თენგიზ ბიბილაშვილი აშშ-ის ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადის გუნდს უხელმძღვანელებს
პროფესორი თენგის ბიბილაშვილი აშშ-ის ფიზიკოსთა გუნდის აკადემიური დირექტორი გახდა. გუნდი ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე 2022 წელს წარადგენს ქვეყანას. პროფესორი სანტა ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტში ფიზიკას ასწავლის და სწორედ ეს უნივერსიტეტი ავრცელებს აღნიშნულ ინფორმაციას.
"დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო აშშ-ის გუნდის რეპუტაციის ნაწილი. მსურს, ფიზიკის კუთხით, გავაფართოო ოლიმპიური ჩართულობა აშშ-ის სკოლებსა და რეგიონებში, სადაც ოლიმპიადაში ნაკლებად, ან საერთოდ არ მონაწილეობენ", — აღნიშნა თენგიზ ბიბილაშვილმა.
ყოველწლიურად ასოციაცია იღებს და ამზადებს სტუდენტებს ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში (IPhO) მონაწილეობის მისაღებად. სპორტისგან განსხვავებით, IPhO მონაწილეები პირდაპირ არ ეჯიბრებიან ერთმანეთს. როგორც ბიბილაშვილი განმარტავს, გუნდები, ქულების მოსაპოვებლად, თეორიულ და ექსპერიმენტულ ამოცანებს წყვეტენ. ამ პროცესში კი შეჯიბრების ორ ტურს გადიან. ოლიმპიადის შემდეგ, მედლები და საპატიო ჯილდოები სწორედ ამ ქულების მიხედვით გაიცემა და არა იმის გათვალისწინებით, თუ ვინ გაიმარჯვა. "ეს კონკურსს მეგობრულს ხდის და სტუდენტებს უბიძგებს ისწავლონ ფიზიკა და არა კონკურენცია", — აღნიშნავს ბიბილაშვილი.
აღსანიშნავია, რომ თენგიზ ბიბილაშვილი საბჭოთა კავშირის დროს, საქართველოში, ვეკუას ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში სწავლობდა. ამ პერიოდში მან ფიზიკაში საბაზისო ცოდნა მიიღო და ოლიმპიადებშიც მონაწილეობდა.
როგორც კალიფორნიის უნივერსიტეტის რელიზიდან ვიგებთ, ბიბილაშვილმა, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ხელი შეუწყო საქართველოში ფიზიკის ნაციონალური ოლიმპიადის ჩამოყალიბებას. მას შემდეგ კი, რაც საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოდან გუნდების გაგზავნაც გახდა შესაძლებელი. 1998 წელს ის საქართველოს გუნდს ხელმძღვანელობდა, ისლანდიაში გამართულ IPhO-ზე და აგრძელებდა გუნდების წვრთნას, სანამ 2002 წელს აშშ-ში არ გაემგზავრა.
"2002 წელს, როცა ჩვენმა ხუთმა სტუდენტმა მიიღო მედალი, საქართველოს პრეზიდენტთან, ედუარდ შევარდნაძესთან გვქონდა შეხვედრა. მან ყველა სტუდენტს საპრეზიდენტო სტიპენდია მიანიჭა, მე კი საქართველოს ღირსების ორდენით დამაჯილდოვა", — ყვება ბიბილაშვილი კალიფორნიის უნივერსიტეტის წარმომადგენელთან საუბრისას.
როგორც უკვე ვთქვით, 2002 წლიდან თენგიზ ბიბილაშვილი აშშ-ში მოღვაწეობს. ის კალიფორნიის უნივერსიტეტში ფიზიკას ასწავლის და ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული აშშ-ის ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირების ასოციაციის შექმნაში. "ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირებს, თუმცა ყოველთვის მქონდა სურვილი, დავბრუნებოდი მთავარ საერთაშორისო შეჯიბრებას — IPhO-ს", — თქვა მან.
2021 წელს, ამერიკის ფიზიკის პედაგოგთა ასოციაცია ეძებდა ახალ აკადემიურ დირექტორს აშშ-ის ფიზიკის გუნდისათვის. ასოციაციამ ეს პოზიცია თენგიზ ბიბილაშვილს შესთავაზა, რომლის შეფასებითაც, IPhO ფიზიკის სტუდენტებისთვის საუკეთესო ღონისძიებაა.
ამ ეტაპზე, ლექტორები მთელი აშშ-ის მასშტაბით F=ma-ის სახელით ცნობილ ტესტებს ატარებენ. ამ გზით, ათასობით მსურველიდან 400 სტუდენტი უნდა შეირჩეს. შემდეგ ეტაპზე ჩატარებული ტესტების საფუძველზე კი 25 სტუდენტი შეირჩევა. ისინი ფიზიკის ბანაკის მონაწილეები იქნებიან, ხოლო მათგან პროფესორებმა 5 რჩეული სტუდენტი უნდა გამოყონ. სწორედ ამ 5 ახალგაზრდისგან შედგება აშშ-ის ფიზიკის გუნდი, 2022 წლის IPhO-ზე.
ბიბილაშვილის თქმით, მისი მოწოდება ფიზიკოსთა ახალი თაობების აღზრდაა. ჯერ კიდევ საქართველოში, როცა მისი პირველი სამსახური ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტში მხოლოდ კვლევას მოიცავდა, მას მოსწავლეები არ ჰყავდა. "სწავლებისადმი ჩემმა სიყვარულმა ისევ ვეკუას ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში დამაბრუნა", — ამბობს ის.
სანტა ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი ამჟამად კვლევით საქმიანობაში ნაკლებადაა ჩართული. ამის ნაცვლად, ის მთელ მის რესურსს ახალი თაობების აღზრდაში დებს. "მიყვარს სწავლება და მიყვარს იმ სტუდენტებთან მუშაობა, რომლებიც დასაწყისში სიძნელეებს აწყდებიან, მაგრამ საკმარისად კონცენტრირებულნი არიან იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიონ", — ამბობს თენგიზ ბიბილაშვილი.
კომენტარები