მონაშის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით საერთაშორისო მასშტაბის კლინიკური კვლევა ჩატარდა. მეცნიერებმა ქოლესტერინის შესამცირებელი მედიკამენტი შეამოწმეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ იგი არსებულ პრეპარატებზე ეფექტიანი შეიძლება იყოს. თუკი ხელმისაწვდომი გახდება, ეს წამალი გულის შეტევისა და ინსულტის რისკის მქონე ადამიანებს დაეხმარება.

მე-3 ფაზის კლინიკური ცდის ფარგლებში მეცნიერებმა პრეპარატი ობიცეტრაპიბი, გამოიკვლიეს. შედეგებმა აჩვენა, რომ მისმა მოხმარებამ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინისა (LDL) და ლიპოპროტეინ A-ს (Lp A) დონე მნიშვნელოვნად შეამცირა. ორივე მათგანი "ცუდი ქოლესტერინია". ისინი გულის დაავადებების გამომწვევი ძირითადი მიზეზია, ორგანიზმში კი მათი კონტროლი ხშირად რთულია.

პროფესორი სტივენ ნიკოლსის, კვლევის თანაავტორის, აზრით, ცდის შედეგები ახალი იმედია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც ქოლესტერინის დონის კონტროლი საუკეთესო სამკურნალო მეთოდებითაც კი ვერ შეძლეს.

"ვიცით, რომ ბევრი ადამიანი, რომლებსაც გულის შეტევისა თუ ინსულტის მაღალი რისკი აქვთ, ქოლესტერინის დონეს ვერ არეგულირებენ, მიუხედავად საუკეთესო პრეპარატების გამოყენებისა", — ამბობს პროფესორი ნიკოლსი — "ობიცეტრაპიბი ამ კუთხით ბევრ პერსპექტივას იძლევა. მან არამხოლოდ LDL ქოლესტერინი შეამცირა 30%-ზე მეტით, არამედ Lp A-ს დონეც დაწია".

ფოტო: Wikipedia

LDL, რომელსაც ხშირად "ცუდ ქოლესტერინს" უწოდებენ, სისხლძარღვებში გროვდება და გულის შეტევისა და ინსულტის რისკს ზრდის. ლიპოპროტეინი A შედარებით ნაკლებად ცნობილი რისკფაქტორია, რომელიც არტერიების დაზიანებას აჩქარებს. LDL-სგან განსხვავებით, ამჟამად მის შესამცირებლად რაიმე მეთოდი არ არსებობს.

მე-3 ფაზის კლინიკურ კვლევაში, სახელად BROADWAY, 2 500-ზე მეტი პაციენტი მონაწილეობდა. მათ გულის დაავადება ან მემკვიდრეობით გადაცემული მაღალი ქოლესტერინი ჰქონდათ. ისინი ან ობიცეტრაპიბს, ან პლაცებოს იღებდნენ თავიანთ ჩვეულ მედიკამენტებთან ერთად. 12 კვირის შემდეგ ობიცეტრაპიბის მიმღებ პაციენტებს LDL ქოლესტერინის დონე საშუალოდ 32.6%-ით, ხოლო Lp A კი — 33.5%-ით შეუმცირდათ. ბევრმა პაციენტმა ქოლესტერინის რეკომენდებულ მაჩვენებლებს პირველად მიაღწია. მედიკამენტს გვერდითი მოვლენები არ გამოუწვევია, მისი უსაფრთხოება კი კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

"ეს შეიძლება გულის დაავადებებთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი იარაღი გახდეს", — აღნიშნა პროფესორმა ნიკოლსმა — "პრეპარატი მოსახერხებელია, ეფექტიანია და შეუძლია იმ პაციენტებს დაეხმაროს, რომლებსაც სხვა გზა აღარ დარჩათ".

კვლევა გამოცემაში New England Journal of Medicine გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.