10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ნახო West Side Story დიდ ეკრანზე
West Side Story (უესტსაიდის ისტორია) 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოლოდინების მქონე ფილმია, რომლის პრემიერაც სულ ახლახან შედგა და შედეგმა მოლოდინებსაც კი გადააჭარბა: მაყურებლები და კინოკრიტიკოსები ერთხმად აღიარებენ, რომ ეს კინოსურათი არა მხოლოდ ამ წლის, არამედ თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.
ამას მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ ფილმმა უკვე მიიღო ოქროს გლობუსის ოთხი ნომინაცია, მათ შორის საუკეთესო ფილმისა და რეჟისორის კატეგორიაში და მომავალ ოსკარებზეც გამარჯვების მთავარ კანდიდატად განიხილავენ.
ამის მიუხედავად, ქართველი მაყურებლის დიდ ნაწილს, როგორც ჩანს, ჯერ სათანადო ყურადღება არ მიუქცევია ამ უმნიშვნელოვანესი სიახლისთვის, არადა უესტსაიდის ისტორია ის ფილმია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო დიდ ეკრანზე, სანამ ამის შესაძლებლობა გაქვს.
თუ რატომ, ახლავე გეტყვით:
1. ბროდვეის საკულტო მიუზიკლის ეკრანიზაციაა
მიუზიკლები ვისაც უყვარს, აუცილებლად ეცოდინება ამის შესახებ და ალბათ, ამ საკითხზე ჩვენგან რამის დამატება საჭირო არცაა, თუმცა მათთვის, ვისაც ეს ჟანრი დიდად არ ეპიტნავება, სწორედ შესანიშნავი დროა, რომ შანსი გამოიყენონ და მიუზიკლის ჯადოსნური ძალა აღმოაჩინონ.
2. მიუზიკლი რომეოსა და ჯულიეტას შთაგონებით შეიქმნა
შექსპირის ტრაგედია საუკუნეებია, უამრავ მკითხველს აღელვებს და წარუშლელ კვალს ტოვებს ნებისმიერი ეპოქის ადამიანზე. უესტსაიდის ისტორია კი ამ საკულტო ნაწარმოების თანამედროვე ადაპტაციად ითვლება, რომელიც შემოქმედებითი ხერხების მრავალფეროვნებით კიდევ უფრო მეტად ხვდება მაყურებელს გულზე.
3. მიუზიკლის წინა ეკრანიზაცია კინოს ლეგენდაა
1961 წელს რობერტ უაიზმა და ჯერომ რობინსმა ბროდვეის დადგმის მიხედვით გადაიღეს უესტსაიდის ისტორია, რომელიც ნამდვილ სენსაციად იქცა: ფილმი ოსკარის 11 ნომინაციაში წარადგინეს, საიდანაც 10-ში გაიმარჯვა კიდეც.
4. ახალი ეკრანიზაციის რეჟისორი სტივენ სპილბერგია
ისეთი ფილმებით, როგორებიცაა რიგითი რაიანის გადასარჩენად, ყბები, იისფერი თუ შინდლერის სია სტივენ სპილბერგმა სამუდამოდ დაიმკვიდრა განსაკუთრებული ადგილი კინოსამყაროში. შესაბამისად, ობიექტურად არსებობს მოლოდინი, რომ მისი ახალი ნამუშევარიც უნაკლო იქნება.
მეტიც, ზოგი იმასაც ამბობს, რომ უესტსაიდის ისტორია მისი საუკეთესო ფილმიც კია.
5. ცეკვის მასშტაბური კადრები ექსტაზში ჩაგაგდებს
თანამედროვე ჰოლივუდში რთულია, ვინმე შთამბეჭდავი სანახაობით გააოცო, მაგრამ ოპერატორი იანუშ კამინსკი, რომელსაც აქამდე სტივენ სპილბერგთან ერთად ისეთი ფილმების შექმნაში მიუღია მონაწილეობა, როგორებიცაა შინდლერის სია და რიგითი რაიანის გადასარჩენად, ახერხებს, რომ კოსტიუმების დიზაინერებთან და ქორეოგრაფებთან ერთად ნამდვილი დღესასწაული შექმნას, რომლის მასშტაბურობითაც სწორედ დიდ ეკრანზე უნდა დატკბე.
6. მუსიკას გონებიდან ვერ ამოიგდებ
ლეონარდ ბერნსტაინის მუსიკა და სტივენ სონდჰაიმის ტექსტები აქამდეც სათაყვანებელი ნამუშევრები იყო, რომელთა დიდებულებასაც კიდევ ერთხელ ვეზიარებით ახალ ეკრანიზაციაში.
7. მსახიობები შთამბეჭდავ შესრულებას გვთავაზობენ
შესაძლოა, ფილმი ერთმანეთზე უფრო კაშკაშა ვარსკვლავებით არ არის დახუნძლული, მაგრამ სანაცვლოდ სწორედ ნაკლებად ნაცნობი სახეები ახერხებენ ჩვენს მოულოდნელად გაოცებას. ამ მხრივ, ალბათ, განსაკუთრებით გამორჩეულია ანიტას როლის შემსრულებელი, არიანა დებოუზი, რომელსაც უკვე ოსკარსაც უწინასწარმეტყველებენ.
8. 60 წლის შემდეგ ისევ იმავე ფილმში
რიტა მორენო, რომელიც უესტსაიდის ისტორიის 1961 წლის ეკრანიზაციაში ანიტას როლს ასრულებს, თანამედროვე ვერსიაშიც იღებს მონაწილეობას, ოღონდ ამჯერად ვალენტინას განასახიერებს.
9. ტრანსგენდერი პერსონაჟი სიუჟეტის მნიშვნელოვანი ნაწილია
ფოტო: United Artists / 20th Century Studios
ეს პერსონაჟი ძველ ეკრანიზაციაშიც გვხვდება, მაგრამ ამჯერად უფრო ღია რეპრეზენტაციასთან გვაქვს საქმე, რის გამოც სპილბერგის ფილმის ჩვენება აიკრძალა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საუდის არაბეთი, ქუვეითი, კატარი, ბაჰრეინი, ომანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
10. სპილბერგმა ფილმი მამამისს მიუძღვნა
ფოტო: Twentieth Century Fox Film Corporation
სტივენ სპილბერგმა თქვა, რომ უესტსაიდის ისტორიის სიმღერები ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში შეუყვარდა, როცა 1957 წელს მამამისმა სახლში ბროდვეის მიუზიკლის ალბომი მიიტანა. სპილბერგს სურდა, რომ მამამისს მისი ნამუშევრის ნახვა მოესწრო: გადაღებების დროს დისტანციურად რთავდა iPad-ით და გადასაღებ მოედანზე განვითარებულ მოვლენებს აჩვენებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არნოლდ სპილბერგმა დასრულებული ფილმის ნახვა ვერ შეძლო: ის გასულ წელს 103 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბოლოს კი, ბარემ ფილმის ტრეილერიც ნახე და ისე გადაწყვიტე, რომელ უახლოეს შესაძლო კინოსეანსზე დაჯავშნი ბილეთებს:
კომენტარები