ამ საიტზე შეგიძლია ნახო როგორ მოიმატებს ზღვის დონე ფოთში, ათწლეულების შემდეგ
რამდენიმე დღის წინ გაერომ სამეცნიერო ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც აჩვენებს, რომ ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეული კლიმატის ცვლილება უპრეცედენტო ნიშნულებს აღწევს. ანგარიში გლაზგოს კლიმატის სამიტის — COP26-ის ჩატარებამდე სამი თვით ადრე გამოქვეყნდა და მისი მიზანია გაგვაფრთხილოს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ემისიების საგრძნობლად შევამცირებთ, მომავალში კიდევ უფრო ექსტრემალურ სითბურ ტალღებთან, გვალვებთან და წყალდიდობებთან მოგვიწევს გამკლავება.
ამის საპასუხოდ, NASA-მ ზღვის დონის ცვლილების პორტალი შექმნა, რომლის ფარგლებშიც მათ მომავლის ექვსი სხვადასხვა სცენარი შეიმუშავეს და ზღვის დონის ცვლილების შესაბამისი რუკებიც შექმნეს. გლობალური და რეგიონალური ზღვის დონის საშუალო პროგნოზები 1995-2014 წლების დონესთან შედარებით, IPCC-ის მეექვსე შეფასების ანგარიშის საფუძველზე გაკეთდა.
სცენარების შექმნისას გათვალისწინებულია ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ოკეანის დონის სტერეოდინამიკური ცვლილებები (რომლებზეც გავლენას ახდენს კლიმატი, ტემპერატურა, დინებები და ა.შ.), ასევე მყინვარების დნობა, არქტიკისა და ანტარქტიდის ყინულების დნობა, ხმელეთზე არსებული წყლის მარაგი და ხმელეთის ვერტიკალური მოძრაობა.
ასევე იხილეთ: მსოფლიო ყინულს კარგავს, კავკასიონი გამონაკლისი არ არის — ინტერვიუ ლევან ტიელიძესთან
ლოკაციის არჩევის შემთხვევაში, პორტალი საშუალებას გაძლევთ, 2020-დან 2150 წლის ჩათვლით, 10 წლის შუალედებით თვალი ადევნოთ ზღვის დონის მატებას სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ რუკაზე წარმოდგენილი ლოკაციებიდან ერთ-ერთი არის ქალაქი ფოთიც — ამ სტატიაში ამ ქალაქის მაგალითზე განვიხილავთ თითოეულ სცენარს. თქვენ კი მათი მოსინჯვა NASA-ს პლატფორმაზე, ამ ბმულზე გადასვლით შეგიძლიათ.
ქვემოთ მოყვანილ გამოსახულებებზე, დაჩრდილულ ნაწილში 17-83 %-იანი დიაპაზონია წარმოდგენილი.
პირველი სცენარი
პირველი სცენარის მიხედვით, ემისიების ნულოვან მაჩვენებელს ამ საუკუნის შუა რიცხვებში მივაღწევთ, ტემპერატურა კი, 1850-1900-იანი წლების მაჩვენებელთან შედარებით, 1.5°C-ით მოიმატებს. ამ შემთხვევაში, ფოთში ზღვის დონე 2050 წლისთვის 0.34 მეტრით მოიმატებს, 2130-იან წლებში მატება 1 მეტრს მიაღწევს, 2150 წელს კი ეს მაჩვენებელი 1.11 მ გახდება.
მეორე სცენარი
სათბურის აირების ემისიები ნულოვან მაჩვენებელს XXI საუკუნის მეორე ნახევარში მიაღწევს, დედამიწის ზედაპირზე ჰაერის ტემპერატურა კი, 1850-1900 წლების ტემპერატურასთან შედარებით, 2.0°C-ზე მეტით არ მოიმატებს. ამ სცენარის მიხედვით, ფოთში 2050 წლისთვის ზღვის დონე 0.40 მ-ით მოიმატებს, მაჩვენებელი 1 მ-ს მიაღწევს 2110-იან წლებში, 2150 წელს კი — 1.33 მ-ს.
