მოძრავი კინოთეატრი — ორი გოგოს ინიციატივა დმანისის სოფლების გამოცოცხლებისთვის
"ამ ზაფხულს კინოჩვენება დავგეგმეთ ერთ-ერთ სოფელში, ბავშვებმა გვთხოვეს ანიმაციური ფილმის გაშვება, მაგრამ ვერსად ვიშოვეთ თეთრი ეკრანი. არადა, ხალხი გველოდებოდა, ვერ ჩავშლიდით ამ ამბავს. უცებ მოვიფიქრეთ და საბნის ორი თეთრი კონვერტი ერთმანეთზე გადავაბით, კარგად დავჭიმეთ, ფერადი ნათურები შემოვავლეთ და პროექტორი მივაშუქეთ. ახლა ამას სიცილით ვიხსენებთ, მაგრამ მაშინ მივხვდით, რომ ასე გაჩერება არ შეიძლებოდა, უნდა გვემოქმედა. ჰო და, პროექტიც დავწერეთ და დაფინანსებაც მივიღეთ", — გვიყვება სოფო დევნოზაშვილი დმანისის რაიონის სოფელი განთიადიდან.
სოფო დევნოზაშვილი და მარიამ დაუთაშვილი "მოძრავი კინოთეატრის" პროექტის ავტორები არიან. ისინი სოფელ-სოფელ ერთად დადიან და ახალგაზრდებისთვის კინოჩვენებებს მართავენ. თავიდან ყველა საჭირო ინვენტარი ნათხოვარი ჰქონდათ, ამიტომ ჩვენებებს ხშირად ვერ აწყობდნენ, შემდეგ კი პროექტი დაწერეს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით დაფინანსება მიიღეს და პროექტორი, დინამიკი, ეკრანი და სხვა საჭირო ნივთები შეიძინეს.
"ჩვენ დმანისის ახალგაზრდული ორგანიზაციის, 'პირველი ევროპელის' წევრები ვართ და დიდი ხანია, რაც კინოჩვენებებს ვმართავთ ბავშვებისთვის. აქამდე ყველა ინვენტარი, რასაც ვიყენებდით, ნათხოვარი იყო. მერე კი დადგა საჭიროება, ჩვენი გვქონოდა. ისედაც, შორ მანძილზე რომ ვიღაცის ნივთი მიგაქვს, პასუხისმგებლობაც დიდია და თან შეიძლება საჭირო მომენტში ხელმისაწვდომიც არ იყოს", — გვიამბობს სოფო.
ასე შეძლეს და ამ ზაფხულს განთიადსა და მიმდებარე სოფლებში ათი კინოჩვენება მოაწყვეს. თავიდან ბავშვებისთვის ანიმაციებს უშვებდნენ დიდ ეკრანზე, შემდეგ კი სხვადასხვა თემატიკაზე გადაღებული ფილმებიც გააცნეს ადგილობრივებს, მათ შორის — კინოსურათები ოკუპაციაზე, გარემოსდაცვით ღონისძიებებზე, ადრეულ ქორწინებაზე, გენდერულ თანასწორობასა და სხვა თემებზე. სოფო და მარიამი ფილმებს იმის მიხედვით არჩევენ, თუ სად ჩადიან და რა საჭიროებები და ინტერესები აქვთ იქაურებს.
"გაეროს განვითარების პროგრამის მიერ პროექტის დაფინანსებამ მაქსიმალურად პოზიტიურად შეცვალა ჩვენი საქმიანობა. თუ აქამდე ზუსტად ვერ ვგეგმავდით ჩვენს აქტივობებს, ახლა, როცა ჩვენი ინვენტარი გვაქვს, თავისუფლად ვახერხებთ ყველაფრის ორგანიზებას ჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე. ამ პროექტმა გაგვხადა უფრო ნაყოფიერები, შეგვიძლია მეტი ჩვენება გავმართოთ. ასეც მოხდა, მთელი ზაფხული დავდიოდით სოფლებში. ბავშვების სიხარული კი ჩვენთვის მამოტივირებელი იყო. ბევრ სოფელში ბავშვები ძალიან გაკვირვებულები უყურებდნენ ინვენტარს, არ იცოდნენ, რა იყო, პირველად უყურებდნენ ფილმს დიდ ეკრანზე და კინოჩვენების დასრულების შემდეგ უკან მალე დაბრუნებას გვთხოვდნენ", — გვიამბობს მარიამი და ამატებს, რომ ეს მათთვისაც დიდი სიხარულის მომტანია.
