ბრიტანეთში უძველესი რომაული ჯვარცმის ფიზიკური მტკიცებულება აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა დიდ ბრიტანეთში კაცის ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომელსაც ქუსლში ლურსმანი ჰქონდა. მკვლევრების თქმით, ეს ევროპაში რომაელთა ჯვარცმის პირველი ფიზიკური მტკიცებულებაა და ის დაახლოებით 1 900 წლის წინანდელია.
ჩონჩხი არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ვია დევანას მახლობლად, რომელიც რომაულ დასახლებად ითვლება კემბრიჯში. აღმოჩენის დეტალები ოთხშაბათს გამოქვეყნდა ჟურნალ British Archaeology-ში.
ბოლო გათხრებმა გამოავლინა რომაული ეპოქის სამარხები, რომლებიც პატარა სასაფლაოებში იყო თავმოყრილი. მკვლევრების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ერთმა ინდივიდმა, რომელსაც აღმოაჩნდა, რომ ლურსმანი მარჯვენა ქუსლის ძვალში ჰქონდა.
ჩონჩხის ირგვლივ 12 ლურსმანის აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ ის ჯვარცმისას ძალით მიამაგრეს ხის კონსტრუქციას. ეს სიკვდილით დასჯის ჩვეულებრივი ფორმა იყო ამ დროისთვის, თუმცა ხშირად ადამიანებს ჯვარზე აკრავდნენ და ლურსმნით არ აჭედებდნენ.
აქამდე არქეოლოგებმა 1968 წელს ჩრდილოეთ იერუსალიმში აღმოაჩინეს ჯვარცმის ლურსმანი, რომელიც ძვალთან ერთად იპოვეს. ასევე, იტალიასა და ეგვიპტეში აღმოაჩინეს ორი ჩონჩხი ქუსლებზე ძალიან საეჭვო ნახვრეტებით, მაგრამ ლურსმნის პირდაპირი მტკიცებულება არ იყო.
"ახალი აღმოჩენა შეიძლება უტყუარი მტკიცებულება არ არის, რომ ადამიანი ჯვარს აცვეს, მაგრამ ეს მისი ერთადერთი სარწმუნო ახსნაა – რაც მას არქეოლოგიურ მტკიცებულებებში ჯვარცმის მეოთხე მაგალითად აქცევს", — ამბობენ არქეოლოგები.
კვლევით გამოვლინდა, რომ ჩონჩხი ეკუთვნოდა მამაკაცს, რომელიც 25-დან 35 წლამდე ასაკის იქნებოდა. მიუხედავად მისი შედარებით ახალგაზრდა ასაკისა, მას აწუხებდა კბილების მწვავე პრობლემა და ართრიტი. ასევე, როგორც ჩანს, ის ძალიან გამხდარი იყო. ეს, სავარაუდოდ, ავადმყოფობის გამო, რაც საბოლოოდ დიდი ხნის განმავლობაში ტყვეობის შედეგი იქნებოდა.
ამის ფონზე, უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ სხეული არ იყო მიტოვებული. გაურკვეველი მიზეზების გამო, როგორც ჩანს, ამ ადამიანს მიესაჯა სიკვდილი, მაგრამ შემდეგ ფრთხილად დაიკრაძალა სხვა ადამიანებთან ერთად, რაც უცნაურია.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები