რა ხდებოდა მონაცემთა ფესტივალ DataFest Tbilisi 2021-ზე
მათთვის, ვისაც კიბერუსაფრთხოება, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების თანმდევი საფრთხეები, ხელოვნური ინტელექტის როლი თანამედროვე ცხოვრებაში, Big Data-ს დამუშავების გზები ან მისი სწორად გამოყენება აინტერესებს, 7-დან 11 დეკემბრამდე მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi 2021 იმართებოდა. ფესტივალი უკვე ხუთი წელია ახერხებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან შემოიკრიბოს მონაცემებით დაინტერესებული ადამიანები თუ ტექნოლოგიური ენთუზიასტები. NEXT.On.ge უკვე მეორე წელია ღონისძიების მთავარი მედიაპარტნიორია და ბუნებრივია, დამსწრეთა რიგებში ამ გამოცემის ჟურნალისტებიც ვიყავით. სტატიაში კი ფესტივალზე ჩვენი თვალით დანახულ და ჩვენი ყურით მოსმენილ მთავარ აქცენტებს გაგიზიარებთ.
დასაწყისისთვის უნდა ითქვას, რომ ფესტივალს არაერთი ქვეყნიდან ესწრებოდნენ, განსაკუთრებით ცხადი კი ეს ჩვენთვის JLL-ის BI ხელმძღვანელის — ნილ რიჩარდსის გამოსვლისას გახდა. მან სპეციალურ პლატფორმაზე შესვლა გვთხოვა, სადაც გამოსვლის პარალელურად, მის მიერ დასმულ კითხვებზე უნდა გვეპასუხა. ერთ-ერთი კი იყო — რომელი ქვეყნიდან ესწრებით დატაფესტს? აღმოჩნდა, რომ ფესტივალს ოთხი კონტინენტიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან ესწრებოდნენ. ქვემოთ მოცემული ვიზუალიზაცია სწორედ ამ გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა. აქ ვხედავთ, რომ დატაფესტს ესწრებოდნენ როგორც საქართველოდან, ასევე აშშ-დან, ირლანდიიდან, არგენტინიდან, ყაზახეთიდან თუ რუსეთიდან.
პანდემიის პირობებში დამსწრეთა უმეტესობისთვის ეს პირველი ღონისძიება იყო, რომელმაც მონაცემებით დაინტერესებული და რა თქმა უნდა, ორჯერადად აცრილი ადამიანები ერთ სივრცეში შეგვკრიბა და ასე მონატრებული პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება მოგვცა. თუმცა, ღონისძიების ჰიბრიდული ფორმატი მასზე დისტანციური დასწრების შესაძლებლობასაც აძლევდა მსურველებს.
ღონისძიებას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) უმპასპინძლა. გამომსვლელები კი როგორც ფიზიკურად, ასევე ონლაინ რეჟიმშიც ვიხილეთ.
ღონისძიება ხუთი დღის განმავლობაში იმართებოდა და მსმენელთა წინაშე არაერთი საინტერესო სპიკერი წარსდგა. პირველი დღე გიორგი ლუბარეცმა გახსნა და ის კიბერუსაფრთხოებასა და კინერჰიგიენაზე გვესაუბრა.
კიბერუსაფრთხოება ძალიან ვრცელი თემაა და გიორგიმ მარტივი ენითა და მოკლე გამოსვლით შეძლო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადმოცემა.
ამ სფეროში რამდენიმე ძირითადი ასპექტი იკვეთება — თუ გვსურს, რომ ჩვენი თავი ციფრულ სამყაროში სათანადოდ დავიცვთ, მაშინ გარკვეულ ზომებს უნდა მივმართოთ. პირველ რიგში, რაც შეგვიძლია ძლიერი პაროლების გამოყენებაა. თუ ჩვენი ანგარიშების დასაცავად გრძელ და რამდენიმე სიმბოლოს შემცველ პაროლს გამოვიყენებთ, ჰაკერებისთვის ან სახელწმიფოსთვის ის ნაკლებად ხელმისაწვდომი იქნება. ასევე, მეტი დაცულობისთვის სასურველია მუდმივად ვიყენებდეთ VPN სერვისებს, რომლებიც ჩვენს ციფრულ ადგილმდებარეობას ცვლის და პროვაიდერი ვეღარ ხედავს თუ საიდან შედის მომხამრებელი გარკვეულ საიტზე. თავდაცვისთვის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია დაშიფვრა, იგივე ენკრიპტაცია. გიორგი გვიყვება, რომ თანამედროვე სამრტფონები ქარხნულადვე დაშიფრულია, თუმცა ვინდოუსის ან სხვა ოპერაციული სისტემების შემთხვევაში ჩვენი მოწყობილობის მეხსიერების დაშიფვრაზე ჩვენით უნდა ვიზრუნოთ. ასევე, იმისათვის, რომ ჩვენი მიმოწერები და საუბრები უსაფრთხოდ წარვმართოთ გიორგი გვირჩევს, რომ Signal გამოვიყენოთ.
გიორგის შემდეგ დატაფესტის სცენა DFRLab-ის მკვლევარმა, სოფო გელავამ დაიკავა და თანამედროვე სამყაროში დეზინფორმაციასთან ბრძოლის გზებზე გვესაუბრა. სოფოს გამოსვლა საკმაოდ ინტერაქტიული და ვიზუალიზაციებით დატვირთული იყო. ასე, ის გვასწავლიდა, თუ როგორ გაგვერჩია ყალბი გამოსახულებები ავთენტურისგან, როგორ ამოგვეცნო DeepFake და ა.შ.
ფესტივალის პირველი დღის კიდევ ერთი დასამახსოვრებელი სპიკერი UNDP-ის მონაცემთა კონსულტანტი — ანდრეი კრაჩკოვი იყო. ონლაინ მოხსენებისას სპიკერმა კორონავირუსის კონტექსტში, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე, იმ გავლენებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც პანდემიამ დასაქმების სექტორზე იქონია. მის შემდეგ სცენა IWPR-ის მმართველმა რედაქტორმა, დანიელა პელედმა დაიკავა და კონფლიქტის გაშუქების მიმართულებით მონაცემების მნიშვნელობაზე, ასევე, ამ კუთხით, კონფლიქტის ჟურნალისტების როლსა და უსაფრთხოებაზე გვესაუბრა.
ქართულ კონტექსტს მორგებული იყო შემდეგი სპიკერის გამოსვლა. CRRC Georgia-ს კვლევითი დირექტორის მოადგილემ, დასტინ გილბრეტმა აღნიშნა, რომ საქართველოში საარჩევნო ხმების მოსყიდვასთან დაკავშირებული მონაცემებზე მონიტორინგი ხდება და წლიდან წლამდე ამ კუთხით სიტუაცია უარესდება.
ფესტივალის მეორე დღე Texty.org.ua-ის მონაცემთა ჟურნალისტის, იულია დუკაჩის პრეზენტაციით გაიხსნა. მისგან მოვისმინეთ ტექსტურ მონაცემებთან მუშაობის სპეციფიკის შესახებ. იულიას თქმით, ტექსტი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ მონაცემები. მაგალითად, უარყოფითი შინაარსის შემცველი ნარატივების საპოვნელად მხოლოდ ნეგატიური სიტყვების მოძებნა საკმარისი არაა. ჟურნალისტმა ტექსტის ანალიზის რამდენიმე ინსტრუმენტი გაგვიზიარა, რომელთა გამოყენებაც პროგრამირების უნარების გარეშეც შეგიძლიათ. ტექსტის ლემატიზაციისთვის VLOOKUP გამოგადგებათ, OpenRefine-ის საშუალებით მონაცემების ანალიზისთვის მომზადებას შეძლებთ, Yoshikoder კი ტექსტური მონაცემების გასუფთავებასა და ნარატივების პოვნაში დაგეხმარებათ.
