ანტარქტიკის შელფური მყინვარის ქვეშ სიცოცხლის მრავალი ფორმა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ანტარქტიკის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი შელფური მყინვარის ქვეშ, ოკეანის ფსკერის უმცირეს მონაკვეთში, სიცოცხლის მრავალი ფორმა აღმოაჩინეს. მათი განცხადებით, წყლის ბინადართა ამგვარი ნაირსახეობა ადგილისთვის, რომელიც მზის სინათლეს მოკლებულია, ნამდვილად გასაოცარია.
მსგავს პირობებში ცოცხალი ორგანიზმები არსებობენ, თუმცა აქამდე მიიჩნეოდა, რომ ეს იშვიათობა იყო. საქმე იმაშია, რომ ეკოსისტემათა უმეტესობა ეფუძნება მცენარეებს, რომლებშიც ფოტოსინთეზი მიმდინარეობს, შესაბამისად, ყინულით დაფარულ, ბნელ გარემოში მათი, როგორც საკვების სიმცირე ბიომრავალფეროვნების განვითარებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორია.
ამის მიუხედავად, მას შემდეგ, რაც სპეციალისტებმა ექსტრომის შელფური მყინვარი 200 მეტრ სიღრმეზე გაბურღეს, იქიდან 100 მეტრით ქვემოთ იმაზე მეტი ცხოველის ფრაგმენტს მიაკვლიეს, ვიდრე ელოდნენ.
ნიმუშების ანალიზმა 77 სახეობა გამოავლინა. მათ დიდ ნაწილს ექტოპროქტები შეადგენენ, რომლებიც წყლის გაფილტვრის შედეგად მოპოვებული ნაწილაკებით საზრდოობენ. როგორც ჩანს, ოკეანურ დინებებს მათთან საკმარისზე მეტი რაოდენობის პიროფიტული წყალმცენარეები და სხვა ევკარიოტები მიაქვს. თანაც, ისინი ბევრ საკვებს არ მოიხმარენ, რადგან პატარა ზომის გამო, მცირე ენერგიას საჭიროებენ.
რაც მთავარია, ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ორგანიზმები იქ დაახლოებით 6 000 წელია, არსებობენ, რასაც ხელი იმან შეუწყო, რომ ანტარქტიკის რეგიონში შტორმები, წყალდიდობები ან ხანძრები არაა. თუმცა, გლობალური დათბობის პარალელურად, ეს შესაძლოა, შეიცვალოს.
მეცნიერთა ნაშრომი გამოცემაში Current Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები