მწეველებს 80%-ით მეტი შანსი აქვთ, რომ COVID-19-ის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდნენ
დიდ ბრიტანეთში მდებარე ოქსფორდის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა, გენეტიკური დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების შეჯერების გზით, მოწევასა და COVID-19-ს შორის არსებული კავშირი გამოიკვლიეს. გამოცემაში Thorax გამოქვეყნებულ ნაშრომში ისინი აცხადებენ, რომ თამბაქოს მომხმარებლები კორონავირუსით გამოწვეული დაავადების გამო საავადმყოფოში მოხვედრის მეტი რისკის ქვეშ იმყოფებიან, ვიდრე არამწეველები.
მათ მიერ გამოტანილი დასკვნა პანდემიის დასაწყისში გასაჯაროებულ კვლევას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც მოწევა პირიქით, ინფექციისგან გვიცავს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ავტორთა ნაწილი თამბაქოს მწარმოებლებთან იყო შეკრული და მათგან ფინანსურ სარგებელს იღებდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკითხი მეცნიერებს აქამდეც გაუანალიზებიათ, თუმცა მათი უმეტესობა მხოლოდ სადამკვირვებლო ხასიათის გახლდათ. ეს კი კონკრეტული მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენას ართულებდა.
ასევე, იხილეთ: რა გავლენა აქვს მოწევას თქვენს ჯანმრთელობაზე — 5 მთავარი საფრთხე
ამ დაბრკოლების გადასალახად, სპეციალისტებმა 2020 წლის იანვრიდან აგვისტოს თვემდე პერიოდის სამედიცინო ჩანაწერები, კორონავირუსის ტესტების შედეგები, ასევე, საავადმყოფოში მიმართვიანობისა და სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაცია გააერთიანეს. მათ ამისთვის დიდი ბრიტანეთის ბიობანკში არსებული 421 469 ადამიანის მონაცემები გამოიყენეს. მათგან ყველას აქამდე გენეტიკური ანალიზიც ჰქონდა ჩატარებული.
მეცნიერთა კვლევა მენდელეევის შემთხვევითობის სახელით ცნობილ მეთოდს ეყრდნობა, რომელიც რისკ-ფაქტორების გამოსავლენად გენეტიკურ ვარიანტებს შეისწავლის. ნაშრომის ავტორთა თქმით, მწეველებს 60-80%-ით მეტი შანსი აქვთ, რომ COVID-19-ის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდნენ, ხოლო 45%-ით მეტი, რომ დაინფიცირდნენ. ამასთან, ისინი კორონავირუსით გარდაცვალების რისკის ქვეშაც არიან.
მათი განცხადებით, თამბაქოს ხშირი მოხმარება ინფიცირების რისკს აორმაგებს, ჰოსპიტალიზაციისას ახუთმაგებს, სიკვდილისას კი — აათმაგებს.
კომენტარები