10 სამედიცინო მიღწევა — რით დაგვამახსოვრა თავი 2021-მა წელმა
რთული წარმოსადგენია, მედიცინის გარეშე ადამიანთა დიაგნოსტირება და მკურნალობა როგორ მოხერხდებოდა, თუმცა მარტივი მისახვედრია, რომ მის გარეშე კაცობრიობა ვერ იარსებებდა. მიუხედავად იმისა, რომ სფერო მუდმივად ვითარდება, დღესდღეობით მაინც მრავალი ისეთი მდგომარეობა არსებობს, რომლისთვისაც გამოსავლის პოვნა რთულია. მეცნიერები ამის გამოსწორებას მუდამ დაუღალავად ცდილობენ ინოვაციური იდეებისა და ტექნიკების საშუალებით. ამ მხრივ გამონაკლისი არც 2021 წელი ყოფილა.
სტატიაში მხოლოდ რამდენიმე შედარებით აქტუალურ ამბავს შემოგთავაზებთ, რომელსაც 2021 წელს მივადევნეთ თვალი და ვფიქრობ, დღევანდელ სამედიცინო ტენდენციებს კარგად ასახავს.
1. ქალს სრულად ხელოვნური გული ჩაუდგეს
მხოლოდ აშშ-ში ყოველ წუთას დაახლოებით 3500 პაციენტი ელოდება გულის გადანერგვას, დონორის გულის სიმცირის გამო კი ექიმებს მათი უმრავლესობის დაკმაყოფილება არ შეუძლიათ, ამიტომაც ამ ტიპის გადანერგვის პროცედურაში ინოვაციების საჭიროება იჩენს თავს.
მსოფლიოში პირველი AbioCor ხელოვნური გული პაციენტს პირველად 2001 წელს ჩაუდგეს. გულის წინა ორი მიმღები კაცი იყო, ხოლო ქალში კი პროცედურა მსოფლიოში პირველად ჩატარდა. პაციენტს აესონის ბიოპროთეზული ხელოვნური გული წარმატებით გადაუნერგეს. პროცედურისას გამოყენებული ტრანსპლანტი საკმაოდ კომპაქტურია და ქალებისათვის დამახასიათებელ შედარებით მცირე ზომის გულმკერდის ღრუში თავსდება.
იხილეთ: მსოფლიოში პირველად, ქალს ახალი თაობის, სრულად ხელოვნური გული ჩაუდგეს
მეცნიერები აცხადებენ, რომ აესონის ხელოვნური გული ბივენტიკულარული უკმასრისობის მქონე პაციენტების დასახმარებლდ შეიქმნა და ამიტომაც ბევრ ადამიანს გამოადგება. ესაა მდგომარეობა, როცა გულის ვერც ერთი მხარე ვერ ახერხებს სისხლის სწორად გადატუმბვას, ხოლო აქამდე ასეთი პაციენტებისათვის მკურნალობა ნაკლებად იყო ხელმისაწვდომი.
აესონის გული წნევის სენსორების საშუალებით თავად განსაზღვრავს, რა რაოდენობის სისხლი სჭირდება სხეულს და ამის მიხედვით მუშაობს, თუმცა იგი მუდმივი არაა და მხოლოდ პაციენტთა სიცოცხლის გასახანგრძლივებელი საშუალებაა, სანამ ისინი ახალ გულს ელოდებიან. ექსპერტები ამბობენ, რომ ახალი მოწყობილობა გულის გადანერგვის პრობლემებს მნიშვნელოვნად გადაჭრის.
2. გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი უკვე ორ ადამიანს მიუერთეს
ქსენოტრანსპლანტაციის, ანუ ცხოველისგან ადამიანისთვის ორგანოების გადანერგვის იდეა მე-17 საუკუნეში გაჩნდა. უკვე ათწლეულებია, რაც მეცნიერები ცხოველებისგან ადამიანთათვის ცხოველთა ორგანოების გადანერგვას ცდილობენ, მეთოდის სრულყოფას კი 2021 წელს კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით — ლანგონის ინსტიტუტის ქირურგებმა ღორის თირკმელი უკვე ორ ადამიანს მიუერთეს.
