ახალი კვლევის თანახმად, ელექტროსიგარეტის მოწევა ერექციული დისფუნქციის რისკს ზრდის
შესაძლოა, ერექციული დისფუნქციის განვითარების რისკი ელექტროსიგარეტის მომხმარებლებში დაახლოებით ორჯერ უფრო მაღალი იყოს, ვიდრე მათში, ვისაც იგი არასოდეს გამოუყენებია. ახალი კვლევა ჟურნალ American Journal of Preventative Medicine-ში გამოქვეყნდა და გამოკვეთს, რომ ელექტროსიგარეტის მოწევისა და იმპოტენციის კავშირი არ არის დამოკიდებული ასაკზე, კარდიოვასკულარულ ჯანმრთელობასა და მის გამომწვევ სხვა რისკფაქტორებზე.
ფართოდაა ცნობილი, რომ სიგარეტის მოწევა ერექციულ დისფუნქციას იწვევს, თუმცა ნათელი არ იყო, ასეთივე რისკს ელექტრონული სიგარეტებიც თუ შეიცავდა. ამის გასარკვევად კვლევის ავტორებმა აშშ-ში 20 წელს გადაცილებული 13 711 კაცის მონაცემები შეაგროვეს. ისინი აქამდე სახელმწიფოს მასშტაბით Population Assessment of Tobacco and Health (PATH) კვლევაში იღებდნენ მონაწილეობას.
მონაწილეთა 20 პროცენტზე მეტს გარკვეული დონის ერექციული დისფუნქციის გამოცდილება ჰქონდა, თუმცა ელექტრონული სიგარეტის ყოველდღიურ მომხმარებლებს იგივე პრობლემა 2,4-ჯერ უფრო ხშირად აწუხებდათ, ვიდრე მათ, ვისაც იგი არასოდეს გამოუყენებია.
შემდეგ ანალიზი მეცნიერებმა შედარებით პატარა ჯგუფზე ჩაატარეს. იგი 20-65 წლის 11 207 მამაკაცისაგან შედგებოდა, რომელთაც არანაირი კარდიოვასკულარული დაავადება თუ ერექციული დისფუნქციის რისკფაქტორი არ ჰქონიათ. ამ ჯგუფის შემთხვევაში ერექციული დისფუნქცია მონაწილეთა 10,2 პროცენტს აღენიშნებოდა, თუმცა ელექტროსიგარეტის მომხმარებლები აქაც 2,2-ჯერ უფრო მეტად გახლდნენ მიდრეკილნი სქესობრივი პრობლემებისაკენ, ვიდრე ისინი, ვისაც იგი არასოდეს გამოუყენებიათ.
"ელექტროსიგარეტს მოწევისაგან მიღებული ზიანის შესამცირებლად თუ მოწევის შესაწყვეტად უამრავი ადამიანი იყენებს, ამიტომაც ელექტროსიგარეტსა და ერექციულ დისფუნქციას შორის არსებული კავშირები, ასევე კაცის სქესობრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შესაძლო გართულებები საფუძვლიანად უნდა შევისწავლოთ", — განაცხადა კვლევის ავტორმა ომარ ელ შაჰავიმ.
ასევე იხილეთ: მწეველებს 80%-ით მეტი შანსი აქვთ, რომ COVID-19-ის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდნენ.
"ჩვენი კვლევების ფარგლებში მონაწილეებში სიგარეტის მოწევის ისტორია აღირიცხა. მათ შორის ისეთებიც იყვნენ, ვისაც თავიდან ჩვეულებრივი სიგარეტი არასოდეს მოუწევიათ, ასე რომ შესაძლებელია, ელექტროსიგარეტის ყოველდღიური მოხმარება ერექციული დისფუნქციის უფრო მაღალ რისკებთან ასოცირდებოდეს, მიუხედავად ადამიანის მოწევის ისტორიისა", — ამბობენ კვლევის ავტორები.
მონაცემთა უფრო ღრმა ანალიზით გამოვლინდა, რომ ელექტრული სიგარეტისა და ერექციული დისფუნქციის კავშირი ასევე რეალურია ნორმალური სხეულის მასის ინდექსის მქონე მონაწილეებშიც, რომელთაც გულის დაავადების ისტორია არ ჰქონიათ, ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ელექტროსიგარეტის მოხმარება იდეალური ჯანმრთელობის მქონე პირებისთვისაც კი მაღალი რისკის შემცველია.
როგორც მეცნიერები გვიხსნიან, ნიკოტინი სისხლძარღვების გაფართოებას უშლის ხელს და სისხლის მიმოქცევას აფერხებს, რაც ერექციული დისფუნქციის წინაპირობას წარმოადგენს. სიგარეტების მსგავსად, ნიკოტინს ელექტროსიგარეტის ზოგიერთი სითხეც შეიცავს, თუმცა ბევრი არა. ავტორები აღნიშნავენ, რომ ასეთი უნიკოტინო სიგარეტებიც კი მღრღნელებში ორ ისეთ ენზიმს თრგუნავს, რომელიც სტეროიდთა სინთეზირებისთვისაა საჭირო, რაც ტესტოსტერონის შემცირებას იწვევს.
მათი მიგნებები შემაშფოთებელია, თუმცა მკვლევრები აღნიშნავენ, რომ კვლევა თვითანგარიშისაგან მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა, რაც შესაძლოა, ყოველთვის ზუსტი არ იყოს. მათ ასევე არ გაუთვალისწინებიათ ანტიდეპრესანტების მსგავსი სხვა მედიკამენტების შესაძლო გავლენა, რომელსაც ჯგუფის წევრთა ნაწილში ერექციული დისფუნქციის გამოწვევა შეეძლო.
მეცნიერები აცხადებენ, რომ მათი მიგნებები დამატებითი კვლევების ჩატარების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. როგორც წესი, ელექტროსიგარეტის მოხმარება ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით უსაფრთხოა, თუმცა, სამომავლო კვლევებით უნდა შეისწავლონ, რამდენად ხდება ასე ერექციული დისფუნქციის კუთხით.
კომენტარები