გოგოები აღნიშნავენ, რომ ისინი მხოლოდ ფილმის ჩვენებას კი არ აწყობენ, არამედ ახალგაზრდებისთვის მყუდრო, ლამაზ გარემოსაც ქმნიან, ფილმის დასასრულს კი აუდიტორიასთან დისკუსიას მართავენ.
ისინი მიიჩნევენ, რომ კინოჩვენებებმა სოფლები გამოაცოცხლეს. "აღარ არის მონოტონური გარემო. აქაურ ახალგაზრდებს დიდ ეკრანზე ფილმების ყურების შესაძლებლობა არ აქვთ. ზოგს ფილმის სანახავად ქალაქში წასვლა უწევს, ზოგს კი ამის საშუალებაც კი არ აქვს. გარდა ამისა, პანდემიის გამო სტრესული გარემო შეიქმნა და ეს ღონისძიებები ერთგვარი განტვირთვა გამოდგა მშობლებისთვისაც და პატარებისთვისაც", — ამბობს სოფო.
თითო კინოჩვენებაზე თითო სოფელში ოცდაათი ადამიანი მაინც იყრის თავს. პანდემიის გამო ორგანიზატორებმა ღია სივრცეში ამჯობინეს კინოჩვენებების გამართვა, თანაც, როგორც ამბობენ, სოფლებში ისედაც არ არის შენობები, სადაც ყველა მოიყრის თავს. "სანამ ჩვენებას დავიწყებთ, ყველა ცდილობს ახლოს მოვიდეს, ხელს უსვამენ ნივთებს, აინტერესებთ ყველაფერი, ძალიან ემზადებიან, ერთი საათით ადრეც კი მოდიან ჩვენებაზე", — გვიამბობს სოფო და მიიჩნევს, რომ ეს პროექტი გადამდები იქნება სხვა ახალგაზრდებისთვისაც და მეტ მოტივაციას გაუჩენს მათ.
"ეს ბავშვები ნელ-ნელა იზრდებიან და ვიცით, რომ სხვა პროექტებიც როცა გვექნება, მხარში დაგვიდგებიან, გააგრძელებენ ამ საქმეს. მათ უნდა ნახონ, რომ აქ ვიღაც აქტიურია, რათა თავადაც მოუნდეთ რაღაცის კეთება. ისინი უკვე იჩენენ ინიციატივას, თავად გვთხოვენ ამა თუ იმ ფილმის გაშვებას. თანაც, თითქმის ყველა სოფელში გვყავს მოხალისე, რომელიც ინფორმაციის გავრცელებასა და კინოჩვენების ორგანიზებაში გვეხმარება", — ამატებს მარიამი და იმასაც იხსენებს, რომ ის და სოფო პირველი მოხალისეები იყვნენ დმანისში, ახლა კი იქ მოხალისეთა კლუბიც არსებობს, რომელიც ბევრ ახალგაზრდას აერთიანებს.
გოგოებს კინოჩვენების მოწყობის იდეა დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუჩნდათ. სოფელ განთიადში 90-იან წლებში კინოთეატრი ფუნქციონირებდა, რომელიც მერე დაიშალა, გაიძარცვა და დანგრევის პირას მივიდა. სოფოს და მარიამს მშობლების თაობისგან ხშირად ესმოდათ, რამდენად ბევრ ადამიანს იტევდა შენობა და როგორ ქმნიდა იგი რეგიონის კულტურულ ამინდს. გოგოებმა საქმიანობა ჯერ ღია ცის ქვეშ კინოჩვენებებით დაიწყეს, ახლა კი კინოთეატრის აღდგენაც დაისახეს მიზნად.
"მულტიფუნქციური შენობები მხოლოდ დმანისშია, სხვაგან — ნაკლებად. განთიადთან ახლოს ბევრი დიდი სოფელია, ამიტომ თუ ჩვენ გვექნება სივრცე, სადაც კინოჩვენებებსაც მოვაწყობთ და სხვა ღონისძიებებსაც გავმართავთ, ჩვენი აზრით, ამ სოფლებისთვისაც კარგი იქნება", — ამბობს სოფო.
მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი კინოთეატრის შენობა ახლა ავარიულია, გადახურვა სჭირდება და გაძარცვულია, ის მაინც კარგი ადგილია, რადგან სივრცე დიდია და მისი აღდგენა შესაძლებელია.
"ჩვენი იდეა თავიდანვე ეს იყო — ბავშვობიდან კინოთეატრის აღდგენის დიდი სურვილი გვამოძრავებს. გაეროს განვითარების პროგრამის მიერ პროექტის დაფინანსება ჩვენთვის დიდი მოტივაციაა. ეს გვაძლევს ძალას, ჩვენი შემდეგი გეგმა — კინოთეატრის აღდგენა — სისრულეში მოვიყვანოთ. ახლა აღარ ვაპირებთ გაჩერებას", — გვიამბობს მარიამი და მიიჩნევს, რომ ეს სივრცე ახალგაზრდებს სჭირდებათ.
გოგოებს კიდევ ბევრი გეგმა აქვთ, რაც მთავარია, მათ უკვე შექმნეს პრეცედენტი და სათემო პროექტებით ადგილობრივების საჭიროებების დაკმაყოფილების, ახალგაზრდებზე ორიენტირებული აქტივობების და მოქალაქეთა ინიციატივების მნიშვნელობა წინ წამოწიეს.
19 ნოემბერს UNDP-ის ხელმძღვანელი, ნიკ ბერესფორდი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი ქვემო ქართლის რეგიონს ეწვივნენ და რამდენიმე ადგილობრივი პროექტის, მათ შორის მოძრავი კინოთეატრის შედეგებს გაეცნენ.
"ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენ მოვინახულეთ ის პროექტები, რომლებსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ვხედავ დინამიკურობას, ენთუზიაზმს ახალგაზრდებში, რომლებიც ქმნიან ღირებულ რესურსებს საკუთარი საზოგადოებისთვის. ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელება მნიშვნელოვანია ადგილობრივი განვითარებისთვის. ხშირად მცირე დახმარებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ახალგაზრდული ენთუზიაზმი და ახლებური ხედვა კონკრეტულ შედეგებში გადაიზარდოს და სოციალური გარემოს გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი", — განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა, ნიკ ბერესფორდმა.
"ეს არის ერთ-ერთი სამოდელო, საჩვენებელი პროექტი, როგორ შეიძლება ითანამშრომლონ ახალგაზრდებმა, ადგილობრივმა თემმა, თვითმმართველობებმა საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ. ვფიქრობ, კიდევ არაერთი ასეთი ტიპის პროექტი განხორციელდება და მხარდაჭერილი იქნება ყველა დონეზე, რათა გაიზარდოს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა, მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში", — ამბობს მზია გიორგობიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.
მისი თქმით, საზოგადოებისგან წამოსული იდეების ზოგადი დინამიკა მზარდია, იზრდება მათი რაოდენობა, რეგიონებში ადგილობრივები წარადგენენ მეტად მრავალფეროვან იდეებს, იცვლება დამოკიდებულებები და პროექტების შინაარსი, რაც, საბოლოოდ, დეცენტრალიზაციას უწყობს ხელს.
"ეს პროექტები ყოველდღიური ცხოვრების ან პირობების გაუმჯობესებაზე კი აღარაა მიმართული, არამედ ისინი სხვა განზომილებაშია გადასული. ინიციატივები სათემო განვითარებაზე, სოციალიზაციაზე და არაფორმალური, არატრადიციული ტიპის განათლების მიღების სურვილზეა მორგებული", — დასძენს მზია გიორგობიანი.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), დანიის მთავრობის დაფინანსებით, მხარს უჭერს სოციალური ანგარიშვალდებულებისა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშემწყობი პროექტების განხორციელებას საქართველოს ექვს რეგიონში (გურია, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და ქვემო ქართლი). ამ საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული ადგილობრივი პროექტების მთლიანმა ღირებულებამ 315,000 აშშ დოლარი შეადგინა.
კომენტარები