ასტეროიდ Ryugu-დან მოპოვებული ნიმუშების ანალიზის შედეგები ცნობილია
1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იაპონიის კოსმოსური სააგენტოს მისიის Hayabusa2 ფარგლებში ასტეროიდ Ryugu-დან მოპოვებული ნიმუშები დედამიწაზე ჩამოვიტანეთ, რამაც მისი შემადგენლობის შესწავლის საშუალება მოგვცა. მეცნიერები კვლევის შედეგებს გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნებულ 2 სხვადასხვა ნაშრომში გვაცნობენ.
ეს ასტრონომიული სხეული ჩვენი მზის სისტემის ფორმირებიდან დღემდე, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. შესაბამისად, ის იმ პირველადი მატერიის შესახებ ინახავს ინფორმაციას, რომლისგანაც დედამიწა და მის მეზობლად არსებული პლანეტების დიდი ნაწილი წარმოიქმნა. Ryugu, ასევე, რიგით მეორე მსგავსი ობიექტია, რომლის მიმართულებითაც ამგვარი მისია განხორციელდა.
მისი ზედაპირიდან მეცნიერებმა საერთო ჯამში 5.4 გრამი წონის მქონე გრუნტი აიღეს და სრულად გააანალიზეს. მათ დაადგინეს, რომ აღნიშნული ასტეროიდი, რომელიც C ტიპს მიეკუთვნება, საკმაოდ მუქია. კერძოდ, მისი ალბედო (მზის გამოსხივების არეკვლადობის მაჩვენებელი) 0.02 გახლავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ვარსკვლავის სინათლის 2 პროცენტს ირეკლავს.
მკვლევართა განცხადებით, ობიექტი 46 პროცენტით ფოროვანია, ანუ ისეთი სტრუქტურა აქვს, როგორიც ჩვენთვის ცნობილ, ნახშირბადის შემცველ მეტეორიტებში არასდროს დაფიქსირებულა (ასტეროიდებში — კი).
აღმოაჩინეს ისიც, რომ Ryugu დიდი რაოდენობით ფილოსილიკატებს შეიცავს, თიხის მსგავს მინერალებს, თუმცა ჰიდრაციის მკაფიო კვალი არ შეინიშნება. მიაკვლიეს კარბონატებს, რკინასა და აქროლად ნაერთებსაც.
ორივე ნაშრომის ავტორები თანხმდებიან, რომ ეს ასტეროიდი ძალიან ჰგავს CI ქონდრიტის კატეგორიაში შემავალ ასტრონომიულ სხეულებს, რომლებსაც მზის ფოტოსფეროსნაირი შემადგენლობა აქვთ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უძველესი მატერიისგან არიან წარმოქმნილნი.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ დამატებითი კვლევებით Ryugu-ს შესახებ უფრო მეტს შეიტყობენ.
კომენტარები