ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ადამიანის დნმ ტილის მეშვეობით მოიპოვეს
მეცნიერებმა არგენტინის ტერიტორიაზე 1 500-2 000 წლის წინ მცხოვრები ადამიანის დნმ ტილის წყალობით მოიპოვეს, რაც ისტორიაში პირველი მსგავსი პრეცედენტია. გენეტიკური მასალის შემონახვას სწორედ ამ პარაზიტის მიერ თმის ღერზე საკუთარი კვერცხების მისამაგრებლად გამოყენებულმა წებოვანმა ნივთიერებამ შეუწყო ხელი.
სპეციალისტთა განცხადებით, მუმიფიცირებული ნეშტის თავის კანის შემადგენელი უჯრედები ტილის მიერ გამოყოფილმა, მოთეთრო შეფერილობის მასამ დაფარა, რამაც მათში არსებული დნმ მთელი ამ დროის განმავლობაში განადგურებისგან დაიცვა. აღნიშნული მიგნების შესახებ ავტორები გამოცემაში Molecular Biology and Evolution გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.
მეცნიერები ამბობენ, რომ ამ გზით მიღებულმა გენეტიკურმა ინფორმაციამ სამხრეთ ამერიკაში კოლუმბამდელი ცივილიზაციების წარმომადგენელთა მიგრაციაზე მნიშვნელოვანი მონაცემები მოგვაწოდა. ასევე, ახალმა ტექნიკამ, შესაძლოა, ადამიანთა ისეთი ჩონჩხების სათანადო შესწავლა გაამარტივოს, რომელთა კბილები და ძვლებიც მსგავსი ხასიათის კვლევას არ ექვემდებარება.
აღსანიშნავია, რომ წებოვან სუბსტანციაში შემონახული დნმ იმავე რაოდენობისაა, რაც კბილში გვხვდება, ძვლებში არსებულს 2-ჯერ აღემატება, თავად ტილების ორგანიზმში აღმოჩენილს კი 4-ჯერ აჭარბებს.
კომენტარები