ორგანოთა დეფიციტი მსოფლიოში საკმაოდ აქტუალური პრობლემაა: მხოლოდ შეერთებულ შტატებში 90 ათასზე მეტი ადამიანი უცდის თირკმელს, ლოდინისას კი ყოველდღიურად 12 ადამიანი იღუპება. გადანერგვის პირველი ოპერაცია სექტემბერში ჩატარდა, შემდეგ კი მეცნიერთა იმავე გუნდმა ექსპერიმენტი დეკემბერში კიდევ ერთხელ გაიმეორა, რათა შედეგების მუდმივობაში დარწმუნებულიყო.
ღორების უჯრედებში არსებული ერთ-ერთი შაქარი ადამიანის სხეულისათვის უცხოა და ორგანოს დაუყოვნებლივ უკუაგდებს. ღორებს ალფა-გალაქტოზიდაზის წარმომქმნელი გენი აკლიათ, ეს შაქარი კი ადამიანის იმუნური სისტემის მხრიდან დაუყოვნებელ თავდასხმას იწვევს, ამიტომაც კომპანია Revicor-მა გენური ინჟინერიის გამოყენებით გენმოდიფიცირებული ღორები შექმნა, რათა სახეობა ადამიანისათვის მაქსიმალურად მიმსგავსებულიყო და მიმღებს ორგანო არ უკუეგდო.
ქირურგებმა ღორის თირკმელი უზარმაზარ სისხლძარღვთა წყვილს მიუერთეს მკვდარი რეციპიენტის სხეულს გარეთ, ნამოქმედარს კი ორი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მცდელობა წარმატებით დასრულდა — სხეულმა თირკმელი მიიღო, მან კი მუშაობა ეფექტურად შეძლო. ექსპერტთა თქმით, ამგვარი ექსპერიმენტების შედეგად შეიძლება, ღორის თირკმელებისა თუ გულის გადანერგვა ცოცხალ ადამიანებშიც მოხერხდეს.
3. ჩატარდა სახისა და ხელების პირველი წარმატებული გადანერგვა
ტრანსპლანტაციის მიღწევები მხოლოდ ორგანოებით ნამდვილად არ შემოიფარგლება: ჯო დიმეოს, ნიუ ჯერსის 22 წლის მკვიდრს, ხელებისა და სახის ტრანსპლანტი გადაუნერგეს. მართალია, მოვლენა გასულ წელს მოხდა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ 2021 წელს გავიგეთ, რადგან ექიმებს ორგანიზმის მიერ ტრანსპლანტის მიმღებლობაში დარწმუნება სურდათ. ეს სახისა და ხელების გადანერგვის პირველი წარმატებული ოპერაციაა.
პაციენტი 2018 წელს ავტოავარიის შედეგად დაზიანდა და სხეულის 80%-ზე მესამე ხარისხის დამწვრობები მიიღო. მან თვალის ქუთუთოები, ყურები და თითების დიდი ნაწილი დაკარგა, სახე და კისერი კი შრამებით ჰქონდა დაფარული და ემოციების გამოხატვაც უჭირდა.
ამ დროის მანძილზე დიმეოს 20 აღდგენითი და კანის გადანერგვის პროცედურა ჩაუტარდა, საბოლოო, 23-საათიანი ოპერაცია კი ლანგონის საავადმყოფოში წარიმართა: ანონიმურ, დაღუპულ დონორს ხელებისა და სახის ქსოვილები ფრთხილად მოაცილეს და იგი 3D პრინტერით დაბეჭდილი პროთეზით ჩაანაცვლეს. მისი სახე და ხელები კი იმ ნაწილების ასლებს მოარგეს, რომლებიც 3D ფოტოგრაფიისა და 3D ბეჭდვის საშუალებით ააგეს.
ბიჭმა სახესა და ხელებზე კუნთების კონტროლი უნდა ისწავლოს და მთელი ცხოვრების მანძილზე მიიღოს მედიკამენტები, რათა სხეულმა ტრანსპლანტის უარყოფა არ დაიწყოს.
4. ისტორიაში პირველად, დეპრესიის მქონე პაციენტს ტვინის იმპლანტით უმკურნალეს
დეპრესია ფართოდ გავრცელებული აშლილობაა, თუმცა ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა თერაპია თუ მედიკამენტები ვეღარ მოქმედებს და მკურნალობის პროცესიც რთულდება. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ შესაძლოა, დეპრესიის განსაკურნად ტვინის ელექტროსტიმულაცია შედეგიანი იყოს და 36 წლის სარაზე მეთოდი წარმატებით გამოცადეს.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ტვინის სტიმულირების მეთოდები შეამოწმეს. მათ სარას დეპრესიის ბიომარკერი, კერძოდ, ტვინში წარმოქმნილი კონკრეტული იმპულსები მოძებნეს, რომლებიც დაავადებასთან ასოცირდებოდა. მეცნიერებმა სამი რეგიონი გამოავლინეს, რომელზე მანიპულაციითაც დეპრესიის შემსუბუქებაა შესაძლებელი. ერთი ელექტროდი მათ სწორედ მსგავს რეგიონში ჩანერგეს, ხოლო მეორე — შესაბამის ნერვულ წრედში. უნდა აღინიშნოს, რომ ბიომარკერი ყველასთვის სხვადასხვაა, ამიტომ შედეგის მისაღებად ტვინის ინდივიდზე მორგებული სტიმულირებაა საჭირო.
ბიომარკერის აღმოჩენისას სტიმულატორი სამიზნე ადგილას 6 წამის განმავლობაში სუსტ ელექტრულ იმპულსებს უშვებდა. შედეგად, სარას მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და დეპრესია პირველ თვეებში სწრაფად და საგრძნობლად შესუსტდა. ახლა იგი ტვინის იმპლანტიდან იღებს მსგავს სტიმულაციას, რომელიც ტვინზე საჭიროებისამებრ რეაგირებს.
ტვინის იმპლანტებითა და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ფსიქიკურ დაავადებათა მკურნალობის თაობაზე მოგვიანებით კიდევ ერთი კვლევა გამოქვეყნდა, რომელიც მეთოდის ეფექტურობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
ასევე იხილეთ: შესაძლოა, ტვინის იმპლანტები და ხელოვნური ინტელექტი ფსიქიკურ დაავადებათა სამკურნალოდ გამოიყენონ
5. ტვინის იმპლანტებით უსინათლო ქალმა დანახვა შეძლო
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არც ტვინის იმპლანტების გამოყენება შემოიფარგლება მხოლოდ ფსიქიკური პრობლემებით: ესპანელმა მეცნიერებმა უსინათლო პაციენტის ტვინში იმპლანტი მოათავსეს, რის შემდეგაც მან დანახვა შეძლო. ეს უშუალოდ მისი ტვინის ვიზუალური კორტექსის სტიმულირებით მოხერხდა.
სისტემა "ხელოვნურ ბადურას" იყენებს, რომელიც სპეციალურ სათვალეზეა დამაგრებული და მის წინ გადაშლილ სინათლეს აღიქვამს. ამის შემდეგ, სინათლე ელექტრულ სიგნალებად ითარგმნება და ტვინის იმპლანტისკენ მიკრო-ელექტროდების სერიის სახით იგზავნება. ასე, უსინათლო ადამიანი მისი სათვალის მიერ დანახულ ინფორმაციას "ხედავს".
აღნიშნული სისტემა მკვლევრებმა 57 წლის ქალზე გამოსცადეს, რომელიც 16 წელია, რაც სრულად უსინათლოა, ექსპერიმენტის ფარგლებში კი მან სილუეტებისა და ფორმების გარჩევა შეძლო, ხოლო ნეირონული იმპლანტებისა და გენის რედაქტირების ტექნოლოგიიას თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება, მალე უსინათლობა განკურნებადი იყოს.
ასევე იხილეთ: "მხედველობის აღმდგენი" ბიონიკური თვალი სულ უფრო რეალური ხდება
6. წლების შემდეგ, FDA-მ სიმსუქნის წამალი დაუშვა
Wegovy, იგივე სემაგლუტიდი, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში წლების მანძილზე გამოიყენებოდა დიაბეტის საწინააღმდეგოდ, თუმცა, ცოტა ხნის წინ აღმოჩნდა, რომ იგი მადასაც ეფექტურად აქვეითებს. სემაგლუტიდი 2014 წლის შემდეგ პირველი წონის საკლები მედიკამენტია, რომელიც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) დაუშვა.
კვლევა 2000-მდე ადამიანზე ჩატარდა, ამ მედიკამენტით მკურნალობის შედეგად კი მონაწილეებმა წონაში საშუალოდ 15%-ით დაიკლეს — ასეთი კლება ადამიანებში აქამდე არც ერთ მედიკამენტს არ გამოუწვევია, მსგავსი შედეგი კი მხოლოდ ქირურგიით თუ იყო მიღწევადი. თერაპიის ეს მეთოდი ორგანიზმს ჰორმონ გლუკაგონის მსგავს პეპტიდ-1-ს (GLP-1) აწვდის, რაც მიმღებს თავს დანაყრებულად აგრძნობინებს, შედეგად კი ნაკლებ საკვებს იღებს. მკურნალბის ფარგლებში წამალი ორგანიზმში კვირაში ერთხელ შეჰყავთ. პაციენტები მსუბუქ და ზომიერ გვერდით ეფექტებს განიცდიდნენ: გულისრევა, დიარეა, ყაბზობა და მუცლის ტკივილი.
მედიკამენტის გამოყენება მხოლოდ ჭარბწონიან ადამიანებში იქნება დაშვებული, რომლებსაც წონასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის ერთი პრობლემა მაინც აღენიშნება (მაღალი წნევა, მეორე ტიპის დიაბეტი ან ქოლესტერინის მაღალი დონე). აშშ-ში 20 წლის ზემოთ ზრდასრული ადამიანების თითქმის 3/4-ია ჭარბწონიანი და იქმნება მოლოდინი, რომ ამასთან დაკავშირებულ დაავადებებთან გამკლავებასა და კვების სტილის შეცვლაში Wegovy ბევრს დაეხმარება, თუმცა დაზღვევის გარეშე ქვეყანაში მისი ფასი მინიმიმ 1 300 დოლარს შეადგენს და ბევრისათვის ხელმისაწვდომი ნამდვილად ვერ იქნება.
7. გავიგეთ, რომ დაკარგული კბილების ბუნებრივად აღდგენის შესაძლებლობა არსებობს
მეცნიერებმა მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობის ექსპერიმენტული მეთოდი შექმნეს, რომელმაც შესაძლოა, ზრდასრულ ადამიანს დაკარგული კბილი ახლიდან გაუზარდოს, როგორც ბავშვობაში ხდება ხოლმე. კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
გენები, რომლებიც კბილების გაზრდაზე ახდენს გავლენას, ორგანიზმის განვითარებაზეც მნიშვნელოვნად ზემოქმედებს, ექსპერიმენტის პირველ ეტაპზე კი ლაბორატორიულ თაგვებში ამ მეთოდმა ბევრი დეფექტი გამოიწვია. საბოლოოდ გუნდმა დაასკვნა, რომ გენ USAG-1-ის ბლოკირება ძვლის მორფოგენეტიკური ცილის (BMP) აქტივობას ზრდის. სწორედ ამ მოლეკულაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი კბილი ამოუვა ადამიანს. BMP-ს გააქტიურებამ ზრდასრულ თაგვში უკვე ამოღებული კბილები ამოიყვანა.
ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი მანამ, სანამ ამ მეთოდს ადამიანებზე გამოცდიან. თუმცა, თუ ექსპერიმენტები წარმატებული იქნება, მომავალში შეიძლება, დაკარგული კბილები ბუნებრივად ამოვიყვანოთ — ისევე, როგორც ბავშვობაში.
8. შეიქმნა და ავტორიზაცია მიიღო კოვიდის სამკურნალო აბებმა
ამ დროისათვის აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ უკვე კოვიდის სამკურნალო ორი მედიკამენტის, მოლნუპირავირისა და პაქსლოვიდის ავტორიზაცია გასცა. აბების მიღებას პაციენტები შინვე შეძლებენ, სანამ იმ მდგომარეობამდე მიაღწევდნენ, რომ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეთ.
პაქსლოვიდი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო პირველი ანტივირუსული პრეპარატია, რომლის მიღება სახლშიც შეიძლება, სანამ მდგომარეობა გართულდება და ჰოსპიტალიზების საჭიროება დადგება. იგი 12 წელს ზემოთ პირებისთვისაა განკუთვნილი და ექიმის ნებართვა სჭირდება.
Merck-ის ანტივირუსული პრეპარატი, მოლნუპირავირის აბი იმ ზრდასრულთათვის იქნება განკუთვნილი, ვისაც SARS-CoV-2 დაუდასტურდა და კოვიდ-19 მსუბუქ ან საშუალო ფორმებში აქვთ; არსებობს გართულებების, მათ შორის ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკი ან მათთვის, გარკვეული მიზეზების გამო კოვიდ-19-ის სამკურნალოდ ალტერნატიული მეთოდები ხელმისაწვდომი ან მიზანშეწონილი არ არის.
9. წინსვლა გვქონდა მალარიის, კიბოსა და აივ ინფექციის ვაქცინების კუთხით
- მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინა — მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინის ფართო გამოყენება დაუშვა იმ რეგიონებში, რომლებშიც ინფექცია ყველაზე მეტადაა გავრცელებული. მალარია პარაზიტის ნაკბენით გამოწვეული დაავადებაა, რომლის დამარცხებასაც კაცობრიობა უკვე დიდი ხანია ცდილობს. ვაქცინას Mosquirix ეწოდება და 30 წლის განმავლობაში იქმნებოდა. პრეპარატის მეშვეობით ორგანიზმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს Plasmodium falciparum-ის სახელით ცნობილი პარაზიტის წინააღმდეგ, რომლის ნაკბენიც მალარიის ყველაზე მძიმე ფორმას იწვევს. ვაქცინა პირველია, რომელმაც ფართომასშტაბიანი კლინიკური ტესტირება სრულად გაიარა და დადებითი შედეგი აჩვენა.
- კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა — ინდივიდუალური mRNA კიბოს ვაქცინა BioNTech-ისგან კლინიკური კვლევის მე-2 ფაზაზე გადავიდა. სპეციფიკური კიბოს ანტიგენური თერაპია კიბოს 20-მდე მუტაციას ანადგურებს. პაციენტისაგან სიმსივნის ნიმუშის აღების შემდეგ ვაქცინა ამ კონკრეტული კიბოს მუტაციის მიხედვით მუშავდება. იგი კოვიდ-19-ის ვაქცინის მაგავსი პრინციპით მოქმედებს, მაგრამ ამჯერად იმუნურ სისტემას კიბოს წარმონაქმნების თავიდან აცილებას ასწავლის. კვლევის მონაწილეები რეგულარულ დოზებს ოთხ-წლიანი საცდელი პერიოდის განმავლობაში მიღებენ. ისინი იქნებიან პაციენტები, რომელთაც კიბო უკვე დაამარცხეს, თუმცა ახლიდან განვითარების მაღალი რისკი აქვთ. ვაქცინის შემქმნელებს იმედი აქვთ, რომ მათ მიერ შემუშავებული სისტემა ამ პროცესის პრევენეციას მოახდენს.
- აივ ინფექციის ვაქცინა — იაპონელმა მკვლევართა ჯგუფმა შექმნა ვაქცინა, რომელმაც ადრეული ცდის დროს მაკაკებში აივ ინფექცია მოკლა. ვაქცინში სპეციალური ბაქტერიაა ჩართული, რომელიც იმუნურ პასუხს აძლიერებს, ეს კი საბოლოოდ შიდსის გამომწვევ ვირუსს ასუსტებს და ანადგურებს. მკვლევრები ამბობენ, რომ ისინი ახლა იმავე ვაქცინას ადამიანებისთვისაც შექმნიან, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ mRNA-ზე დაფუძნებული ვაქცინის ადამიანებზე ტესტირება კომპანია Moderna-მ ცოტა ხნის წინ უკვე დაიწყო.
10. მსოფლიოში პირველად, CRISPR-ის სისხლში შეყვანით გენეტიკურ დაავადებას უმკურნალეს
აღმოჩენის შემდეგ CRISPR-Cas9-ის გენის რედაქტირება გენურ ინჟინერიაში ბევრ სიახლეს გვთავაზობს. წელს ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა CRISPR ექვსი ადამიანის სისხლში შეიყვანეს, რათა ისინი გენეტიკური, ტრანსტირეტინის ამილოიდური დაავადებისგან განეკურნათ, სამი ადამიანის შემთხვევაში კი შედეგები იმედისმომცემი აღმოჩნდა. სამმა პირმა, რომლებსაც უფრო დიდი დოზებით უმკურნალეს, 28 დღის შემდეგ დადებითი შედეგი მიიღო.
ჯენიფერ დუდნამ, ნობელის პრემიის ლაურეატმა CRISPR-ის აღმოჩენისთვის, ჟურნალ Science-ს განუცხადა, რომ ეს კვლევა "პირველი კრიტიკული ნაბიჯია იმისათვის, რომ ნებისმიერი გენის ინაქტივაცია, შეკეთება ან ჩანაცვლება შევძლოთ. ეს კი საბოლოოდ დაავადებების დამარცხებაში დაგვეხმარება."
მთლიანობაში კი ექსპერტები თანხმდებიან, რომ ეს დიდი მიღწევაა და გენური ინჟინერიის განვითარებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია.
ამრიგად, უკანასკნელი წლები კოვიდ-19-ის მძვინვარე პანდემიამ მოიცვა და, დიდი ხანია, მთელი მსოფლიო ამ ყველაფერის გარშემო ბრუნავს, თუმცა კორონავირუსის გარდა ჯანდაცვის სფეროში კვლავაც უამრავი გამოწვევა არსებობდა.
2021 წელს მიმდინარე მოვლენათა ამ მცირე ჩამონათვალს თუ გავითვალისწინებთ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამედიცინო სფეროში მოღვაწე მეცნიერებმა დაბრკოლებებს წარმატებით გაართვეს თავი და არაერთი მნიშვნელოვანი სამომავლო პერსპექტივა წარმოგვიდგინეს COVID-19-ისა თუ ბევრი სხვა სამედიცინო მდგომარეობის კუთხით.
თუ მედიცინის განვითარების მზარდ ტენდენციას გავითვალწინებთ, თამამად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მომავალ წელს კიდევ არაერთი საინტერესო მოვლენა გველოდება, ზემოხსენებული შესაძლებლობების განვითარება და დახვეწა იქნება ეს თუ სრულებით ინოვაციური იდეების შექმნა, რომელთა მეშვეობითაც ერთი შეხედვით გადაუჭრელ პრობლემებს გადავჭრით. საბოლოოდ ისღა დაგვრჩენია, ყურადღებით ვადევნოთ თვალი, როგორ ცდილობენ მეცნიერები ჩვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას — რთული ნამდვილად არაა იმის წარმოდგენა, თუ რა იქნება შემდეგ.
კომენტარები