რა იწვევს სიზმარში ტკივილს და ნამდვილად შევიგრძნობთ თუ არა მას?
სიზმრები არარეალისტური სცენარებით, უცნაური გამოცდილებებითა და შეგრძნებებით ხშირად გვანებივრებს. შესაძლოა, პროცესში არაერთი დრამატული, მტკივნეული სიტუაცია განვითარდეს, თუმცა მის რა ნაწილს განვიცდით რეალურად, კვლავაც საკითხავია.
როგორ ფიქრობთ, თუკი კოშმარში ხის ქვეშ მოვყევით და ტკივილისაგან გავკივით, ვგრძნობთ თუ არა ამას? შეგვიძლია თუ არა სიზმარში ტკივილი შევიგრძნოთ? ამ კომპლექსური საკითხის გარშემო არაერთი საინტერესო კვლევა იყრის თავს, ზოგადი დასკვნის მიხედვით კი — დიახ, სიზმარში ტკივილის შეგრძნება შეგვიძლია, თუმცა მას სიზმარი იწვევს და სხეულში მიმდინარე რაიმე ფიზიკური მოვლენა, საკმაოდ დიდი თავსატეხია.
ვგრძნობთ თუ არა ტკივილს სიზმარში? — რეალური და დასიზმრებული ტკივილი
შესაძლოა, სიზმრებში ტკივილს რეალურ ცხოვრებაში განვითარებული მტკივნეული მოვლენის გამო ვგრძნობდეთ — მაგალითად, თუ ძილში კრაზანა მოგვეპარა და გვიკბინა. ამგვარი გამოცდილების შესასწავლად 1993 წელს კვლევა ჩატარდა, რომელშიც ტკივილი წნევის აპარატებით გამოიწვიეს. მონაწილეები ამ დროს ძილის თვალების სწრაფი მოძრაობის (REM) ფაზაში გახლდნენ.
ასევე იხილეთ: ძილის მეცნიერება — რატომ გვძინავს და რა ხდება ამ დროს ჩვენს ორგანიზმში.
ამ შემთხვევაში, მონაწილეთა მიერ განცდილი ტკივილი რეალურ ცხოვრებაში არსებულ ტკივილს წარმოადგენდა, რომელიც წნევის აპარატის მოჭერამ განაპირობა. სიზმრის თემები ამ დისკომფორტის გარშემო ბრუნავდა, მონაწილეები კი ბრაზსა და ტკივილის შესამსუბუქებელ, განმეორებად ქმედებებზე საუბრობდნენ. აღსანიშნავია, რომ მუხლის პრობლემის მქონე მონაწილე სიზმრებში სხვებთან შედარებით უფრო ძლიერ ტკივილს განიცდიდა.
რეალურია თუ არა ტკივილი სიზმრებში?
დასიზმრებული ტკივილი რეალურისაგან იმით განსხვავდება, რომ მისი წყარო სიზმარში მიმდინარე მოვლენებია და არა რეალურ ცხოვრებაში არსებული რაიმე სახის ზემოქმედება. დასიზმრებული ტრავმა იმ მომენტში მაინც ტკივილად აღიქმება და, სავარაუდოდ, მტკივნეულ სიტუაციათა დასწავლილი აღქმებითაა განპირობებული. როგორც წესი, დასიზმრებული ტკივილი მაშინვე ადამიანის გაღვიძებისთანავე ქრება.
"ვიტყოდი, რომ "რეალური" ტკივილიც კი, ასე თუ ისე, მხოლოდ ჩვენს თავშია", — განაცხადა ერინ უამსლიმ, ფსიქოლოგიის ასისტენტ პროფესორმა ფურმანის უნივერსიტეტში.
როდესაც სადმე ფიზიკური ჭრილობა გვაქვს, ტკივილი ტვინში მუშავდება და არა სხეულის დაზიანებულ ნაწილში. ამ კონტექსტში რომ განვიხილოთ, იგი თავის ტვინის ქერქში ტკივილთან დაკავშირებული ადგილების გააქტიურებას წარმოადგენს, რასაც პერიფერიულ ნერვულ სისტემაში ტკივილის რეცეპტორებისაგან მიღებული ინფორმაცია იწვევს. როდესაც სიზმრებში დასიზმრებული ტკივილი ვითარდება, დიდი ალბათობით, ტვინი ტკივილის სიგნალებს არა სხეულის ნაწილებიდან, არამედ წარსულში არსებული ტკივილის მოგონებებიდან მოიპოვებს.
არსებობს თუ არა დასიზმრებული ტკივილისაკენ მიდრეკილება?
როდესაც საქმე ღამისეული ტკივილისადმი მიდრეკილებას ეხება, როგორც ჩანს, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიზმარში განცდილი ტკივილის ბუნებასა და სიხშირეზე გარკვეულ გავლენას ნამდვილად ახდენს. 2017 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ტკივილი ჯანმრთელ ადამიანთა სიზმრების მხოლოდ ერთ პროცენტში ვითარდება, ხოლო სიზმართა 30 პროცენტში კი მათთან, ვინც ძლიერ ტკივილებს ხშირად განიცდის.
"პაციენტებში მტკივნეული სიზმრები შესაძლოა, რეალური ტკივილისაგან იყოს გამოწვეული, ჯანმრთელი ადამიანების შემთხვევაში კი შეიძლება, ეს ტკივილის (რომელიც თავად განიცადეს ან/და სხვა ადამიანის ყურებით აღიქვეს) მოგონებებს უკავშირდებოდეს", — წერენ კვლევის ავტორები.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, ძილის დროს ტკივილის გადამუშავების საკითხი დამატებითი კვლევებით უნდა იქნას შესწავლილი. ამასთანავე:
"ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტები ნეგატიურ სიზმრებს ხშირად ხედავენ, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ პაციენტებს თავიანთი გამოცდილების შესახებ ჩავეკითხოთ და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის სპეციალური ვარიანტებიც შევთავაზოთ".
დასკვნა: შეგვიძლია თუ არა, სიზმრებში ტკივილი შევიგრძნოთ? დიახ, თუმცა, ალბათ, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის ცოდნა დაგვჭირდება იმის დასადგენად, რეალურია იგი თუ დაგესიზმრათ.
კომენტარები