ანტარქტიკის შელფური მყინვარი ჩამოშლის პირასაა — ეს ზღვის დონეს მინიმუმ 30 სანტიმეტრით ასწევს
წინა კვირას მეცნიერებისაგან გაჟღერდა, რომ შესაძლოა, მომდევნო ათწლეულში ანტარქტიკის შელფური მყინვარი დაიშალოს. შედეგად ფლორიდის ზომის მყინვარი ოკეანეში ჩაეშვება, რაც ზღვის დონეს დაახლოებით 30 სანტიმეტრით ასწევს.
ერინ პეტიტის, ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ვარაუდით, ჯაჭვური რეაქცია 2031 წლისთვის თვეიტსის მყინვარით დაიწყება. მყინვარს, მცურავი ყინულების ნაკადს, წყალში ჩაძირვისგან აღმოსავლეთ შელფური მყინვარი აკავებს, რომელიც წყალქვეშა მთის ზემოთ მდებარეობს და ნაწილებად იშლება.
პეტიტმა ამერიკის გეოფიზიკური საზოგადოების შეხვედრაზე ახალი კვლევა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც შელფური მყინვარი შესაძლოა, საბოლოოდ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ჩამოიშალოს, რაც თვეიტსის აღსასრულის მომასწავებელი იქნება.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შელფის წვერზე არსებულ ყინულზე ახლახან ჯვარედინი ბზარები გაჩნდა, რომლებიც შელფის ცენტრისაკენ წელიწადში 2 კილომეტრით ფართოვდება. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ შელფური მყინვარი სავარაუდოდ იმ ადგილას დაიშლება, სადაც ბზარები ზიგზაგისებურადაა განლაგებული.
"ჩამოშლის შემთხვევაში თვეიტსი დასავლეთ-ანტარქტიკის ყინულის დიდ ნაწილს ჩაითრევს, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო ზუსტად განისაზღვროს, როგორ მოიქცევა მყინვარი მომდევნო 100 წლის განმავლობაში", — განაცხადა ტედ სკამბოსმა, კვლევის ავტორმა.
თვეიტსი მსოფლიოში ყველაზე ფართო მყინვარია, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში კი მყინვარის მთავარ ნაწილს გაორმაგებული სიჩქარით შორდება. იგი ზღვის დონეს ყოველწლიურად 4 პროცენტით სწევს, თუმცა შელფის ჩამოშლის შემთხვევაში შესაძლოა, მაჩვენებელი 25 პროცენტამდეც კი გაიზარდოს.
ასევე იხილეთ: ამ საიტზე შეგიძლია ნახო როგორ მოიმატებს ზღვის დონე ფოთში, ათწლეულების შემდეგ
სკამბოსის თქმით, შესაძლოა, თვეიტსის მყინვარის წყალმა ზღვის დონე დაახლოებით 60 სანტიმეტრით გაზარდოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მისი ჩამოშლა ახლომდებარე მყინვარებსაც თან წაიყოლებს, ზღვის დონე დაახლოებით 3 მეტრით აიწევს.
უკანასკნელ წლებში თვეიტსის არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ უზარმაზარი მყინვარი შედარებით სწრაფად დნება. 2019 წელს მკვლევრებმა მყინვარის ქვეშ დაახლოებით 6 კილომეტრი სიგრძისა და 300 მეტრი სიღრმის ღრუ აღმოაჩინეს, რაც მიანიშნებს, რომ მყინვარმა 14 მილიარდი ტონა ყინული დაკარგა. მოგვიანებით მეცნიერებმა ანტარქტიკაში 1970-იან წლებში გადაღებული საჰაერო კადრები და რადარის ამჟამინდელი მონაცემები შეადარეს, რამაც თვეიტსის მოსალოდნელზე სწრაფი დნობა აჩვენა.
კომენტარები