შემდეგი გამომსვლელი გაერთიანებული სამეფოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემთა ჟურნალისტი, შანა ჯონსი იყო, რომელიც ეროვნულ სტატისტიკაში ნარატივების პოვნის შესახებ გვესაუბრა. მისი თქმით, კორესპონდენტი ადამიანთან წერს ინტერვიუს, მონაცემთა ჟურნალისტის საქმე კი მონაცემების ინტერვიუირებაა, ამაში კი მას მონაცემთა ვიზუალიზაციის, ციფრული დიზაინის, სტატისტიკოსების, ანალიტიკოსებისა და ეკონომისტების გუნდი ეხმარება. რაც შეეხება ხარისხიანი სტატისტიკისა და მონაცემების მოძიებას, შანა ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების ვებგვერდების გამოყენებას გვირჩევს.
მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის, ჟურნალისტის თქმით, ჯერ დიაგრამის ტიპი უნდა შევარჩიოთ, რომელიც საუკეთესოდ წარმოადგენს მონაცემებს. დიაგრამა უნდა შეიცავდეს შინაარსს, ამბავს და შესაფერის სათაურსაც. დიაგრამების ასაწყობად შანამ ისეთი ინსტრუმენტები გვირჩია, როგორებიცაა Datawrapper და RAWgraphs.
დამოუკიდებელმა დეველოპერმა და მონაცემთა ჟურნალისტმა, ედილ ბაიაზბეკოვმა მონაცემთა ვიზუალიზაციასა და ამ კუთხით არსებულ შეზღუდვებზე ისაუბრა, შემდეგ კი რამდენიმე მაგალითით გვაჩვენა, თუ როგორ არის შესაძლებელი მონაცემთა ინკლუზიურობის უზრუნველყოფა, მათი ბგერებად და შეგრძნებებად გარდაქმნის გზით.
ფესტივალის მეორე დღე კი JLL-ის BI ხელმძღვანელმა ევროპაში, ახლო აღმოსავეთსა და აფრიკაში, ნილ რიჩარდსმა დახურა, რომელმაც მონაცემთა ვიზუალიზაციაში შეკითხვების დასმის მნიშვნელობაზე გვიამბო, მომდევნო დღე კი ამ სპიკერმა არასაჭირო დეტალებზე საუბრით დაიწყო. ვიზუალიზაციის დროს უნდა დავრწმუნდეთ, რომ აუდიტორიას მონაცემთა ვიზუალიზაციით მთავარ სათქმელს ვაგებინებთ და მათ თავგზას არ ვურევთ. მან ისიც დასძინა, რომ მონაცემებით შეიძლება დიზაინის წესებიც დავარღვიოთ, თუმცა ეს, შესაძლოა, ძალიან დასამახსოვრებელი აღმოჩნდეს.
ფესტივალის მესამე დღის გამორჩეული გამომსვლელი IDFI-ის ადამიანის უფლებებისა და სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი ქეთევან კუკავა იყო, რომლის გამოსვლაც ციფრულ ერაში პირადი მონაცემების დაცვას ეხებოდა. ისევ ისე მოვიქცევით, როგორც ადრე, როცა ვიცით რომ ვიღაც ჩვენ ყველა ქმედებას იწერს? როდესაც ჩვენს კომუნიკაციებს აკონტროლებენ და როდესაც ციფრულ სამყაროში მუდმივად რაღაც კვალს ვტოვებთ? ქეთევანის თქმით, ჩვენ მოხალისეობრივად ვთმობთ კონფიდენციალურობას თანამედროვე ტექნოლოგიების სანაცვლოდ, იმ შემთხვევაში კი, თუ ინტერნეტ სივრციდან საკუთარი კვალის გაქრობას ვეცდებით, ამით, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი ყურადღება მივიპყროთ.
ბოლოს ქეთევანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად მონაცემთა გაკონტროლების საქმეში ჩადებული უდიდესი ძალისხმევისა, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში მოხვდება, მისი გაკონტროლება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.
ქეთევანის შემდეგ ღონისძიების სცენა People in Need-ის კონსორციუმის მენეჯერმა, გიორგი ჯანგიანმა დაიკავა, რომელმაც დეზინფორმაციის კონტექსტში მედიაწიგნიერებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედიაწიგნიერება არის ყველა ტიპის მედიის ამოცნობის, შეფასების, გაანალიზების და ინტერპრეტაციის უნარი.
ამის შემდეგ იულია დუკაჩმა გვიამბო, თუ როგორ შეიძლება მონაცემთა ჟურნალისტიკის გამოყენება დეზინფორმაციის წინააღმდეგ. მან ისიც აღნიშნა, რომ უკრაინაში ამ კუთხით ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას რუსული დეზინფორმაცია წარმოადგენს. რაც შეეხება მანიპულაციური მედიის ამოცნობას, დუკაჩის თქმით ამ უკანასკნელს ისეთი მედიასაშუალებები მიეკუთვნებიან, რომელთა შინაარსის 10% ქლიქბეითს და ემოციურად მანიპულაციურ ტექსტებს წარმაოდგენს.
Transparify-ის დირექტორმა, ჰანს გუტბროდმა დეზინფორმაციის საფრთხეებსა და კვლევითი საქმიანობისას გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, Lupi AI-ის თანადამფუძნებელმა და Rentech-ის CEO-მ, ირაკლი ვეკუამ კი AI სტარტაპებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ უკანასკნელთა 40% ხელოვნურ ინტელექტს საერთოდ არ იყენებს, ნამდვილი და ყალბი AI სტარტაპების გასარჩევად კი იმ მონაცემებს უნდა დავაკვირდეთ, რომლებსაც ისინი იყენებენ.
ფესტივალის მესამე დღის ბოლოს სტარტაპ გრაინდ თბილისის თავმჯდომარე გიორგი ტუხაშვილმა და USAID-ის დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, უილიამ დანბარმა საქართველოში დეზინფორმაციასთან ბრძოლის პირველ ინოვაციურ ტექნოლოგიებზე ისაუბრეს, wavetech.ai-ის თანადამფუძნებელმა ვატო ღუდუშაურმა და Pulsar.AI-ის წარმომადგენელმა კი დამსწრეებს პროგრამების პირველადი ვერსიები გაგვაცნეს.
DataFest Tbilisi 2021-ის მე-4 დღე მრავალი საინტერესო სპიკერით იყო გამორჩეული. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ კომპანია Identomat-ის თანადამფუძნებელი, რეზო იმნაძე, რომელმაც ბიზნესპროცესების გამარტივებისა და მათთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის მიზნით ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემების გამოყენებაზე ისაუბრა. მან ამის მაგალითად საკუთარი პროდუქტი გაგვაცნო, რომელიც კლიენტებს დისტანციური ვერიფიკაცის სერვისით უზრუნველყოფს, რასაც სწორედ Al-ის დახმარებით ახერხებს.
რეზომ აღნიშნა, რომ ამგვარად საფინანსო თუ სხვა ტიპის კომპანიებს მომხმარებელთა მომსახურება უადვილდებათ და ამისთვის ნაკლები დრო ეხარჯებათ. მისი თქმით, მართალია, ხელოვნური ინტელექტი უშეცდომო არაა, თუმცა ადამიანები უფრო მეტჯერ ცდებიან. თანაც, სისტემის გაუმჯობესება ყოველთვის შესაძლებელია, რაზეც მუდმივად მუშაობენ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ Al ავტომატიზაციის საშუალებას პატარა ბანკებსაც აძლევს, ეს კი მათ უფრო ეფექტიანად ფუნქციონირებაში ეხმარება.
მომდევნო სპიკერმა, ნიკოლოზ მამისაშვილმა გაგვიზიარა გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ და რა მიზნების მისაღწევად იყენებენ ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემების შესაძლებლობებს საქართველოს ბანკში. მისი განცხადებიუთ, ინტერნეტში დღეს არსებული მონაცემების სრულად გადმოსაწერად 181 მილიონი წელია საჭირო, მაგრამ Al-ის მეშვეობით მათი გადამუშავება უმოკლეს დროში ხერხდება. საქართველოს ბანკი ამ ტექნოლოგიებს დღემდე აქტიურად იყენებს და მსგავს ინოვაციებს მუდმივად ითვისებს, რაც მის წინსვლას განაპირობებს.
