10 თამაში, რომელიც 2021 წელს არ უნდა გამოგრჩენოდა
2021 წელი საკმაოდ ქაოსური გამოდგა. ადამიანებმა კორონავირუსსთან თანაცხოვრება ნელ-ნელა ვისწავლეთ და შევეგუეთ მას. თუმცა, გარკვეული ინდუსტრიები მსოფლიოს ახალ დღისწესრიგთან სწრაფად ვერ ადაპტირდნენ და ამან საკმაოდ ბევრი პრობლემა წარმოქმნა.
ერთ-ერთი ასეთი ინდუსტრია გეიმინგი იყო. კორონავირუსი ერთნაირად შეეხო უშუალოდ გეიმერებსაც და თამაშების შემქნელ სტუდიებსაც. პირველ რიგში, ვირუსის გავრცელებასთან ერთად მსოფლიოში მალევე წარმოიშვა ნახევარგამტარების დეფიციტი. ამას დაემთხვა ის, რომ 2020 წლის მიწურულს Microsoft-მა და Sony-მ თავიანთი ახალი თაობის კონსოლები წარმოგვიდგინეს, თუმცა შექმნილი დეფიციტის გამო გეიმერთა გარკვეული ნაწილი კონსოლების შეძენას დღემდე ვერ ახერხებს. იგივე სიტუაცია შეიქმნა პერსონალური კომპიუტერებისთვის განკუთვილი ვიდეობარათების ბაზარზეც. ეს უკანასკნელი კი გეიმინგისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
გარდა შექმნილი დეფიციტისა, ვირუსის გლობალურმა გავრცელებამ უამრავი თამაშის დეველოპმენტის პროცესიც შეანელა და ზოგ მათგანს პროექტის შეჩერებაც კი მოუწია, თუმცა 2021 წელმა ამ მხრივ მაინც გაგვანებივრა და წელს რამდენიმე ძალიან კარგი თამაში მაინც ვიხილეთ.
2021 წელი უკვე იწურება და ჩვენ ისღა დაგვრჩნია მის მონაგარს გადავხედოთ, სწორედ ამიტომ, დღეს ამ სტატიაში მიმდინარე წლის საუკეთესო თამაშებზე ვისაუბრებთ. სია, რაღა თქმა უნდა, სუბიექტური იქნება და ყველა ადამიანის გემოვნებას ვერ მოერგება, თუმცა ვეცდებით ტოპისთვის ისეთი თამაშები შევარჩიოთ, რომლებმაც გეიმერთა გულების მოგება მართლაც შეძლეს.
10. Ratchet & Clank: Rift Apart ($49.69 Playstation)
PS5-ს უკვე უამრავი უმაღლესი დონის ექსკლუზივი აქვს, თუმცა, ალბათ, ისე არცერთი არ გვიჩვენებს თუ რა შეუძლია Sony-ს ახალი თაობის კონსოლს, როგორც Ratchet & Clank: Rift Apart. ეს თამაში სრულად ახალი თაობის კონსოლისთვისაა შექმნილი და მის პოტენციალს ზედმიწევნით იყენებს.
თამაშზე სტუდია Insomniac მუშაობდა. ეს არის სათავგადასავლო შუთერი, ზღაპრული პერსონაჟებითა და ანტაგონისტებით და თუ მას PS5-ზე ითამაშებთ, 4K გარჩევადობითა და ულამაზესი ვიზუალებით დატკბებით. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ თამაშს ძალიან კარგად გაწერილი სიუჟეტი აქვს, პერსონაჟები ძალიან მალე შეგიყვარდებათ და მიხვდებით, რომ თქვენი 50 დოლარი სწორად დააბანდეთ.
9. Psychonauts 2 ($53.99, Gamestop.com)
შეიძლება ითქვას, რომ Psychonauts 2 წლის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი თამაშია. თამაშზე Double Fine მუშაობდა. დეველოპერებმა პერსონაჟებზე ძალიან ბევრი იმუშავეს და თამაშის გმირებს უამრავი ისეთი უნარი აქვთ, რასაც სხვაგან ვერ შეხვდებით.
მთავარ გმირს რთული ფაზლების გამოსაცნობად თამაშის სხვა პერსონაჟების გონებაში შეძრომაც შეუძლია. რეალურად, Psychonauts 2 ამ სიაში იმიტომ მოხვდა, რომ თამაშის სიუჟეტი მენტალურ ჯანმრთელობას ეხება, რაც მეტნალური დაავადებებისადმი მგრძნობელობასა და მიმღებლობას ზრდის.
8. Monster Hunter Rise ($33.88, Gamestop.com)
Monster Hunter დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა გეიმერთა გულების დაპყრობას გლობალური მასშტაბით და Rise-მა ეს მოახერხა. Monster Hunter Rise გვთავაზობს უზარმაზარ სამყაროს, რომელში მოგზაურობაც საუკეთესო შეგრნებებსა და დაუვიწყარ გამოცდილებას გვპირდება.
თამაშში 14 სხვადასხვა იარაღია, დაწყებული გიგანტური ხმლებითა და დამთავრებული ჰიბრიდული ტყვიამფრქვევებით. მონსტების ხოცვის პროცესი იარღთა მრავალფეროვნების გამო კიდე უფრო სახალისო ხდება. მათგან უამრავ ჯილდოსაც მიიღებთ, რაც თამაშში კიდევ უფრო მეტად ჩაგითრევთ.
7. Marvel’s Guardians of the Galaxy ($29.99, Bestbuy.com)
Marvel-ის Guardians Of The Galaxy-ს სამყარო საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდა, რადგან გასული წლის Avengers-მა გეიმერთა მოლოდინები ვერ გაამართლა. Crystal Dynamics-მა Guardians Of The Galaxy-ზე ნამდვილად დიდი ენერგია დახარჯა და როგორც ჩანს, მათ საწადელს მიაღწიეს. თამაშის სიუჟეტი იდეალურადაა გაწერილი.
მარველის პერსონაჟები ყოველთვის გამოირჩევიან თავიანთი ისტორიებით და "გალაქტიკის მცველებიც" არ არიან გამონაკლისი. თამაშში შევხვდებით Gamora-ს, Drax-ს, Rocket-სა და Groot-ს. ყველა პერსონაჟს საკუთარი უნიკალური თვისება აქვს, რაც თამაშის მიმდინარეობისას უამრავ ბრძოლასა თუ თავსატეხის გავლაში დაგეხმარებათ. თუ "გალაქტიკის მცველების" ყიდვას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ რომ თამაშისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებას მხოლოდ PS5-სა და Xbox Series X-ზე შეძლებთ.
6. Forza Horizon 5 ($54.99, Amazon.com)
ეს სია Forza-ს გარეშე ნამდვიალად ვერ შედგებოდა. Forza Horizon 4 გეიმერებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სარბოლო თამაშად იქცა და მის მომდევნო, მეხუთე ნაწილს ყველა მოუთმენლად ელოდა. 3-წლიანმა ლოდინმა ფუჭად არ ჩაიარა. Forza Horizon 5 ამაყად წარსდგა აუდიტორიის წინაშე და თავისი სიტყვა კიდევ ერთხელ თქვა.
ჩემი სუბიექტური აზრით, ეს არის ყველაზე კარგი სარბოლო თამაში, რომლის პოვნაც ამ წუთისთვის ბაზარზე შეიძლება. Forza Horizon 5 გვაძლევს უზარმაზარ Open World სამყაროს და ამ სამყაროში გადაადგილება ჩვენთვის საყვარელი ავტომობილებით ნებისმიერი მიმართულებით შეგვიძლია.
თამაში საუკეთესოდ PC-სა და Xbox-ზე გამოიყურება და არ აქვს მნიშვნელობა გიყვართ თუ არა სარბოლო თამაშები, Forza Horizon 5 თქვენი გულის მოგებას აუცილებლად შეძლებს.
5. Halo Infinite ($59.94; Amazon.com)
Halo-ს დიდი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. ეს არის Microsoft-ის საკულტო shooter თამაში, რომელსაც ფანების უდიდესი არმია ჰყავს. Halo Infinite-ს გამოსვლას ბევრი ადმიანი ელოდა და თამაშმა იმედები გაამართლა.
გარდა ძალიან დიდი და ლამაზი სამყაროსი, Halo მულტიფლეიერ რეჟიმსაც გვთავაზობს, რომელსაც უნდა უფრთხილდეთ, თორემ შესაძლოა ძალიან დიდი დრო წაგართვათ — ეს თამაში ძალიან ჩამთრევი და გასართობია.
4. Resident Evil Village ($31.27, Gamestop.com)
Resident Evil გეიმერების ერთ-ერთი საყვარელი ჰორორ თამაში იყო. ალბათ, ყველას გახსოვთ ლეგენდარული მეოთხე ნაწილი, რომელმაც თავი ყველას შეგვაყვარა, თუმცა მას შემდეგ ამ სერიის საქმე კარგად აღარ წასულა. რამდენიმეწლიანი ჩავარდების შემდეგ, Resident Evil 7-მა Capcom-ს ახალი სუნთქვა გაუხსნა, თამაშში იგრძნობოდა რომ Resident Evil თავის ფესვებს უბრუნდებოდა და ასეც მოხდა, მეშვიდე ნაწილის შემდეგ Capcom-მა Resident Evil Village წარადგინა.
თამაშმა გეიმერებში ნოსტალგია კიდევ უფრო მძაფრად აღძრა. Village ძალიან ჰგავს ძველ ნაწილებს. თამაშის სიუჟეტი 4 ევროპულ სოფელში ვითარდება. ლოკაციები დიდი სიზუსტითაა შერჩეული. გოთიკური არქიტექტურა იდეალურად ერწყმის ჰორორ ჟანრს და თამაში კიდევ უფრო მეტად ჩამთრევი და მიმზიდველი ხდება. ამ ყველაფერს ემატება ბრძოლის იდეალური სისტემა, რომელიც უნდა ვაღიაროთ, რომ ნამდვილად ძალიან დაიხვეწა.
თუ თქვენ Resident Evil ბავშვობაში მაინც გიყვარდათ და შემდეგ გული აგიცრუვდათ, გირჩევთ ბოლო ნაწილებს გადახედოთ, რადგან თამაში თავის ფესვებს ნამდვილად უბრუნდება და მეტიც, ამავდროულად ის განვითარებას განაგრძობს.
3. Mass Effect Legendary Edition ($29.99, Bestbuy.com)
ალბათ, გიკვირთ რატომ მოხვდა Mass Effect ამ სიაში. ამ თამაშს უამრავი ფანი ჰყავს და თითოეულ მათგანს მასში უკვე ასობით საათი აქვს გადატარებული. თუმცა, Mass Effect Legendary Edition უბრალო ვერსია ნამდვილად არ არის.
თამაში სრულად განახლდა და ახალ პლატფორმებს მოერგო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ Mass Effect-ის თვალწარმტაც პლანეტებზე სირბილსა და სხვადასხვა არსებების ხოცვას 4K გარჩევადობითა და განახლებული გრაფიკით შეძლებთ.
2. Splitgate (უფასო — xbox.com, playstation.com, steampowered.com)
ეს სია უფასო თამაშის გარეშე ნამდვილად ვერ ჩაივლიდა, თუმცა უფასოობა არ არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც Splitgate ამ ჩამონათვალში მოხვდა. Splitgate წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა.
ეს არის შუთერი, რომელიც აერთიანებს Halo-სმაგვარ იარაღებს, Quake-ს გადაადგილების სისწრაფეს და ასევე, გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას შევქმნათ გარკვეული პორტალები ბრძოლის ველზე, ეს კი უამრავი ტაქტიკის შემუშავების საშუალებას გვაძლევს. პორტალების სისტემა იმდენად დახვეწილია, რომ თუ მათ სწორად მოიხმართ ერთი მხრიდან მეორე მხარეს მოწინააღმდეგის მოკვლასაც შეძლებთ. თამაში უფასოა და ხელმისაწვდომია PC-ზე, Xbox-სა და PlayStation-ზე.
1. New World ($13.86, Steampowered.com)
New World-ის პირველ ადგილზე ყოფნა ბევრისთვის გასაკვირი იქნება, თუმცა ამ თამაშის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი და თამაშის დაწყების მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ აქ ყოფნას ნამდვილად იმსახურებს.
New World იყო თამაში, რომელსაც ელოდა ყველა ვისაც კი MMORPG თამაშები იზიდავს. New World-ზე მსოფლიოს უმდიდრესი კომპანია Amazon მუშაობდა და მოლოდინები იმდენად დიდი იყო, რომ სოციალურ ქსელებში მასზე ლაპარაკი არ წყდებოდა.
თუმცა, როგორც კი თამაშის გამოსვლის დღე მოვიდა, ყველაფერი ჯოჯოხეთად იქცა. Amazon Game Studios-ს ნამუშევარი თამამად შეიძლება შევრაცხოთ წლის Fail-ად, რადგან გამოსვლის მომენტში თამაშს იმდენი ბაგი და ხარვეზი აღმოაჩნდა, რომ მოთამაშეები თამაშს უბრალოდ ვერ ახერხებდნენ. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ სერვერებზე შემსვლელთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო და არის, რომ თამაშში შესასვლელად საათობით რიგში დგომა მოგიწევთ.
ნელ-ნელა, თვეების განმავლობაში მუშაობისა და ბევრი განახლების შემდეგ, New World მკვეთრად გამოსწორდა, თუმცა იდეალურამდე მაინც ძალიან შორსაა და მეტიც, თამაშს დღემდე აქვს ისეთი ბაგები, რომლებიც MMORPG-ის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლოა ძალიან ძვირად დაგიჯდეთ და თამაშისკენ გახედვის სურვილი გაგიქროთ. New World, რაღა თქმა უნდა, დაიხვეწება და ბაგებიც გამოსწორდება, თუმცა ამხელა მოლოდინის შემდეგ ასეთ იმედგაცრუებას არავინ ელოდა. მით უმეტეს, Amazon-ს Cyberpunk 2077-ის სახით იდეალური მაგალითი ჰქონდა — თუ თამაში გაუმართავია, ის კატასტროფული სისწრაფით დაკარგავს პოპულარობას და ყურადღების ეპიცენტრიდან გაქრება.
კომენტარები