მეცნიერებმა 3000 წლის მუმიის ციფრული გამოსახულება მოიპოვეს
მეცნიერებმა ძველი ეგვიპტის მე-18 დინასტიის ფარაონის, ამენჰოტეპ I-ის მუმია, რომელიც სახვევების შიგნითაა მოთავსებული, სახე კი ნიღბით აქვს დაფარული, ციფრულად შეისწავლეს და მისი გამოსახულება მოიპოვეს. ამის შესახებ ისინი გამოცემაში Frontiers in Medicine ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.
სპეციალისტებმა ფარაონის ნეშტი მისი სიკვდილიდან 3000 წლის შემდეგ პირველად დაათვალიერეს, რაც კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით შეძლეს. ამ გზით მათ გაიგეს, რა იმალება სახვევების რამდენიმე ფენის მიღმა. მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ამენჰოტეპ I, რომელიც ძვ.წ. 1526-1506 წლებში მეფობდა, 35 წლის დაიღუპა. ანალიზის მიხედვით, მისი სიმაღლე 169 სანტიმეტრი გახლდათ. ასევე, ეგვიპტის მმართველს ჰქონდა ჯანსაღი კბილები, აღინიშნება წინადაცვეთის კვალიც.
სიღრმეში მიაკვლიეს 30 ამულეტსა და უნიკალურ ქამარს, რომელიც ოქროს მძივის მარცვლებითაა მორთული. მათ, სავარაუდოდ, მაგიური მნიშვნელობა ჰქონდათ, კერძოდ, ფარაონს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეში უნდა დახმარებოდნენ.
არავინ იცის, რა ვითარებაში დაიღუპა ამენჰოტეპ I ან სად დაკრძალეს იგი პირველად. ის მეცნიერებმა 1881 წელს, ქალაქ ლუქსორის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, სადაც ნეშტი 21-ე დინასტიის მმართველობის დროს გადაიტანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ძველ დროში ის გაძარცვეს და დააზიანეს, რისი ნიშნებიც სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ფიქსირდება.
ნაშრომის ავტორთა განცხადებით, შელახული მუმია მოგვიანებით ქურუმებმა მოაწესრიგეს, სახვევებში ხელახლა გაახვიეს და ძვირფასი აქსესუარები თუ ნივთები ჩააყოლეს. დაადგინეს ისიც, რომ ამენჰოტეპ I მამას, იაჰმეს I-ს ჰგავდა. მას წვრილი ნიკაპი, პატარა ცხვირი, ხვეული თმა და ოდნავ წინ წამოწეული ზედა კბილები ჰქონდა.
ახალი მიგნება ძველი ეგვიპტის ფარაონის შესახებ მნიშვნელოვან მონაცემებს გვაწვდის, რომელთაც თანამედროვე ტექნოლოგიის გარეშე ვერ მოვიპოვებდით.
კომენტარები