობრების რაოდენობით.

კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვისათვის ახლო მეგობრულმა კავშირებმა ცხოვრებისეული გამოწვევების დაძლევის პროცესში გადამწყვეტი როლი შეიძლება შეასრულოს. ის ბავშვები, რომლებსაც საუკეთესო მეგობრები ჰყავთ, ნაკლებად განიცდიან მარტოობას, ნაკლებად დეპრესიულები არიან და მეტად მაღალი თვითშეფასება აქვთ. ერთი კვლევის თანახმად კი, ახლო, მხარდამჭერი მეგობრების ყოლა დაბალშემოსავლიან ოჯახებში გაზრდილ ბავშვებს რთულ და სტრესულ სიტუაციებთან გამკლავებას უმარტივებს. ბავშვები, რომლებსაც მყარი ახლო მეგობრული ურთიერთობები ჰქონდათ, ავლენდნენ მაღალ "ფსიქოლოგიურ მდგრადობას და უკეთეს უნარს, გამკლავებოდნენ დაბალშემოსავლიანი გარემოცვით გამოწვეულ პრობლემებს", — ამბობს კვლევის ავტორი გრაბერი.

"ასეთი ბავშვებისთვის ახლო მეგობრული ურთიერთობები ასოცირებული იყო უკეთეს ბრძოლისუნარიანობასთან და იმის შეგრძნებასთან, რომ თავიანთი ცხოვრების შეცვლა შეეძლოთ", — აღნიშნავს ის და დასძენს, რომ კვლევის შედეგები ბიჭებსა და გოგოებს შორის მსგავსი იყო.

თუმცა, მხოლოდ "საუკეთესო მეგობრის" ტიტული ხარისხიანი და მყარი ურთიერთობის გარანტი არ არის. 2007 წლის კვლევის მიხედვით, როდესაც მეგობრობა მუდმივად პრობლემების განხილვას უკავშირდება, ამან დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის სიმპტომების გაძლიერება შეიძლება გამოიწვიოს.

იმ ბავშვებისათვის, რომელთაც ჯერ კიდევ ვერ იპოვეს განსაკუთრებული მეგობარი, წინ კიდევ უამრავი შესაძლებლობაა. გრაბერის თქმით, ბავშვობიდან მოყოლებული, მეგობრული ურთიერთობები მუდმივად იცვლება. განსაკუთრებული მეგობრული კავშირის გაწყვეტა, შესაძლოა, რთულად გადასატანი აღმოჩნდეს ბავშვებისთვის, რომლებიც ურთიერთობების დასრულებას მიჩვეულები არ არიან. "ურთიერთობის დასრულების შემდეგ არ არსებობს სხვა გრძნობა, გარდა მწუხარებისა", — ამბობს ის და დასძენს, რომ მნიშვნელოვანია, მათ ამ პროცესში მშობლებისაგან მხარდაჭერა მიიღონ.

ახლო მეგობრული კავშირების ქონა დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, გამძლეობასა და ბედნიერებაზე.

ფოტო: Getty Images

კულტურული განსხვავებები

საუკეთესო მეგობრად ერთი ადამიანის შერჩევა არ არის უნივერსალური მოდელი — ზოგიერთ კულტურაში ადამიანები დროის გატარებას ოჯახის წევრებისა და თანატოლებისაგან შემდგარ მრავალრიცხოვან ჯგუფებში არჩევენ.

სასექსის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ლექტორი ევან კილიკი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში პატარა, სოფლის სტილის დასახლებებში ბავშვები თანატოლ ნათესავებთან ერთად დადიან სკოლაში და მათ ერთნაირად აღიქვამენ როგორც ახლო მეგობრებად, ასევე დიდი ოჯახის წევრებად.

