NASA-ს მარსმავალ Perseverance-ის მეშვეობით ასტრონომებმა წითელ პლანეტაზე ახალი ვულკანის არსებობა დაადასტურეს. ის ეზეროს კრატერის კიდეზეა, რომლის ოდნავ მოშორებითაც ეს აპარატი დაეშვა და იქაურობას იკვლევს.

"მარსის ვულკანიზმი სხვადასხვა მიზეზითაა საინტერესო: დაწყებული იმით, თუ რა გავლენა აქვს სიცოცხლესთან თავსებადობაზე და მისი მეშვეობით პლანეტის გეოლოგიური ისტორიის უკეთ გაგებით დასრულებული.

ეზეროს კრატერი მარსის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი არეალია და თუკი ეს ვულკანი ახლაღა დავაფიქსირეთ, წარმოიდგინეთ, კიდევ რამდენი რამ შეიძლება იმალებოდეს იქ. შესაძლებელია, მარსზე ვულკანები იმაზე გავრცელებული იყოს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა", — აცხადებს პლანეტარული მეცნიერების სპეციალისტი, ჯეიმზ რეი.

ეზეროს მთა პირველად 2007 წელს შენიშნეს, თუმცა საკმარისი მტკიცებულებები არ მოგვეპოვებოდა იმის დასამტკიცებლად, რომ ის ვულკანია. ამის მიუხედავად, Perseverance -მა მის მახლობლად, კრატერის ფსკერზე, ვულკანური ქვების აღმოჩენა დაიწყო, რამაც ვარაუდი კიდევ უფრო გააღრმავა.

ეზეროს ვულკანის ფორმის რეკონსტრუქცია.

ფოტო: Commun. Earth Environ

დასარწმუნებლად მეცნიერებმა დედამიწის ვულკანების მახასიათებლები გამოიკვლიეს. შემდეგ კი ისინი მავალისა და მარსის ორბიტაზე არსებული ზონდების (Reconnaissance, ExoMars, Odyssey) მონაცემებს შეადარეს. ამის შედეგად დადასტურდა, რომ საქმე ნამდვილად ვულკანურ კრატერთან გვაქვს.

ის ახლა აქტიური არაა და უკვე დიდი ხანია, ასე უნდა იყოს. სამაგიეროდ, წარსულში, როცა ეზეროს კრატერში ტბა არსებობდა, მის გვერდით ცხელ ვულკანს, შესაძლოა, წყალი გაეთბო და სიცოცხლისთვის ხელსაყრელად ექცია. ამის გამო ეზერო იმაზე უფრო საინტერესოდ იქცა, ვიდრე ოდესმე.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Communications Earth & Environment გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.