ახალი კვლევის თანახმად, დიადი იდეები ჩაძინებამდე ცოტა ხნით ადრე მოგვდის
თუკი ოდესმე ჩაძინებამდე ცოტა ხნით ადრე "დიადი" იდეა გწვევიათ, გაღვიძებისას კი ვეღარ გაიხსენეთ, მარტონი ნამდვილად არ ხართ. საფრანგეთში მდებარე სორბონის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, ამ დროს შემოქმედებითი აზროვნების უნარი მართლაც გვიაქტიურდება, რის შესახებაც ისინი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნებულ ნაშრომში საუბრობენ.
სპეციალისტთა განცხადებით, ეს ძილის პირველ ფაზაში ხდება, როცა ჩვენ გარშემო მიმდინარე პროცესებს ჯერ კიდევ აღვიქვამთ და ძილ-ღვიძილის ერთგვარ ზღურბლზე ვიმყოფებით, რასაც ჰიპნაგოგიური მდგომარეობა ეწოდება.
"ჰიპნაგოგიური გამოცდილება მრავალჯერ მქონია, რაც დიდი ხნის განმავლობაში აღმაფრთოვანებდა. მიკვირდა, რომ უკანასკნელ 2 დეკადაში ეს საკითხი მეცნიერებს სათანადოდ არ შეუსწავლიათ", — ამბობს ნაშრომის თანაავტორი, დელფინა უდიეტი.
მათ საკუთარი ექსპერიმენტი თომას ედისონის მიერ გამოყენებად ტექნიკაზე დააფუძნეს. ცნობილი გამომგონებელი ორივე ხელში ბურთს იკავებდა, ჩაძინებისას კი ისინი უცვივდებოდა, რაც უმალვე აღვიძებდა. ამგვარი მეთოდი მას ინოვაციების მოფიქრებაში ეხმარებოდა.
მკვლევრებმა ზემოხსენებული ტექნიკა რამდენიმე ადამიანზე გამოცადეს, რომლებსაც მათემატიკური ამოცანები წარუდგინეს, ხოლო შემდეგ 20-წუთიანი შესვენება მისცეს. მონაწილეები უნდა წამოწოლილიყვნენ და პარალელურად ხელში რაიმე ობიექტი სჭეროდათ. როცა ის ძირს ვარდებოდა, ცდისპირს ეკითხებოდნენ, რაზე ფიქრობდნენ ამ დროს და ისევ ამოცანას აძლევდნენ.
მათ დაასკვნეს, რომ იმ ინდივიდების მიერ, რომლებმაც ძილის პირველ ფაზას მიაღწიეს, ამოცანის წარმატებით ამოხსნა 3-ჯერ უფრო მოსალოდნელი იყო, ვიდრე ფხიზლად მყოფების შემთხვევაში, მეორე ფაზაში გადასულებთან შედარებით კი — 6-ჯერ.
ასე რომ, მომდევნო ჯერზე, როცა ძილს დააპირებთ, ამას ხელცარიელი ნუ იზამთ.
კომენტარები