კილიკმა ამაზონის ტროპიკულ ტყეში მცხოვრები აშენინკას საზოგადოების სოციალური ურთიერთობები შეისწავლა. ამ თემში ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, როგორც წესი, უბრალო მეგობრულ ურთიერთობებზე მნიშვნელოვნად აღიქმება. კილიკის თქმით, "დასავლეთის ურბანულ საზოგადოებებში ახლო მეგობრული ურთიერთობების იდეა მნიშვნელოვანია, რადგან მათი წევრები ღრმა ნათესაური კავშირების შენარჩუნებას ვერ ახერხებენ". აშენინკას თემის ბავშვები კი მეგობრებს ოჯახის გარეთ მხოლოდ მაშინ ეძებენ, როცა გარდატეხის ასაკს მიაღწევენ და სავაჭრო ურთიერთობებისა და საქორწინო პარტნიორების პოვნა უწევთ. თავდაპირველად ეს ტრანზაქციული ურთიერთობებია, რომლებიც ორიენტირებულია პრაგმატულ შედეგებზე, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი, შესაძლოა, ძლიერ ემოციურ კავშირშიც გადაიზარდოს.

მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ბავშვები როგორც მეგობრებთან, ასევე ნათესავებთანაც ახლო ურთიერთობებს აყალიბებენ.

ფოტო: Getty Images

ბოლოდროინდელ კვლევაში რუსული და კანადური მეგობრული ურთიერთობები შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ რუსები მეგობრობას კანადელებთან შედარებით მეტად აღიქვამენ ისეთ ინტიმურ კავშირად, რომელიც ნდობასა და სიახლოვეზეა დაფუძნებული.

"მეგობრობის რუსული მოდელი ითვალისწინებს ცოტა მეგობარს ძალიან ღრმა, ახლო ურთიერთობებით", — ამბობს მარინა დაცერინი, კვლევის თანაავტორი და მონრეალის კვებეკის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. კანადური მოდელის მიხედვით კი, დიდი აქცენტი კეთდება ადამიანების დამოუკიდებლობის პატივისცემაზე და ნაკლებია მოლოდინები ახლო მეგობრების მიმართ. "არ არსებობს იდეა, რომ რაც უნდა მოხდეს, თქვენს მეგობარს გაჭირვებაში გვერდით დაუდგებით", — ამბობს დაცერინი.

დაცერინის თანახმად, არსებობს შესაბამისი ლინგვისტური ვარიაციებიც, რადგან რუსულ და ინგლისურ ენებზე მოლაპარაკე ადამიანები მეგობრებს განსხვავებულად მოიხსენიებენ. მისი თქმით, რუსები ტერმინ "მეგობარს" (დრუგ) მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ იყენებენ, ვისთანაც ძალიან ახლო კავშირები აქვთ; ხოლო მათ, ვისთან ერთადაც დროს სიამოვნებით ატარებენ, შედარებით ნეიტრალური ტერმინით (დრუჟიშე) მოიხსენიებენ. მეორე მხრივ, ინგლისური სიტყვა friend კანადელებისთვის ურთიერთობების ფართო სპექტრს მოიცავს.

შესაძლოა, მეგობრობისადმი განსხვავებული დამოკიდებულებების ისტორიული ახსნა არსებობდეს. მაგალითად, "საბჭოთა კავშირში უკიდურესად სარისკო იყო ახლო ურთიერთობა, თუნდაც ოჯახის წევრებს შორის", — ამბობს დაცერინი, — "ასეთ დროს გამოსავალი იყო, გყოლოდა რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც სრულად ენდობოდი. ნდობის ცნება კი ძალზე მნიშვნელოვანია რუსული მეგობრობისათვის".

მეგობრისა და მოკავშირის ყოლა — იქნება ეს სათამაშო მოედნის მეგობარი, აშენინკას სტილის ახლო ბიძაშვილი, რუსული სტილის დრუგი თუ ღრმა წყლებში მონადირე დელფინი — ჩვენს ცხოვრებაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. ზოგიერთისათვის მეგობრული კავშირები ბავშვობიდან იწყება. სხვებს, შესაძლოა, მეტი დრო დასჭირდეთ ახლო მეგობრის საპოვნელად. მაგრამ, როგორც დენვორთი აღნიშნავს, მთავარია, ცდა არ შევწყვიტოთ, რადგან საუკეთესო მეგობრის პოვნა არასოდესაა გვიანი.