მესამე სცენარი
მესამე სცენარი შემუშავებულია NDC-ის პროგნოზის მიხედვით — მათი შეფასებით, 2100 წლისთვის ტემპერატურული ნაზრდი ინდუსტრიულ რევოლუციამდელ პერიოდთან შედარებით 2.7 - 3.4°C იქნება. NDC-ის 2020 წლის შეფასება დიდად არ შეცვლილა, თუმცა უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს, 2050 წლისთვის სათბურის აირების ემისიის ნულოვანი მაჩვენებლის მიღწევას, ეს სცენარი კი ატმოსფეროში სათბურის აირების ემისიების დღევანდელი მაჩვენებლის შენარჩუნდებას ითვალისწინებს. ამ უკანასკნელის მიხედვით, საუკეთესო შემთხვევაში, ამ საუკუნის ბოლოს ტემპერატურა 1850-1900 წლების დონესთან შედარებით დაახლოებით 2.7°C-ით მოიმატებს.
ამ სცენარის მიხედვით, ფოთში 2050 წლისთვის ზღვის დონის ნაზრდი 0.41 მ-ს მიაღწევს, 2100-იან წლებში ეს მაჩვენებელი 1 მეტრს იქნება, 2150 წელს — 1.49 მ-ს.
მეოთხე სცენარი
მეოთხე სცენარი ითვალისწინებს მაღალ სოციო-ეკონომიკურ განვითარებას და უგულებელყოფს კლიმატის შეთანხმებებს — ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მოიმატებს CO2-ისა და აეროზოლების ემისიები.
ამ შემთხვევაში, ფოთში 2050 წლისთვის ზღვის დონე 0.41 მ-ით მოიმატებს, 2090-იან წლებში — 1 მეტრით, 2150 წელს კი ეს მაჩვენებელი 1.68 მ გახდება.
მეხუთე სცენარი
სცენარში არაა გათვალისწინებული კლიმატის შეთანხმებები. იგი ეფუძნება მაღალ სოციო-ეკონომიკურ განვითარებას და ამის შესაბამისად, წიაღისეული რესურსების ინტენსიურ მოხმარებას.
ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, 2050 წელს ფოთში ზღვის დონის 0.44 მ-იანი მატება დაფიქსირდება, მაჩვენებელი 1 მ-ს მიაღწევს 2090 წელს, 2150 წელს კი — 1.87 მ-ს.
მეექვსე ნაკლებ სავარაუდო სცენარი
მეექვსე სცენარი მეორეს განვითარების ნაკლებ სავარაუდო შემთხვევას წარმაოდგენს.
ამ შემთხვევაში, ფოთში 2050 წელს ზღვის დონე, დღევანდელთან შედარებით, ფოთში 0.40 მ-ით მეტი იქნება, 2110-იან წლებში ეს მაჩვენებელი 1 მ-ის ტოლი გახდება, 2150 წელს კი — 1.38 მ-ის.
მეშვიდე ნაკლებ სავარაუდო სცენარი
ეს უკანასკნელი კი მეხუთე სცენარის განვითარების ნაკლებ სავადაუდო სცენარია.
2050 წელს ზღვის დონე 0.44 მეტრით მოიმატებს, 1 მეტრით მოიმატებს 2080-იან წლებში, 2150 წელს კი — 2.51 მ-ით.
მიუხედავად იმისა, რომ ტემპერატურისა და შესაბამისად, ზღვის დონის მატება გარდაუვალია, მეცნიერებს მაინც აქვთ იმედი, რომ სწორი ზომების გატარებისა და სწრაფად მოქმედების შემთხვევაში კატასტროფის თავიდან აცილება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ამ საკითხის მიმართ გაზრდილი ინტერესისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უამრავი პრობლემის ფონზე კი, ჩვენც იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მსოფლიო ლიდერები და მეცნიერები შეძლებენ ტემპერატურის დასტაბილურებას და ბოლო ათწლეულებში გარემოს მიმართ მიყენებული ზარალის შემსუბუქებას.
კომენტარები