14 000-ზე მეტი წლის წინ გაყინული "ძაღლები" მგლის ლეკვები აღმოჩნდნენ

ფოტო: University of York
ციმბირის მზრალმა ნიადაგმა ათასობით წლის წინ გაყინული ორი ცხოველის სხეული შემოინახა, რომლებიც დნობის პროცესმა გამოაჩინა. ისინი აქამდე მოშინაურებული ძაღლების ლეკვებად მიიჩნეოდნენ, თუმცა, ახალი გენეტიკური კვლევის თანახმად, მგლის ნაშიერები არიან. ამის შესახებ ნაშრომი გამოცემაში Quaternary Research გამოქვეყნდა.
"ბევრს გაუცრუვდება იმედი, რადგან ეს ცხოველები თითქმის დაზუსტებით მგლები არიან და არა ადრეული მოშინაურებული ძაღლები. ამის მიუხედავად, ეს მაშინდელი გარემოსა და მათი ცხოვრების უკეთ გაგებაში დაგვეხმარა; ასევე იმის დადგენაში, თუ რამდენად ჰგვანან თანამედროვე მგლები 14 000-ზე მეტი წლის წინანდელ ამ ცხოველებს", — აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი, ენ კეტრინ რანჯი.
მან და მისმა კოლეგებმა დნმ-ის ანალიზით დაარკვიეს, რომ ეს ლეკვები 14 100- 15 000 წლის წინ დაიხოცნენ. მათი ბუნებრივად მუმიფიცირებული ნამარხები 2011-15 წლებში ჩრდილოეთ ციმბირის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. იქვე მიაკვლიეს ბეწვიანი მამონტის ძვლებსაც, რომლებზე დატოვებული კვალიც ადამიანთა ნახელავს მიაწერეს. შესაბამისად, დაასკვნეს, რომ ეს ცხოველები მათ მიერ მოშინაურებული ძაღლები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებსაც საკვებს უზიარებდნენ. ეს მათ ერთ-ერთ უძველეს მოშინაურებულ ძაღლებად აქცევდა. საინტერესოა, რომ ერთ-ერთი ლეკვის მუცელში ბეწვიანი მარტორქის ხორცის ნარჩენებსაც მიაგნეს.
2019 წელს დნმ-ის ანალიზის მიხედვით ივარაუდეს, რომ ისინი, შესაძლოა, გადაშენებული მგლის ლეკვები ყოფილიყვნენ, რომლებიც თანამედროვე ძაღლებს არ ენათესავებიან (ძაღლები და მგლები გენეტიკურად 20 000-40 000 წლის წინ განცალკევდნენ). ახალი კვლევის ფარგლებში სწორედ ამ ნაშრომს მონაცემები გამოიყენეს. ასევე, ცხოველთა კუჭ-ნაწლავში არსებული ნარჩენები და ძვლების, კბილებისა თუ ქსოვილების ქიმიური შედგენილობა შეისწავლეს.
მდედრი ლეკვები სულ რამდენიმე თვის იყვნენ, როცა დაიხოცნენ. ორივე მათგანი მყარ საკვებს ჭამდა — ბეწვიანი მარტორქისა და ფრინველ ბოლოქანქარას ხორცს, მაგრამ არა მამონტისას. პარალელურად კი ისინი დედის რძითაც იკვებებოდნენ.
ავტორები ამბობენ, რომ ადამიანებთან მათი კავშირი ვერაფრით დასტურდება. ლეკვების სიკვდილის მიზეზი უცნობია, რადგან მათ სხეულზე რაიმე დაზიანების კვალი არ შეინიშნება. შესაძლოა, ისინი ბუნაგში იყვნენ, როცა ის ჩამოიშალა და ცხოველები ქვეშ მოიყოლა. არაა გამორიცხული, მათ და-ძმებს თავი დაეძვრინათ და გადარჩენილიყვნენ. შესაძლებელია ისიც, რომ მზრალ ნიადაგში სხვა ლეკვების სხეულებიც იყოს შემორჩენილი.
კომენტარები