შემდეგი გამომსვლელი, ვაზგენ ჰაკობჯანიანი ონლაინ შემოგვიერთდა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე სტარტაპების გლობალურ პერსპექტივებზე გვესაუბრა. მან ყურადღება კორონავირუსის პანდემიის თანმდევ გამოწვევებზეც გაამახვილა, რამაც შედეგის მიღწევამდე გასავლელი გზა კიდევ უფრო დააგრძელა. ანი ჯანელიძემ კი ჩამოთვალა მიზეზები, თუ რატომაა ზოგი AI სტარტაპი წარმატებული, ხოლო ზოგი — არა.
ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამომსვლელი, დაჩი ჭოლაძე ქართული AI სტარტაპის — Pulsar.AI-ის გამოცდილებაზე გვესაუბრა და სტარტაპის დასაწყებად თუ ტექნოლოგიური პროდუქტის შესაქმნელად რამდენიმე გამოსადეგი რჩევა გაგვიზიარა. მისი აზრით, ხელოვნური ინტელექტის მთავარი უპირატესობა ავტომატიზაციაა, რომლის გარეშეც მეტი ადამიანური რესურსი და ძალისხმევა იხარჯება.
დაჩის განცხადებით, სტარტაპებმა მიზანში დიდი ინდუსტრია უნდა ამოიღონ და იქ არსებული პრობლემები დაინახონ, რაშიც პროფესიონალები, მენეჯერები თუ ხელმძღვანელები დაგვეხმარებიან. მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რას აკეთებენ სხვები და როგორია კონკურენცია. ასევე, შევქმნათ პროდუქტის საჩვენებელი ვერსია და ჩვენი იდეა ინვესტორებს ამ სახით გავაცნოთ. შეგვიძლია, პროდუქტი გამოცდის მიზნით ჯერ ახლობლებს შევთავაზოთ, შემდეგ კი პირველი კლიენტი მოვიძიოთ. სასურველია, გავითვალისწინოთ, რომ უარყოფითი შეფასებები და შეცდომები განვითარებასა და სწავლებაში გვიწყობს ხელს, ამიტომ ისინი ჩვენ სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ.
ფესტივალის მეოთხე დღის დასასრულს ოთხ საინტერესო მონაცემებზე დაფუძნებულ სტარტაპს გავეცანით. უფრო კონკრეტულად კი, გვქონდა საშუალება Theneo-ს, Trice-ის, GoandGrow-სა და Ensofy-ის კონცეფციებისა და მიღწევების შესახებ მათი დამფუძნებლებისგან გაგვეგო.
DataFest Tbilisi-ს ბოლო, მეხუთე დღის დღის პირველი გამომსვლელი შოთა ელკანიშვილი, Microsoft-ის კონტრაქტორი პროგრამული ინჟინერი გახლდათ, რომელმაც ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) ალგორითმების შესახებ ისაუბრა. გამოსვლა ძირითადად ტექნიკური ხასიათისა იყო. სპიკერმა პრაქტიკული რჩევაც მოგვცა და შემოგვთავაზა, რომ სისტემას საბოლოო კოდის გათვლის საშუალება მივცეთ. მისი თქმით, სისტემას, ისევე, როგორც ჩვეულებრივ სასაუბრო ენას, შეგვიძლია, ბიზნესლოგიკა მივანიჭოთ, რაც საქმეს მოაგვარებს და პროგრამული შეცდომების გამოსწორების საშუალებასაც მოგვცემს.
დატაფესტის დასკვნითი დღის კიდევ ერთი გამორჩეული გამომსვლელი არსლან გაბდულხაკოვი, ლეიბნიცის კვლევითი ცენტრის ნეირონულ და ბიჰევიორულ მონაცემთა მეცნიერი იყო. იგი ტვინიდან მონაცემების მოპოვების, მათი დამუშავებისა და ინტერპრეტაციის გზების შესახებ გვესაუბრა.
