ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ საქართველოს ისტორიაში, ბოლო წლებში, არ ახსენდება "ისეთი მასშტაბების მქონე ადამიანი", როგორიც მისი პარტიის დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილია. ისტორიის სახელმძღვანელოში ივანიშვილის ბიოგრაფიის ჩამატებას კტიტიკა მოჰყვა, თუმცა სარჯველაძის აზრით, ივანიშვილის ქველმოქმედება იმსახურებს ისეთ დაფასებასა და პატივისცემას, რომელიც მას ისტორიაში ადგილს არგუნებს.

"ასეთი მასშტაბების მქონე ადამიანი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, ბოლო ხანებში საქართველოში მართლა ძნელად მაგონდება. უბრალოდ, ვინ შეიძლება იყოს შეყვანილი, თუ არა ბიძინა ივანიშვილი სწორედ ისტორიის სახელმძღვანელოში. თუნდაც მის მიერ განხორციელებული უზარმაზარი ქველმოქმედება ჩვენი ქვეყნის ყველაზე მძიმე პერიოდში, რასაკვირველია, რომ იმსახურებს ისეთ დაფასებასა და ისეთ პატივისცემას, რომელიც არგუნებს მას, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში...", — განაცხადა მან.

განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულ ისტორიის სახელმძღვანელოებში ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია შეიტანეს. დიოგენეს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილი ცნობილ ქველმოქმედად და მეცენატადაა მოხსენიებული. გამომცემლობა ლოგოსპრესი კი, მოსწავლეებს ივანიშვილის შედარებით ვრცელ ბიოგრაფიას სთავაზობს და წერს, რომ ის ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და ქველმოქმედია, ხოლო პოლიტიკაში მოსვლამდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღდგენის პროექტებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს აფინანსებდა. ამასთანავე, წიგნში წერია ინფორმაცია მისი დაარსებული ბანკების შესახებაც.

გარდა ამისა, სახელმძღვანელოებში საუბარია ვარდების რევოლუციასა და რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდზე. წიგნებში 2012 წლის მოვლენები დადებითადაა შეფასებული და წერია, რომ ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად ევროპული კურსი არათუ შეიცვალა, არამედ, უფრო მეტად გაღრმავდა.

გაიგე მეტი: