შესაძლოა, ტვინის იმპლანტები და ხელოვნური ინტელექტი ფსიქიკურ დაავადებათა სამკურნალოდ გამოიყენონ
მინესოტას სამედიცინო სკოლისა და მასაჩუსეტსის გენერალური საავადმყოფოს მკვლევართა გუნდი ირწმუნება, რომ ადამიანის ტვინის კონკრეტული ფუნქციები ხელოვნური ინტელექტისა და ტვინის ელექტრული სტიმულაციის კომბინაციით გააუმჯობესა. კვლევა ჟურნალ Nature Biomedical Engineering-ში გამოქვეყნდა ამ კვირას.
კვლევამ 12 პაციენტი მოიცვა, რომელთაც ეპილეფსიის გამო ტვინზე ოპერაცია უტარდებოდათ. მეცნიერთა განცხადებით, როდესაც ტვინის სხვადასხვა რეგიონებს მცირე ელექტრული ენერგიის საშუალებით ასტიმულირებდნენ, მონაწილეთა მენტალური ფუნქცია გაუმჯობესდა.
ოპერაციის ფარგლებში ასობით პატარა ელექტროდი მოათავსეს ტვინის რამდენიმე სხვადასხვა რეგიონში, ეს კი ნერვული აქტივობის აღრიცხვასა და იმ არეების მიკვლევას ემსახურებოდა, საიდანაც კრუნჩხვები იღებს სათავეს.
მკვლევრებმა მიღებული მონაცემები გამოიყენეს და მთელი ყურადღება "შინაგანი კაფსულისაკენ" მიმართეს. ნავარაუდებია, რომ ტვინის ეს რეგიონი კოგნიტურ კონტროლზე აგებს პასუხს — სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ტვინის ის რეგიონია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ყურადღება ერთი საქმიდან მეორეზე გადავიტანოთ.
შესაძლოა, მიდგომამ ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანებისათვის რევოლუციური მნიშვნელობა შეიძინოს, თუკი უფრო ფართო საზოგადოებისათვის აღმოჩნდება ეფექტური. ჩატარებული კვლევის შედეგები შთამბეჭდავია, თუმცა მეცნიერებს კვლავაც ბევრი შრომა მოუწევთ, რომ ესოდენ სერიოზული სამედიცინო ჩარევის საჭიროება და ეფექტურობა დაგვანახონ.
ალიკ ვიჯის, მინესოტას სამედიცინო სკოლაში ფსიქიატრიის ასისტენტ-პროფესორისა და კვლევის თანაავტორის თქმით, სტიმულაციის მიზანი პაციენტებისათვის კონტროლის შეგრძნების დაბრუნება იყო.
"ამის მაგალითი შეიძლება იყოს, როდესაც დეპრესიის მქონე ადამიანი ნეგატიურ აზრებშია გაჭედილი და ამისაგან თავის დაღწევა უბრალოდ არ შეუძლია", — განაცხადა ვიჯმა — "მსგავსი რამ ფსიქიკურ დაავადებებში საკმაოდ ხშირად გვხვდება, ამის გამოსასწორებელი გზა კი შესაძლოა, ამგვარ დაავადებათა სამკურნალოდ საკმაოდ ძლიერი საშუალება აღმოჩნდეს".
მანქანური სწავლის ალგორითმი გუნდს დაეხმარა, პაციენტებში კონტროლის შესაძლებლობები მათი ტვინის აქტივობისა და ქმედებებისაგან გაეცალკევებინათ.
"სისტემას ტვინის აქტივობის წაკითხვა შეუძლია, აქედან დეკოდირება, როდესაც პაციენტი სიძნელეს აწყდება, შემდეგ კი მცირე ელექტრული სტიმულაციის მოხდენა ტვინზე, რათა მას აღმოცენებული სიძნელის გადალახვაში დაეხმაროს", — თქვა მეცნიერმა.
"ხშირად ელექტრო ველოსიპედი მომყავს მაგალითად: როდესაც ვიღაც მას მართავს, თუმცა უჭირს, ველოსიპედი ამას გრძნობს და ეხმარება. ადამიანის მენტალური ფუნქციისათვის სწორედ ასეთივე რამ შევქმენით".
ცდის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სისტემის ამუშავებისას შფოთვა შეუმცირდათ, რაც ძირითადად იმ ფაქტმა განაპირობა, რომ კოგნიტური კონტროლის მეტი საშუალება მიეცათ და ყურადღების გადატანაც უკეთ მოახერხეს.
"შესაძლოა, ეს ფსიქიკურ დაავადებათა მკურნალობის კუთხით სრულებით ახალი მიდგომა აღმოჩნდეს. სიმპტომთა დახშობის მცდელობის ნაცვლად, იქნებ პაციენტებს საშუალება მივცეთ, თავიანთი გონება თავად აკონტროლონ", — თქვა ვიჯმა.
კომენტარები