მეცნიერმა თავდაპირველადვე გვამცნო, რომ ამგვარ მონაცემებს ხშირად არ ვაწყდებით, თუმცა სფეროსა და ნეიროკომპიუტერული ინტერფეისის მზარდი პოპულარობიდან გამომდინარე, საკითხი შესაძლოა, დღევანდელი ადამიანებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
მან მონაცემების მოპოვების მეთოდის, ნეიროვიზუალიზაციის სხვადასხვა საშუალებები და მათი უპირატესობები ვიზუალურად წარმოგვიდგინა. საუბარი ელექტროფიზიოლოგიის საფუძვლებით გაგრძელდა, სადაც არსლანმა EEG (ელექტროენცეფალოგრამა) და MEG (მაგნიტოენცეფალოგრამა) მეთოდების შედარება შემოგვთავაზა.
მან ელექტროენცეფალოგრამის გადაღების პროცესში წარმოქმნილი ხმაურის, ანუ სენსორების მიერ დაფიქსირებული სიგნალების შესახებ მოგვითხრო. მისი რამდენიმე უმთავრესი წყარო შეიძლება თვალები, კუნთები და კონკრეტულად გულის კუნთი იყოს. ამგვარი ხმაური ტვინის მიერ გენერირებული არ არის და შესაძლოა, მონაცემების ანალიზის პროცესში ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს.
სპიკერმა EEG-ის მონაცემების წინასწარი დამუშავების სტანდარტული ნაბიჯების შესახებაც გვიამბო, შემდეგ კი დამუშავების მომდევნო, ყველაზე ამაღელვებელ ეტაპზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ნეირონული მონაცემების საშუალებით სხვადასხვა კითხვაზე პასუხის მიღებას და მიღებული ცოდნის გამოყენებას გულისხმობს. მართალია, ეს მონაცემები ინტერნეტში ნებისმიერი მსურველისათვის ხელმისაწვდომი არაა, თუმცა შესაძლოა, Kaggle-ის, მონაცემთა მეცნიერებისათვის განკუთვნილ პლატფორმაზე გაზიარდეს.
მონაცემთა ფესტივალის ბოლო გამომსვლელი ლევან შუღლიაშვილი, EPAM-ის უფროსი დეველოპერი იყო, რომელმაც პრაქტიკაში ღრმა დასწავლის კარკასული კონსტრუქციების შეთავსებადობაზე გვიამბო. მისი გამოსვლა კონკრეტულად სფეროში მოღვაწე ადამიანებისათვის განკუთვნილი, ტექნიკური ხასიათისა გახლდათ და სფეროს პროფესიონალებისთვის ინფორმატიული იყო.
DataFest Tbilisi 2021 ნინო მაჭარაშვილის, პროექტის ერთ-ერთი თანადამფუძნებლის სიტყვით დაიხურა, სადაც მან ფესტივალის მიზნებისა და მიღწეული შედეგების შესახებ ისაუბრა და ასევე, მოგვიწოდა, ფესტივალის დასრულების შემდეგ კოქტეილებისთვის ღვინის ქარხანაში გადაგვენაცვლა.
DataFest Tbilisi უკვე ხუთი წელია ტარდება. ეს არის ღონისძიება, რომელიც პანდემიის პირობებშიც არ კარგავს მოქნილობასა და სურვილს, მსოფლიოში არსებული უახლესი ტენდენციები გააცნოს მონაცემებით დაინტერესებულ აუდიტორიას. DataFest Tbilisi-ს გუნდი, რომელიც უმეტესად მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია "ფორსეტის" თანადამფუძნებლებისა და თანამშობლებისგან შედგება, უკვე მეხუთე წარმატებულ ფესტივალს ითვლის. წინ კი კიდევ უამრავი წელი, მონაცემებით დაინტერესებული უამრავი ადამიანი და ბევრი მნიშვნელოვანი თემაა. როგორც ნინო მაჭარაშვილმა აღნიშნა, DataFest Tbilisi არის ღონისძიება, რომლის დამსწრეები წლიდან წლამდე ფესტივალის სპიკერებად გვევლინებიან და შესაძლოა, დატაფესტის ორგანიზატორთა შორისაც აღმოჩნდნენ.
ჩვენ კი, ღონისძიების დასრულების შემდეგ, ტორტის ნაჭრითა და ღვინით ხელში ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს, DataFest Tbilisi მონაცემებითა და ტექნოლოგიებით ჩვენსავით დაინტერესებულ უამრავ ადამიანს ისევ შეგვახვედრებს.
კომენტარები