ტელესკოპმა ეგზოპლანეტებზე ქვიშის წვიმა და "ქვიშის სასახლეები" დაინახა
ამ პლანეტაზე შვებულების გატარება ანაკინ სკაიუოკერს ნამდვილად არ ენდომებოდა — ცნობილია, რომ ვარსკვლავური ომების ამ პერსონაჟს ქვიშა არ უყვარს.

ფოტო: Ellis Bogat
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის (JWST) გამოყენებით ასტრონომებმა პლანეტარული სისტემა აღმოაჩინეს, რომელიც 300 სინათლის წლით დაშორებული ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს. სისტემა ორი პლანეტისგან შედგება: YSES-1 b და YSES-1 c. ორივე მათგანი სილიციუმის დიოქსიდითაა სავსე. გარდა ამისა, ორივე პლანეტა გაზის გიგანტია. ასტრონომების თქმით, ამ პლანეტებზე დაკვირვებამ შეიძლება მზის სისტემის გაზის გიგანტების (მაგალითად, იუპიტერისა და სატურნის) ევოლუციაზე უფრო მეტი გვითხრას.
"შეიძლება ითქვას, რომ ეგზოპლანეტების ატმოსფეროში მოძრავი სილიციუმის ღრუბლები არსებითად ქვიშის ღრუბლებია. მათზე დაკვირვება ბევრი საკითხის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება. მაგალითად, როგორ მუშაობს ატმოსფერული პროცესები ან როგორ წარმოიშობა პლანეტები", — განაცხადა ასტროფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის გუნდის წევრმა, ვალენტინა დ'ორაციმ — "ეს იმ კლიმატური და ქიმიური პროცესების მოდელების დახვეწაში გვეხმარება, რომლებიც მზის სისტემისგან მკვეთრად განსხვავებულ გარემოში მიმდინარეობს".
ეგზოპლანეტის YSES-1 c მასა იუპიტერის მასას დაახლოებით 14-ჯერ აღემატება. მისი ატმოსფეროს ღრუბლები სილიციუმის დიოქსიდითაა სავსე. ეს პლანეტას მოწითალო შეფერილობას აძლევს. ქვიშის წვიმებსაც სწორედ ეს იწვევს, რომლებიც შიგნით, ბირთვისკენ ეშვება.
ვერ ვიტყვით, რომ მომავალ დართ ვეიდერს ბავშვობაში ბევრი ქვიშის სასახლე აუშენებია. ამის მიუხედავად, ეს პროცესი ეგზოპლანეტაზე YSES-1 b მიმდინარე ქვიშოვანი მასალის ჩამოყალიბების ანალოგიურია.
ამ პლანეტის მასა იუპიტერისას 6-ჯერ აღემატება. მას გარშემო შებრტყელებული ღრუბელი — ცირკუმპლანეტარული დისკო — აქვს. სწორედ ეს დისკო ამარაგებს პლანეტას საშენი მასალებით, მათ შორის სილიკატებით.
ეს ეგზოპლანეტის ატმოსფეროში სილიციუმის დიოქსიდის ღრუბლებზე პირველი პირდაპირი დაკვირვებაა. გარდა ამისა, მეცნიერებმა ცირკუმპლანეტარულ დისკოში სილიკატები პირველად სწორედ ახლა აღმოაჩინეს.
ორივე პლანეტა თავიანთი მშობელი ვარსკვლავიდან უზარმაზარი მანძილითაა დაშორებული. ეს დაახლოებით 5-იდან 10-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე მზესა და ნეპტუნს შორის მანძილი. სწორედ ამის წყალობით მოახერხა JWST-მ მათზე ამდენად დეტალური დაკვირვება.
კვლევა გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები